ბრძანება N 3985

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2026
№ დოკუმენტი 3985
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3985

23 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის: -------, --------)

2026 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №100312/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 დეკემბრის №007-344 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას. განმარტავს, რომ ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 429 716 ლარი, დღგ-ის გადამხდელად დადგომამდე 81 952 ლარი, ხოლო დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა 347 764 ლარი. აღნიშნავს, რომ დეკლარირებული იყო 220 578 ლარი და დასაბეგრი დარჩა 127 185 ლარი. ასევე დღგ-ის ჩათვლას ექვემდებარება 1986 ლარი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. განმარტავს, რომ 2022-2025 წლის პირველ მაისამდე ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 4 297 716 ლარს, ხოლო 2023 წლის სექტემბრიდან არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის ფარგლებში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 146 656 ლარი. აცხადებს, რომ ხარჯების გამოკლებით საშემოსავლო გადასახადით უნდა დაბეგრილიყო 283 059 ლარი, გამოქვითვას ექვემდებარება მასალების, საწვავის და სხვა მომსახურების ხარჯი სულ 151 462 ლარი, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით უნდა დაბეგრილიყო 131 597ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №11471 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 9 დეკემბერს გამოსცა №27047 ბრძანება და №007-344 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 121 776 ლარი, მათ შორის, გადასახადი 63 278 ლარი, ჯარიმა 28 504 ლარი და საურავი 29 994 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის №11471 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადახადო შემოწმება. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. შემოწმებისთვის წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით. შემოწმებით ირკვევა, რომ მეწარმის მიერ არასწორადაა დეკლარირებული დღგ-ის თანხები (დეკლარირება არ ემთხვევა მიღება-ჩაბარებების პერიოდებს). ასევე გამოვლინდა, რომ გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ეკუთვნოდა 2022 წლის 4 ოქტომბერს.

შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში თანხები არასწორადაა ასახული. ასევე არაა წარდგენილი 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. შეცდომაა დაშვებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის 2024 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციაში, გაზრდილია ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 89-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებითა და ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მეწარმის მიერ არასწორადაა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დეკლარირება არ ემთხვევა მიღებაჩაბარებების პერიოდებს). გამოვლინდა, რომ გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ეკუთვნოდა 2022 წლის 4 ოქტომბერს. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არასწორადაა ასახული თანხები და არ არის წარდგენილი 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. შეცდომითა წარდგენილი 2024 წლის ოქტომბრის თვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დეკლარაცია, კერძოდ, გაზრდილია ბრუნვა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, 1986 ლარის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მისაღები ჩათვლა სრულად იქნა გათვალისწინებული შემოწმების შედეგებში, რაც ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითაც. ასევე, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ამდენად, გადასახადის გადამხდელის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადახადო შემოწმება. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. შემოწმებისთვის წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით. შემოწმებით ირკვევა, რომ მეწარმის მიერ არასწორადაა დეკლარირებული დღგ-ის თანხები (დეკლარირება არ ემთხვევა მიღება-ჩაბარებების პერიოდებს). ასევე დადგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო თარიღი.

შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და კუთვნილი ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში თანხები არასწორადაა ასახული. ასევე არაა წარდგენილი 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. შეცდომაა დაშვებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის 2024 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციაში, გაზრდილია ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და კუთვნილი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 90; 102; 105; 159;