ბრძანება N 9317

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.04.2024
№ დოკუმენტი 9317
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9317

22 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 3 და 6 ნოემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 3 ნოემბრის №84655/1/2023 და 6 ნოემბრის №84689/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №031-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკმარისი საფუძვლები და თუ მაინც სხვა რაიმე ფაქტობრივი გარემოებებით გამოვლინდა საქონლის არ არსებობა, ითხოვს გამოვლენილი დანაკლისის აღმოჩენის მომენტში მიწოდებად განხილვას და კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტმა წარუდგინა გაანგარიშების პროექტი, რომელიც თითქმის ემთხვეოდა გადამხდელის გაანგარიშებას, მაგრამ შემდგომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გასაცნობად გაიგზავნა შეცვლილი გაანგარიშება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა უკვე გავლილი გაანგარიშებისგან. ასევე, მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმებით დადგენილი გარემოება, თითქოს საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გარკვეული კატეგორიის საქონელზე უფიქსირდებოდა შეძენაზე მეტი რაოდენობრივი რეალიზაცია არ შეესაბამება რეალობას. დამატებით აცხადებს, რომ არასაფუძვლიანად გაზრდილი დღგის ბრუნვის შედეგად, ასევე, არასწორად გაიზარდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ოდენობა, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს სალაროს ნაშთის საკითხი და ზენორმატიული ნაშთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში დაკვალიფიცირდეს დირექტორზე გაცემულ სესხად.

2. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოემები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6537 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 28 დეკემბრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 ოქტომბრის №24734 ბრძანება და ამავე თარიღის №031–24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 63 490 ლარი, მათ შორის გადასახადი 31 653 ლარი, ჯარიმა 24 963 ლარი და საურავი 6 874 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 30 ნოემბრის №29835 ბრძანებით შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 10 აპრილის №21644/2/2023 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ნოემბრის №29835 ბრძანება და საჩივრები, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 აპრილის №21644/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს საქმიანობაა სურსათით საბითუმო ვაჭრობა ქალაქ -------, -------. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებდა. 2022 წლის 28 აპრილს გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა. სალაროსა და სმფ-ის ნაშთის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები 18 ჯგუფისათვის. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაუკავშირდა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასს და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი. შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთს (0 ლარი) დაემატა დოკუმენტური შეძენა და გამოაკლდა დეკლარირებული საქონლის ნაშთი წლების ჭრილში, ხოლო 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის სმფ-ის საბოლოო ნაშთად აუდიტის დეპარტამენტმა გამოიყენა გადამხდელის მიერ მოწოდებული სმფ-ის ნაშთი (200 000 ლარი დღგ-ის გარეშე). გამოიყო საცალო და დოკუმენტური რეალიზაცია სრული რპთ-დან წლების ჭრილში, რამაც გამოავლინა ცალკეული შემთხვევები (კვერცხი, ლობიო, მაიონეზი, საფუარი, ფქვილი, შაქარი), როდესაც დოკუმენტურად რეალიზებული იყო იმაზე მეტი საქონელი ვიდრე შეძენაში ფიქსირდებოდა, როგორც თვითღირებულებით, ისე რაოდენობრივად. აღნიშნულ შემთხვევებში შემოწმებამ ხარჯად გაითვალისწინა სარეალიზაციო ღირებულების 75%. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებისას დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. დადგენილი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით, თვის ჭრილში გაანგარიშდა ნაღდის ფულის ნაშთი და დადგინდა, რომ აღნიშნული ჯდებოდა შემოწმებით გაანგარიშებული გონივრული ნაშთის ფარგლებში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად, აღნიშნულ ნაწილში, გადამხდელს გადასახადი და ჯარიმა არ დაერიცხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებდა. 2022 წლის 28 აპრილს გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა და ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა. სალაროსა და სმფ-ის ნაშთის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. შემოწმებისას გამოიყო საცალო და დოკუმენტური რეალიზაცია სრული რპთ-დან წლების ჭრილში, რამაც გამოავლინა ცალკეული შემთხვევები (კვერცხი, ლობიო, მაიონეზი, საფუარი, ფქვილი, შაქარი), როდესაც დოკუმენტურად რეალიზებული იყო იმაზე მეტი საქონელი ვიდრე შეძენაში ფიქსირდებოდა, როგორც თვითღირებულებით, ისე რაოდენობრივად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, რომელიც ეხება სალაროს ნაშთს, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით, თვის ჭრილში გაიანგარიშა ნაღდის ფულის ნაშთი და დაადგინა, რომ ხსენებული ჯდებოდა შემოწმებით გაანგარიშებული გონივრული ნაშთის ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები არ განესაზღვრა.

გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი მოსმენისას განაცხადა, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას ეთანხმება, თუმცა არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას კონკრეტულ საქონლის ჯგუფებთან მიმართებით, როგორებიცაა მაგალითად: ზეთი, ლობიო და ა.შ. აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზოგიერთ შემთხვევაში არასწორადაა გაანგარიშებული ფასნამატი და ითხოვა საკითხის ხელახლა შესწავლა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-22 მუხლების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ აწარმოებდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები. შემოწმებამ ხარჯად გაითვალისწინა სარეალიზაციო ღირებულების 75%. დადგენილი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს ვადაში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 163; 164; 269(7);