ბრძანება N 13961

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13961
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13961

20.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------------)

2022 წლის 12 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------“ (ს/ნ----------) 2022 წლის 12 მაისის №70759/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 აპრილის №007-85 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ დროულად იქნა წარდგენილი დარიცხვასთან დაკავშირებული მასალები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ შესრულებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და გადამხდელთან ერთად არ მომხდარა მიწოდებული მასალების შესწავლა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 დეკემბრის №39791 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნას ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნეს გაფრთხილება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 დეკემბრის №39791 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 24 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა სულ 10 920 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 890 ლარი, ჯარიმა 4 029 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 13 აპრილის №007-85 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 16 სექტემბრის №23890 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 11 ნოემბრის №17942/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №23890 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 ნოემბრის №17942/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ 30.12.2020 წლის ბრძანების აღსრულების ეტაპზე არ მომხდარა მისი მონაწილეობით საკითხის შესწავლა. ამასთან, მომჩივნის აზრით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გათვალისწინებული ყველა წარდგენილი დოკუმენტაცია.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 30.12.2020 წლის №39791 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული იყო მომჩივნის მონაწილეობით საკითხის შესწავლა და როგორც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა აღნიშნული დავალება (მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა საკითხი), შესრულებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ფასნამატთან დაკავშირებული ცხრილი შესაბამისი მტკიცებულებებით. კერძოდ, გადამხდელის მიერ იდენტიფიცირებული და დაზუსტებულ იქნა შემოწმების მიერ დაკავშირებული საქონელი კატეგორიების მიხედვით და დაზუსტდა გარკვეული საქონლის თვითღირებულებები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასნამატის შემცირება. შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, აღნიშნულის გათვალისწინებით, კორექტირებას დაექვემდებარა ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები.ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული სხვა ჯარიმები შემცირდა და გადამხდელს შეეფარდა გაფრთხილება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ დროულად იქნა წარდგენილი დარიცხვასთან დაკავშირებული მასალები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ შესრულებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და გადამხდელთან ერთად არ მომხდარა მიწოდებული მასალების შესწავლა. მიუთითებს, რომ მათი მტკიცებულებები დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომელთა გათვალისწინებითაც მნიშვნელოვნად შემცირდებოდა დარიცხული თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების გადამხდელთან ერთად შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 დეკემბრის №39791 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 დეკემბრის №39791 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ დროულად იქნა წარდგენილი დარიცხვასთან დაკავშირებული მასალები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ შესრულებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და გადამხდელთან ერთად არ მომხდარა მიწოდებული მასალების შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ფასნამატთან დაკავშირებული ცხრილი შესაბამისი მტკიცებულებებით. კერძოდ, გადამხდელის მიერ იდენტიფიცირებული და დაზუსტებულ იქნა შემოწმების მიერ დაკავშირებული საქონელი კატეგორიების მიხედვით და დაზუსტდა გარკვეული საქონლის თვითღირებულებები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასნამატის შემცირება. შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, აღნიშნულის გათვალისწინებით, კორექტირებას დაექვემდებარა ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები.ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული სხვა ჯარიმები შემცირდა და გადამხდელს შეეფარდა გაფრთხილება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 დეკემბრის №39791 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

136(3);49(ე);61(3);73(5);160(ა);161(1ა);101(1);154(1ა2ა);