გადაწყვეტილება №19849/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19849/2/2023
04 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 1.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19849/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მოცულობა;
2. საქვეანგარიშოდ გაცემული, დოკუმენტურად დაუდასტურებელი თანხების 75%-ის ხარჯად აღიარების მიზანშეწონილობა;
3.დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №055-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10042 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 75 937 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 36 922
დღგ - 24 363
მოგების გადასახადი - 8 997
საშემოსავლო გადასახადი - 3 562
ჯარიმა - 31 342
საურავი - 7 673
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 15.08.2022 წლის წერილის (№13632/15-04-01) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 16.08.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 25 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №27641 ბრძანება და №055-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10042 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მოცულობა
ფაქტების აღწერა
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 8 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2014 წლის 25 სექტემბერს. გადასახადის გადამხდელი ძირითადად შემოსავალს იღებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობით.
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა ნაკლებია შემოწმებით დადგენილზე. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტების გათვალისწინებით) პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 2018 და 2019 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ. ასევე, 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს ჩათვლა როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ასევე საბოლოო მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, შემოწმების მიერ განხორციელდა 2018 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, 2019 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩათვლა მოხდა შესაბამის პერიოდებში, ხოლო 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის შესრულებული აქვს 491 736.66 ლარის სამუშაო (იხ. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდი), ამავე პერიოდში ქვეკონტრაქტით შესრულებული აქვს 98 613.88 (შპს „---“) ლარის სამუშაო. სულ შესრულებული აქვს 590 35054 ლარის სამუშაო. აღნიშნული თანხები განსხვავდება შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ბრუნვისგან. ამასთან, შემოწმების აქტით რიგ შემთხვევებში შეცვლილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების პერიოდი, ხოლო ჯარიმა დარიცხულია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება მოცემულ საკითხს, მოითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და დარიცხული ჯარიმის გადაანგარიშებას, ნაცვლად 50%-ისა 10%-იანი ჯარიმის დარიცხვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ძირითადად შემოსავალს იღებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შედეგად. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლის საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
ამასთან, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 2018 და 2019 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ, ხოლო 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს ჩათვლა როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურით, ასევე საბოლოო მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, აღნიშნავს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა განსხვავდება შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ბრუნვისგან. შემოწმების აქტით რიგ შემთხვევებში შეცვლილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების პერიოდი, ხოლო ჯარიმა დარიცხულია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გადაანგარიშებას და 10%-იანი ჯარიმის დარიცხვას ნაცვლად 50%-ისა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ ბეგრავდა განხორციელებულ ოპერაციებს, ნაწილს ბეგრავდა და ნაწილს არა, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები შეისწავლეს და დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რამაც გამოიწვია დარიცხვა. რაც შეეხება ჯარიმის ცვლილებაზე მომჩივნის არგუმენტს, დაბეგვრის პერიოდის ცვლილება არ ყოფილა. მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მისი არგუმენტების შესაბამის რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაძლებელია, სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია. საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია.
2. საქვეანგარიშოდ გაცემული, დოკუმენტურად დაუდასტურებელი თანხების 75%-ის ხარჯად აღიარების მიზანშეწონილობა
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. გადასახადის გადამხდელის მიერ, შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, წარდგენილი იქნა საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. ასევე, ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროს ნაშთი არის 0 ლარი, არ აქვს დებიტორული დავალიანება, ხოლო კრედიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 1 496.26 ლარს. კაპიტალის საწყისი და საბოლოო ნაშთები 0-ია და შესამოწმებელ პერიოდში არ განხორციელებულა კაპიტალის ზრდა/შემცირება. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, დადგინდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები. ამასთან, ჩაითვალა რომ გაწეული ხარჯი სრულად არის ანაზღაურებული შესაბამის პერიოდებში. აღნიშნული მონაცემებით გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნაღდი ფულის ნაშთი განიხილა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით. გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ 5 ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
შედეგად, დადგინდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები. ამასთან, ჩაითვალა, რომ გაწეული ხარჯი სრულად არის ანაზღაურებული შესაბამის პერიოდებში. ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით, სრულად იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული ფორმა 2-ებით განსაზღვრული ხარჯები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნედლეული და მასალები, რომლებიც შეძენილი იყო დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), საკმარისი იქნებოდა გაწეული მომსახურების შესასრულებლად. აღნიშნული მონაცემებით გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ, რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები მთლიანად იხარჯებოდა სამშენებლო მასალებისა და სხვა გაწეული მომსახურებების ასანაზღაურებლად. რიგ შემთხვევებში სამშენებლო მასალების შესყიდვა ხდებოდა ფიზიკური პირებისგან პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული მასალების ხარჯვა დასტურდება ფორმა 2-ში ჩამოწერილი მასალებით. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული თანხების 75%-ის გათვალისწინებას ხარჯებში, დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და უპროცენტო სესხად განხილული თანხების გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ხოლო მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები. ამასთან, ჩაითვალა რომ გაწეული ხარჯი სრულად არის ანაზღაურებული შესაბამის პერიოდებში. აღნიშნულიდან გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი განიხილა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო, უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დამატებით ასევე ირკვევა, რომ ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით, სრულად იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული ფორმა 2-ებით განსაზღვრული ხარჯები, მიიჩნია, რომ ნედლეული და მასალები, რომლებიც შეძენილი იყო დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), საკმარისი იქნებოდა გაწეული მომსახურების შესასრულებლად. დადგენილი იქნა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რომელიც განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები მთლიანად იხარჯებოდა სამშენებლო მასალებისა და სხვა გაწეული მომსახურებების ასანაზღაურებლად, რიგ შემთხვევებში, სამშენებლო მასალების შესყიდვა ხდებოდა ფიზიკური პირებისგან პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე, აღნიშნული მასალების ხარჯვა დასტურდება ფორმა 2-ში ჩამოწერილი მასალებით. ითხოვს აღნიშნული თანხების 75%-ის გათვალისწინებას ხარჯებში.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტს ანდა მტკიცებულებას რაც მის პოზიციას გაამყარებდა და შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ არ წარმოადგენს კონკრეტულად დოკუმენტურად დაუდასტურებელი რა ხარჯი, რა ოდენობით იქნა გაწეული და მიიჩნევს, რომ არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ, ამდენად, მომჩივნის არგუმენტი არის ზოგადი და დაუსაბუთებელი.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი იქნა გაანგარიშებული, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი სრულად იქნა გათვალისწინებული, რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, ფორმა 2-ით განსაზღვრული ყველა ხარჯი სრულად იქნა გათვალისწინებული. ამასთან, მიიჩნიეს რომ იმ სამუშაოს შესრულება რაც გასწია გადასახადის გადამხდელმა, სრულიად საკმარისი იყო გაეწია იმ ხარჯით, რომლის გაწევაც დოკუმენტურად დასტურდებოდა, ხოლო დამატებით სხვა მტკიცებულებები ხარჯის გაწევის თაობაზე არც შემოწმების პერიოდში და არც საჩივარზე დამატებით გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 31 342 ლარი და საურავი 7 672.56 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 291-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით. მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მოცულობა;
2. საქვეანგარიშოდ გაცემული, დოკუმენტურად დაუდასტურებელი თანხების 75%-ის ხარჯად აღიარების მიზანშეწონილობა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 15.08.2022 წლის წერილის (№13632/15-04-01) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 16.08.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 25 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №27641 ბრძანება და №055-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10042 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 982; 136; 49; 61; 73; 101; 154; 269 (7);
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.