ბრძანება N 8768

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 06.05.2025
№ დოკუმენტი 8768
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8768

06 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 23 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 აპრილის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ ------) №95208/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №083-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. მიუთითებს, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და მისთვის ცნობილი არ იყო დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების თაობაზე. ამასთან, აცხადებს, რომ მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად გადაიხადა დარიცხული გადასახადი 48 719 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1060 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 მარტის №5646 ბრძანება და ამავე თარიღის №083-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 194 ლარი, მათ შორის გადასახადი 47 719 ლარი, ჯარიმა 16 514 ლარი და საურავი 8 961 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შერეული ტანსაცმლით ვაჭრობა, იჯარით აღებულ ფართში ქ. -------ში. პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2001 წლის 2 ნოემბერს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ, დამუშავებულ იქნა როგორც საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური, ასევე საბანკო ანგარიშის ამონაწერები. მონაცემთა დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის 21 ნოემბერს განხორციელებული მიწოდებით. შესაბამისად, აღნიშნული თარიღი განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად. დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 2022 წლის 21 ნოემბრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში შეადგინა 330 291 ლარი. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ----- (ს/ნ ------) მიმართ შესამოწმებელ პერიოდში (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან) გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შესაბამისმა დღგ-ის თანხამ ჯამურად შეადგინა 10 733 ლარი. საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლებისა და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლას დაექვემდებარა მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები 10 733 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №083-6 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ ------- (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №083-6 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შერეული ტანსაცმლით ვაჭრობა, იჯარით აღებულ ფართში. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მონაცემთა დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის 21 ნოემბერს განხორციელებული მიწოდებით. შესაბამისად, აღნიშნული თარიღი განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა. ასევე, დადგინდა, რომ ი/მ მიმართ შესამოწმებელ პერიოდში (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან) გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლას დაექვემდებარა მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №083-6 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(1);270(1);272(1);282(1);