გადაწყვეტილება №21168/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.02.2024
№ დოკუმენტი 21168/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21168/2/2023

08 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 26.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21168/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №006-259 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.10.2023 წლის №24834 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 239 279,22 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 143 506

დღგ - 91 875

საშემოსავლო გადასახადი - 51 631

ჯარიმა - 70 523 საურავი - 25 250,22

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საოფისე ავეჯისა და მდფ-ის კარების წარმოება და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №006-259 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.10.2023 წლის №24834 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საოფისე ავეჯისა და მდფ-ის კარების წარმოება და რეალიზაცია. კომპანია წარმოებისათვის საჭირო მასალებსა და მომსახურებებს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობდა და საქმიანობდა იჯარით აღებულ ფართში. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის მასალები პროგრამა ინფოში. ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამაში არ მოიპოვებოდა მასალები თითოეული ნაწარმოები პროდუქტის კალკულაციის შესახებ (კალკულაციის მასალების წარმოდგენა არ განხორციელებულა არც შესამოწმებელ პერიოდში). წარმოების პროცესში საჭირო მომსახურებები პირდაპირ დაკვალიფიცირებული იყო ხარჯად, ხოლო შეძენილი მასალების ჩამოწერა ხდებოდა ჯამურად, წლის ბოლოს, რაიმე კონკრეტულ აღრიცხვის დოკუმენტებზე დაყრდნობის გარეშე. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში იყო ზარალზე, ხარჯების ანაზღაურება ხდებოდა დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხების მეშვეობით (შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალში შეტანილია სულ 619 580 ლარი, ხოლო გატანილია 81 550 ლარი). კომპანიაში 27.02.2023 წლის ბრძანებით ჩატარებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა ნაშთი, რომლის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებულ ნაშთებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებდა დეკლარირებულ შემოსავალს, ასევე მის მიერ არ იყო წარმოდგენილი წარმოების კალკულაციები, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავალი გაანგარიშდა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ავეჯის წარმოების ფასნამატის გამოყენებით.

დამატებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. აგრეთვე, დადებითი ფულადი ნაშთი 258 158 ლარი (შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), მიჩნეულ იქნა დირექტორზე ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელ პერიოდზე არ მოიპოვებოდა ინფორმაცია თითოეული ნაწარმოები პროდუქტის კალკულაციის შესახებ, კერძოდ, წარმოების პროცესში საჭირო მომსახურებები პირდაპირ დაკვალიფიცირებული იყო ხარჯად, ხოლო შეძენილი მასალების ჩამოწერა ხდებოდა ჯამურად, წლის ბოლოს, რაიმე კონკრეტულ აღრიცხვის დოკუმენტებზე დაყრდნობის გარეშე. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში იყო ზარალზე, ხარჯების ანაზღაურება ხდებოდა დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხების მეშვეობით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 27.02.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებულ ნაშთებს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ კომპანიის შემოსავლის გაანგარიშება მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ავეჯის წარმოების ფასნამატის გამოყენებით და დამატებით მიღებული შემოსავლის დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, დირექტორზე გაცემული თანხის წარმოშობის საკითხთან და ინვენტარიზაციის შედეგების მისი გამოვლენის საანგარიშო პერიოდში ასახვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოში დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხები ფულადი თანხების მოძრაობის უწყისში, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა სრულად, მიღებულ დადებით ფულად ნაშთზე გამოკლებულ იქნა დამფუძნებლის შეტანილი თანხები და დარჩენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი, ხოლო შესაბამისი გაანგარიშება წარდგენილი იყო კომპანიის წარმომადგენელთანაც. ამასთან, წარმოებულ პროდუქციაზე შედგენილი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვები შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა არაერთხელ, თუმცა ზეპირსიტყვიერი განმარტებით ასეთი დოკუმენტები საწარმოს არ გააჩნდა. აგრეთვე, ვინაიდან კომპანიის მიერ არ ხდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სრულყოფილი აღრიცხვა და არც პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები შესასწავლად გადმოგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში შედეგების გამოყვანის გარეშე, ხოლო შემოწმების მიერ, არსებულ მასალებზე დაყრდნობით, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და არ მომხდარა დანაკლისის გამოვლენა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველი და მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, რაც საგადასახადო შემოწმების აქტში ფიქსირდება არის სალაროს ნაშთის შეუსაბამო ზრდა. როგორც აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, კომპანიაში ფიქსირდება დამფუძნებლის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომელიც შეადგენს სალდირებულად 538 030 ლარს და დაფიქსირებულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბუღალტრო პროგრამაში, რასაც ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტი. დღგ-ის ბრუნვა გაზრდილია 592 063 ლარი, სხვაობა შეადგენს 54 033 ლარს, რომელსაც შესაძლოა დარიცხვოდა სარგებელი, ისიც 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების შესაბამისად.

