ბრძანება N 17630
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17630
05 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------)
(მის.: ----------------------------------)
2025 წლის 23 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) 2025 წლის 23 ივლისის №97037/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №075-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნდა ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატი არის შეუსაბამოდ დიდი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დარიცხული გადასახადების ოდენობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს ხელახალ შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №8137 და 28 მაისის №10812 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 9 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 ივნისის №13587 ბრძანება და ამავე თარიღის №075-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 151 939 ლარი, მათ შორის, გადასახადი 87 453 ლარი, ჯარიმა 43 504 ლარი, საურავი 20 982 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
. შპს ,,----ი" გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 15 ნოემბერს, პირის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით (ბენზინი, დიზელი) -----ს რაიონის, სოფელ ----ის ტერიტორიაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ შპს ,,--ი“ აწარმოებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებას „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალის“ რეგისტრაციისა და წარმოების წესის დარღვევით. აღნიშნულ დარღვევაზე გამოწერილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, იგი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია შემდეგი სახის საკონტროლო ღონისძიებები: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა (2025 წლის 20 მაისის ბრძანება №10190) და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა (2025 წლის 28 აპრილის №7814 ბრძანება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს ,,----ს“ სარეალიზაციო საქონლის 6% აქვს რეალიზებული დოკუმენტურად. ამავე ბაზაზე დაყრდნობით შემოწმების მიერ განისაზღვრა ბენზინის და დიზელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატები წლების მიხედვით, აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა რეალიზებულ საქონელზე (ამისთვის გამიჯნულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი). შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა ჩათვლაში შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ იყო ჩათვლაში გამოყენებული: სერია ეა--- №----, ეა--- №----, ეა--- №----, ეა--- №----, ეა--- №----, ეა--- №----, ეს--- №----, ეს--- №----, ეს--- №----, ეს--- №----, დღგ-ის თანხით ჯამში 6 808 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 136-ე, 159-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
. შემოწმებამ იხელმძღვანელა ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და მასში შესული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაცო სისტემაში მოძიებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით დათვლილი იქნა ფულის ნაშთი 88 408 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,----ის“ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია თანხები ფიზიკურ პირებზე, ხელფასისა და გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახით, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, შპს ,,----ი“ აწარმოებდა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებას „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალის“ რეგისტრაციისა და წარმოების წესის დარღვევით. აღნიშნულ დარღვევაზე კი გამოწერილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, ის არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს ,,----ს“ სარეალიზაციო საქონლის 6% აქვს რეალიზებული დოკუმენტურად. ამავე ბაზაზე დაყრდნობით შემოწმების მიერ განისაზღვრა ბენზინის და დიზელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატები წლების მიხედვით, აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა რეალიზებულ საქონელზე (ამისთვის გამიჯნულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი).
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და შემოწმებისათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8137 და №10812 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №13587 ბრძანება და №075-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 151 939 ლარი, მათ შორის, გადასახადი 87 453 ლარი, ჯარიმა 43 504 ლარი, საურავი 20 982 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ მომჩივანი აწარმოებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებას „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალის“ რეგისტრაციისა და წარმოების წესის დარღვევით. აღნიშნულ დარღვევაზე გამოწერილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, იგი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია შემდეგი სახის საკონტროლო ღონისძიებები: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა (ბრძანება №10190) და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა ( №7814 ბრძანება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს სარეალიზაციო საქონლის 6% აქვს რეალიზებული დოკუმენტურად. ამავე ბაზაზე დაყრდნობით შემოწმების მიერ განისაზღვრა ბენზინის და დიზელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატები წლების მიხედვით, აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა რეალიზებულ საქონელზე (ამისთვის გამიჯნულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი). შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა ჩათვლაში შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ იყო ჩათვლაში გამოყენებული დღგ-ის თანხით ჯამში 6 808 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 136-ე, 159-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე,შემოწმებამ იხელმძღვანელა ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და მასში შესული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაცო სისტემაში მოძიებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით დათვლილი იქნა ფულის ნაშთი 88 408 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია თანხები ფიზიკურ პირებზე, ხელფასისა და გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახით, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე, განმარტავს რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1) ; 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 164(1);
ასევე,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-მუხლს;