ბრძანება N 23326

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.10.2026
№ დოკუმენტი 23326
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23326

16 ოქტომბერი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)2026 წლის 22 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 სექტემბრის №27872/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2026 წლის 22 ივნისის №103014/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №041-32 სგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 თებერვლის №3475 და 2026 წლის 11 მაისის №10507 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 13 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 27 მაისის №11542 ბრძანება და ამავე თარიღის №041-32 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 14 ივლისის №16117 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 16 სექტემბრის №27872/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16117 ბრძანება და საჩივარი, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებული ფასნამატის შესწავლის და შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის განსაზღვრის საკითხების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 სექტემბრის №27872/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რაც შეადგენდა მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 42%-ს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საცალოდ რეალიზებულ სასაქონლომატერიალური მარაგებზე შემოწმებით გავრცელდა აუდირებული 67,84%-იანი ფასნამატი.

საბჭო მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-20 მუხლით განსაზღვრულ ფასნამატების გამოყენების რიგითობაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შესწავლას საჭიროებს გამოყენებული ფასნამატის სახეობის აღნიშნულ მეთოდურ მითითებასთან შესაბამისობის საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის განსაზღვრის საკითხზე, შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირველი სადავო საკითხის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის განსაზღვრა) შედეგებმა, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

დარიცხული თანხა: 155 850 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 102 135

დღგ - 27 733

საშემოსავლო გადასახადი - 74 402

ჯარიმა - 49 795

საურავი - 3 920

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს „-------“ (ს/კ „-------“) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 2 აპრილს და ამავე თარიღში მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ფეხსაცმლით. გადასახადის გადამხდელთან 2026 წლის 23 თებერვლის №4014 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 379 873 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. საწარმო აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, რომლის მიხედვითაც კომპანიის ფასნამატი შეადგენს 26%-ს, თუმცა არ ახორციელებდა საცალოდ რეალიზებული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერას. შემოწმებამ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე გაავრცელა აუდირებული (67.84%-იანი) ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით), რომელმაც შეადგინა 373 995 ლარი, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 154-ე და 159-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული ფასნამატის გამოთვლის მეთოდოლოგია, საქონლის ჯგუფების ანალიზი, გაანგარიშების ცხრილი და საფუძველი თუ რატომ იქნა გამოყენებული 67.84%-იანი ფასნამატი. მიუთითებს, რომ ბუღალტრული მონაცემების თანახმად, საწარმოს ფასნამატი შეადგენს 26%-ს და შემმოწმებლის მიერ გამოყენებული ფასნამატის მაჩვენებელი დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფასნამატის ხელახალ გაანგარიშებას.

ასევე, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი დირექტორისთვის თანხის ფაქტობრივად გადაცემის მტკიცებულება. მომჩივანი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადების გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული დებიტორული დავალიანება, რომელიც არსებობდა 2023 წლის დასაწყისში, წარმოიშვა 2021 წლიდან განხორციელებული რეალიზაციიდან და მათი დაფარვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 2023-2026 წლებში მიღებულ ახალ შემოსავლად. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხა ეკონომიკური შინაარსით წარმოადგენს სესხს. შესაბამისად, ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას და გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხის სესხად კვალიფიკაციას.

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ არგუმენტზე, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-20 მუხლით განსაზღვრულია ფასნამატების გამოყენების რიგითობა და არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შესწავლას საჭიროებს გამოყენებული ფასნამატის სახეობის აღნიშნულ მეთოდურ მითითებასთან შესაბამისობის საკითხი.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ საწარმოს ბუღალტრული მონაცემების თანახმად ფასნამატი შეადგენს 26%, ასევე, შესაძლებელია დადგინდეს დოკუმენტური ფასნამატი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების/დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა)დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების/დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას და გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხის სესხად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 2 აპრილს და ამავე თარიღში მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ფეხსაცმლით. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 379 873 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. საწარმო აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, რომლის მიხედვითაც კომპანიის ფასნამატი შეადგენს 26%-ს, თუმცა არ ახორციელებდა საცალოდ რეალიზებული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერას. შემოწმებამ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შედეგად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა,რომელმაც შეადგინა 373 995 ლარი, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების/დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,163,164.