აქედან გამომდინარე კითხვებს ბადებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი და დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხის 261 908 ლარის წარმოშობის საკითხი. მომჩივნის მონაწილეობით უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება. გადამხდელი ატარებდა საკუთარი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას პერიოდულად, ვინაიდან ყველა შეკვეთაზე არ დგებოდა ფორმა №2 და შეუძლებელი ხდებოდა ბუღალტრულად ყველა შეკვეთის შესაბამისად სმფ-ების ჩამოწერა. ის ფორმა №2-ები, რომელიც მას გააჩნდა არ წარუდგენია შემოწმებისთვის, რადგან ჩათვლა, რომ ვინაიდან არ იძლეოდა სრულ სურათს ჩამოწერების შესახებ, გამოუსადეგარი იქნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა სხვა მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატით და შემოსავალი დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი აცდენა ფაქტიურსა და აუდირებულ მონაცემებს შორის. აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული იქნება არსებული ფორმა №2-ები, რომელიც მნიშვნელოვნად წარმოაჩენს სურათს კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შესახებ, საოპერაციო მარჟის, გამოყენებული მასალის და მომსახურების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება იხელმძღვანელოს აუდიტის დეპარტამენტმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და სათანადო საფუძვლების შემთხვევაში მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ასახვის გზით. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ 27.02.2023 წელს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებიც ასახულ იქნა 2.06.2023 წლის აქტში, მაგრამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის შედეგებით გაზრდილ იქნა 2020, 2021, 2022 წლების და 2023 წლის იანვარი-თებერვლის ბრუნვა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით:

გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები საგადასახადო კოდექსის მიერ განსაზღვრული კანონმდებლობის შესაბამისად ასახული უნდა იქნას იმ საანგარიშო პერიოდში, რა პერიოდშიც მოხდა მისი გამოვლენა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე);

ა) თუ პირს არა აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

აბაზრო ფასის განსაზღვრისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ამასთან, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის, ხოლო საქონლის/მომსახურების ბაზრად ითვლება ამ საქონლის/მომსახურების მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი/მომსახურება გამყიდველისათვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ. გარდა ამისა, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით დანაკლისი განმარტებულია, როგორც გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებითა და შედეგად მიღებული სამართლებრივი აქტით დაირღვა გადასახადის გადამხდელის კანონიერი უფლება და კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები.

სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლებამოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საოფისე ავეჯისა და მდფ-ის კარების წარმოება და რეალიზაცია. ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამაში არ მოიპოვებოდა მასალები თითოეული ნაწარმოები პროდუქტის კალკულაციის შესახებ (კალკულაციის მასალების წარმოდგენა არ განხორციელებულა არც შესამოწმებელ პერიოდში). წარმოების პროცესში საჭირო მომსახურებები პირდაპირ დაკვალიფიცირებული იყო ხარჯად, ხოლო შეძენილი მასალების ჩამოწერა ხდებოდა ჯამურად, წლის ბოლოს, რაიმე კონკრეტულ აღრიცხვის დოკუმენტებზე დაყრდნობის გარეშე. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში იყო ზარალზე, ხარჯების ანაზღაურება ხდებოდა დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხების მეშვეობით (შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალში შეტანილია სულ 619 580 ლარი, ხოლო გატანილია 81 550 ლარი).

კომპანიაში 27.02.2023 წლის ბრძანებით ჩატარებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა ნაშთი, რომლის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებულ ნაშთებს შორის.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანია ძირითადად ასრულებდა მცირე შეკვეთებს და ახდენდა ავეჯის თუ კარის საცალო რეალიზაციას. შემოწმების პროცესში არაერთხელ იქნა მოთხოვნილი დიდი პროექტების კალკულაციები, თუმცა განმარტეს, რომ კალკულაციების შენახვა არ ხდება. დანაკარგებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ სხვა კომპანიის აუდირებული ფასნამატის განსაზღვრისას გათვალისწინებულია დანაკარგების ნორმები და შესაბამისად, დანაკარგების გათვალისწინებით მიღებული ფასნამატია გავრცელებული მომჩივნის შემოსავლების განსაზღვრაში. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობის განმავლობაში მუდმივად არის ზარალზე და მუდმივად სჭირდება დამფუძნებლის შენატანები, რომ უზრუნველყოს ხარჯების დაფარვა. ინვენტარიზაციის შედეგად არ მომხდარა შედეგების გამოყვანა და ამიტომ არ განსაზღვრულა შესაბამისი სანქცია. ინვენტარიზაციის მასალები, ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემები გამოგზავნილია აუდიტის დეპარტამენტში. ის, რომ მასალებში არ გამოვლენილა დანაკლისი და წარმოადგენდა წინა პერიოდების რეალიზაციას, ადასტურებს კომპანიის მიერ არაშესამოწმებელი თვის ბრუნვის დაზუსტება. მანამდე დეკლარირებული იყო მხოლოდ დოკუმენტური ბრუნვები, ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ მომჩივანმა დაადეკლარირა დაახლოებით 300 000 ლარის ოდენობით დასაბეგრი ბრუნვა, ახსნაგანმარტებაში მიუთითა, რომ ფიზიკურ პირებზე და ზოგჯერ იურიდიულ პირებზეც დოკუმენტებს არ აწერინებდნენ და ერთიანად დაადეკლარირეს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ბრუნვა.

საბჭო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობით. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში და საბჭოს სხდომაზე მიუთითებს არგუმენტაციაზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები მომჩივნის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესწავლილი იქნა საგადასახადო ორგანოში შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის მარტის თვის და 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ ჩათვლა უკვე განხორციელდა წინა საანგარიშო პერიოდებში. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა გაორმაგებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიცხული იქნა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. მითითებულის გათვალისწინებით, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ 2020 წლის მარტის თვის და 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ ჩათვლა უკვე განხორციელდა წინა საანგარიშო პერიოდებში. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №006-259 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.10.2023 წლის №24834 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 101; 154; 159; 269 (7).

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.