ბრძანება N 27262
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27262
06 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 30 ივნისის და 27 სექტემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის და 12 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №95; №106) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 30 ივნისის №82007/1/2023 და 27 სექტემბრის №162618/21/11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის დეკემბრის №006-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კვიჭიჭისთვის განსაზღვრული (რეკომენდირებული) ნორმების მათ მიერ გამოყენებულ სარგავ მასალაზე გამოყენებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების განსაზღვრას, ასევე, შემოწმების მიერ დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას. აღნიშნავს, რომ სარგავი მასალა კვიჭიჭით ხახვის მოყვანა ხდება შერჩეული ჯიშებით და სამწლიან ტექნოლოგიურ ციკლს მოიცავს. პირველ წელს შესაბამისი სქემით ითესება ხახვის თესლი და მიიღება კვიჭიჭი, მეორე წელს ირგვება კვიჭიჭი და მიიღება სარეალიზაციო სასურსათო პროდუქცია. ასევე, აცხადებს, რომ მათ მიერ იმპორტირებული ხახვი, როგორც წესი, ორწლიანი ციკლით მოიყვანება, ამასთან, შესაძლებელია მისი შედარებით წვრილი ფრაქციის სარგავ მასალადაც გამოყენება, თუმცა მისი თესვის და მოსავლიანობის ნორმები განსხვავდება კვიჭიჭის თესვა-მოსავლიანობისგან. მიუთითებს, რომ საწარმომ დათესვისას იხელმძღვანელა საბჭოთა კავშირის დროს არსებული ნორმებით და სტანდარტებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2599 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 28 იანვრიდან 2023 წლის 9 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 2 ივნისის №12289 ბრძანება და ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 367 795 ლარი, მათ შორის, გადასახადი 225 482 ლარი, ჯარიმა 112 759 ლარი, საურავი 29 554 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „------" გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 28 იანვარს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 2020 წლის 29 იანვარს. საწარმოს ძირითად საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბოსტნეულის, კერძოდ, ხახვის იმპორტი (-----დან, -----დან) და რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. საწარმო აგრეთვე ახორციელებს იჯარით აღებულ მიწებზე იმპორტირებული ხახვის დარგვა-მოყვანასაც და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. გადამხდელის მიერ მოყვანილი ხახვის რეალიზაცია გათავისუფლებულია დღგ-საგან. გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა ორისში. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერი და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით. გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით სარგავი მასალა (კვიჭიჭი) ნორმა შეადგენს 4 ტ/ჰა-ზე და მოსავალი 8-13 ტ/ჰა-ზე. გადამხდელს დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 404 452 ლარი და განთავისუფლებული ბრუნვა - 386 274 ლარი.
შემოწმების მიმდინარეობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სარგავი მასალის (კვიჭიჭი) დარგვის და მოსავლის ნორმის შესახებ. ამავე სამინისტროს სსიპ „-------ს“ 2023 წლის 07 აპრილის N04/461 წერილის მიხედვით სარგავი მასალა (კვიჭიჭი) შეადგენს 900 კგ/ჰა-ზე, ხოლო მოსავალი 30-40 ტ/ჰა-ზე.
ზემოაღნიშნული მიღებული ინფორმაციისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებით დაანგარიშდა საწარმოს მიერ იჯარით აღებულ მიწაზე (2020 წელს 30 ჰა, 2021 წელს 20 ჰა და 2022 წელს 5 ჰა) საჭირო სარგავი მასალა (კვიჭიჭი) და მიღებული მოსავლის რაოდენობა და თვითღირებულება. ამასთან, შემოწმებით დოკუმენტური რეალიზაციიდან და თვითღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრულ იქნა ფასნამატი (68%-318%-მდე პერიოდების მიხედვით), რომელიც გავრცელდა ნორმებიდან გამომდინარე გაანგარიშებული მოსავლის თვითღირებულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 172-ე მუხლების (2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 168-ე მუხლები) შესაბამისად, იმპორტირებული და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიხედვით განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ აქვს აღრიცხული/გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში იმპორტირებული ტომრების (ცარიელი) რეალიზაცია, შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
არაპირდაპირი მეთოდით (დღგ-ის ბრუნვები) გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც მიჩნეულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
გარდა აღნიშნულისა, საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო ქირა და პროცენტი (აღებული სესხიდან გამომდინარე), რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე და 131-ე მუხლების საფუძველზე არ აქვს დაბეგრილი წყაროსთან შესაბამისი განაკვეთებით. შესაბამისად, საწარმოს დაეკისრა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კვიჭიჭისთვის განსაზღვრული (რეკომენდირებული) ნორმების მათ მიერ გამოყენებულ სარგავ მასალაზე გამოყენებას, შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების განსაზღვრას. აღნიშნავს, რომ სარგავი მასალა კვიჭიჭით ხახვის მოყვანა ხდება შერჩეული ჯიშებით და სამწლიან ტექნოლოგიურ ციკლს მოიცავს. პირველ წელს შესაბამისი სქემით ითესება ხახვის თესლი და მიიღება კვიჭიჭი, მეორე წელს ირგვება კვიჭიჭი და მიიღება სარეალიზაციო სასურსათო პროდუქცია. ხოლო მათ მიერ იმპორტირებული ხახვი, როგორც წესი, ორწლიანი ციკლით მოიყვანება, ამასთან, შესაძლებელია მისი შედარებით წვრილი ფრაქციის სარგავ მასალადაც გამოყენება, თუმცა მისი თესვის და მოსავლიანობის ნორმები განსხვავდება კვიჭიჭის თესვა-მოსავლიანობისგან. მიუთითებს, რომ საწარმომ დათესვისას იხელმძღვანელა საბჭოთა კავშირის დროს არსებული ნორმებით და სტანდარტებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, სარგავი მასალის ნორმების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების განსაზღვრას, ასევე, შემოწმების მიერ დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ძირითად საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბოსტნეულის, კერძოდ, ხახვის იმპორტი და რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. საწარმო აგრეთვე ახორციელებს იჯარით აღებულ მიწებზე იმპორტირებული ხახვის დარგვა-მოყვანასაც და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. გადამხდელის მიერ მოყვანილი ხახვის რეალიზაცია გათავისუფლებულია დღგ-საგან. შემოწმებით იმპორტირებული და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიხედვით განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ აქვს აღრიცხული/გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში იმპორტირებული ტომრების (ცარიელი) რეალიზაცია, შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
არაპირდაპირი მეთოდით (დღგ-ის ბრუნვები) გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც მიჩნეულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გარდა აღნიშნულისა, საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო ქირა და პროცენტი (აღებული სესხიდან გამომდინარე), რომელიც არ აქვს დაბეგრილი წყაროსთან შესაბამისი განაკვეთებით. შესაბამისად, საწარმოს დაეკისრა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, სარგავი მასალის ნორმების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა"), 163(1), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ"), 43(4).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა""ა.ა").