გადაწყვეტილება №19514/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19514/2/2023
05 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 26.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19514/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №055-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აპრილის №7199 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 22 644.74 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 13 426
დღგ - 2 063
საშემოსავლო გადასახადი - 11 363
ჯარიმა - 6 714
საურავი - 2 504,74
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა დაზიანებული და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრის, გადაბელვისა და ფორმირების სამუშაოების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20325 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2015 წლის 10 ივნისს. მის სახელზე რეგისტრირებულია სახერხი-საამქრო, სადაც ფიქსირდება მორების შეტანა/დამუშავება. ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე სახელმწიფო ტენდერში.
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვას, მისი განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი არ უფიქსირდება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
დებულებების განსასაზღვრად, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. განხორციელდა მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული/მისაღები ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდილი თანხა.
მომჩივანს სასაქონლო ზედნადებით შეძენილი აქვს 33.24 კუბური მეტრი ფიცარი, დოკუმენტით რეალიზებულია 25.29 კუბური მეტრი, დარჩენილი ნაშთი ჩაითვალა რეალიზებულად და დაექვემდებარა მომჩივნის ერთობლივ შემოსავალში ასახვას.
ასევე, შემოსავლის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან და სახერხი საამქროს მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. სახერხსაამქროდან შესამოწმებელი პერიოდის მანძილზე სულ გატანილია 203.45 კუბური მეტრი ფიცარი, გადამხდელისა და მესამე პირებისაგან წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების თანახმად 1 კუბურ მეტრზე სახერხი საამქროს მომსახურების ღირებულებად გათვალისწინებულია 2019-2021 წლებში 30 ლარი, ხოლო 2022 წელს-40 ლარი. ნაშთად დარჩენილი თანხა, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
მომჩივნის საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდება მომსახურების საფასურის გადახდა ფიზიკურ პირებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირების გამო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №31853 ბრძანება და ამავე თარიღის №055-11 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აპრილის №7199 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შეძენილი ფიცრის მასალის გადამუშავების შედეგად დაფიქსირდა საწარმოო დანაკარგი 30% და აღნიშნული ფაქტის გამო არ უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი, ხოლო ის თანხა რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით წარმოადგენს მომწოდებლებზე გადახდილ დავალიანებას. ითხოვს დარიცხული თანხების ხელახალ დაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ 3.05.2023 წლის №----------- წერილში მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი:
სახერხი საამქრო მდებარეობს -------------. კომპანიას სასაქონლო ზედნადებით შეძენილი აქვს 33.24 კუბური მეტრი ფიცარი, ხოლო დოკუმენტით რეალიზებულია 25.29 კუბური მეტრი, დარჩენილი ნაშთი (7,95) ჩაითვალა რეალიზებულად დღგ-ის რეგისტრაციამდე პერიოდში, რადგან დღგის რეგისტრაციის მომენტში გადამხდელს აღნიშნულ საქონელზე არ ჰქონდა ჩათვლა მიღებული დაექვემდებარა შპს ,,------------" ერთობლივ შემოსავალში ასახვას. გადამხდელს შემოწმების ეტაპზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკარგთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა/შეფასება ფიცრის გადამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, ფიცრები, რომლებიც შეიძინა ზედნადებით გადატანილი აქვს თბილისიდან ბათუმში, გადამხდელის კუთვნილ სახერხში არ მოხვედრილა და არც სხვა სახერხში დახერხვის ფაქტი ფიქსირდება.
მომჩივანი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები, რომელიც დაიბეგრა 20 პროცენტით არის მომწოდებლისთვის გადახდილი დავალიანება და არა მომსახურების საფასური.
აღნიშნულ არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას, განაცხადა, რომ მომჩივანს საბანკო ანგარიშიდან უფიქსირდება თანხის გადარიცხვა ფიზიკურ პირებზე, რამდენიმე გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია მომსახურეობა. აღნიშნული პირები არ არიან ინდ მეწარმეები. შემოწმების პროცესში გადამხდელს, ზედნადებისა და ანგარიშფაქტურების გარდა, სხვა რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარუდგენია.
შესაბამისად ვერ ადასტურებს, რომ ეს თანხები ნამდვილად მომწოდებლისთვის გადახდილი დავალიანებაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად და არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა დაზიანებული და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრის, გადაბელვისა და ფორმირების სამუშაოების შესრულება.მის სახელზე რეგისტრირებულია სახერხი-საამქრო, სადაც ფიქსირდება მორების შეტანა/დამუშავება. ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე სახელმწიფო ტენდერში.გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვას.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი არ უფიქსირდება.მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
მომჩივნის საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდება მომსახურების საფასურის გადახდა ფიზიკურ პირებზე.
აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირების გამო.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73(5);174(1);154(1დ);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი