გადაწყვეტილება №18292/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18292/2/2022
02.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ ---------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" 24.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18292/2/2022).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.10.2022 წლის №CB1401410 საგადასახადო
სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27695 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 100 ლარი.
ფაქტების აღწერა
„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ყავს შეყვანილი დაქირავებით მომუშავე ერთი პირი, რაც ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევად. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.10.2022 წლის №CB1401410 საგადასახადო
სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.11.2022 წლის №27695 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანების 3719 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე, რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის 70- ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე კანონის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 20 იანვრიდან, შპს "---------" მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება რეაბილიტაციის რეჟიმით (საქმის №2/418-22). ასევე, "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მართვაში დატოვებული მოვალის პირობებში, კომპანიას, სასამართლოს მიერ, დაენიშნა რეაბილიტაციის ზედამხედველი. ხოლო მოვალის მიერ მართვის მიტოვების შედეგად, ამავე კოლეგიის 28.07.22 თარიღის განჩინებით, რეაბილიტაციის ზედამხედველი დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველად და 5 აგვისტოდან აისახა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერში. შესაბამისად, სპეციალური რეჟიმიდან გამომდინარე, ნიკოლოზ აბუთიძე, წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანიშნულ, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირს და მისი მმართველობის პირობებს აწესრიგებს შესაბამისი კანონი და ის ვერ იქნება აღქმული კომპანიის დასაქმებულად და მასთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ დაქირავებით მომუშავე პირად. მით უმეტეს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტაციის მმართველი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს და ფუნქციებს ასრულებს ამ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში. ამასთან, რეაბილიტაციის მმართველს მოვალის კრედიტორების მიმართ აკისრია ფიდუციური მოვალეობა, რაც გულისხმობს მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების მოვალეობას, ანუ სპეციალური რეჟიმიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის მმართველი არ განიხილება, როგორც მხოლოდ კომპანიის მმართველად, არამედ, ის ასევე კრედიტორების ინტერესების დამცველად არის წარმოდგენილი ამ პროცესში, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი. შესაბამისად, კანონის აღნიშნული დანაწესები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ რეაბილიტაციის მმართველი არ უნდა იქნეს აღქმული კლასიკურ დასაქმებულ პირად/დირექტორად.
მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანია არ იქნებოდა გადახდისუუნარობის/რეაბილიტაციის რეჟიმში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს შემდეგს: ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას/სააქციო საზოგადოებას/კოოპერატივს და ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები. ამ პუნქტის შინაარსიდან ცალსახა ხდება, რომ არათუ გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი კომპანიის რეაბილიტაციის მმართველი, არამედ, ჩვეულებრივ რეჟიმში მყოფი საწარმოს დირექტორი/ხელმძღვანელიც კი არ შეესაბამება დასაქმებულთა რეესტრში ასახვისთვის სავალდებულო კრიტერიუმებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ასეთი პირის ასახვა დასაქმებულთა რეესტრში კანონშეუსაბამო და გაუმართლებელია. ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ აღნიშნული პირი არ ატარებს კომპანიის დასაქმებულის/დაქირავებით მომუშავე პირის სტატუსს და საგადასახადო მიზნებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული დაქირავებით მომუშავე პირის განმარტებას არ მიესადაგება.
ამასთან, რეაბილიტაციის მმართველის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას შესრულებული სამუშაო, თავისი შინაარსით წარმოადგენს მომსახურების გაწევას და ამ მომსახურების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება ვერ ჩაითვლება ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, მიაჩნია, რომ რეაბილიტაციის მმართველი არ უნდა იქნეს აღქმული კომპანიის დასაქმებულად და წინამდებარე საჩივრით მოითხოვს, ვინაიდან, სანქცირება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, გაუქმდეს მონიტორინგის დეპარტამენტის 3.10.2022 წლის №CB1401410 სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27695 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
ამავე კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 9.09.2021 წლის №-------- წერილი, სადაც მითითებულია, რომ:
- გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი (ფიზიკური პირი) ახორციელებს რეაბილიტაციის ან/და გაკოტრების მართვას, ან რეგულირებული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობას, ამასთან, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობისთვის გადასახდელი გონივრული ანაზღაურების ოდენობას მის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გაწეული მომსახურებისთვის, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაწეული საჭირო ხარჯების ანაზღაურების წესს განსაზღვრავს (ამტკიცებს) სასამართლო, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ფიზიკური პირი ვერ იქნება განხილული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირად და შესაბამისად, მისი საქმიანობიდან მიღებული ანაზღაურება ვერ ჩაითვლება დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად.
ამასთან, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ფიზიკური პირის საქმიანობა განიხილება მომსახურების გაწევად, ხოლო საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის გათვალისწინებით ასეთი პირი შესაძლებელია განხილულ იქნეს მეწარმე ფიზიკურ პირად, რომლის მიმართ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით მეწარმე ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ვალდებულებები.
მომჩივნის განმარტებით, რეაბილიტაციის მმართველი არ განიხილება, როგორც მხოლოდ კომპანიის მმართველად, არამედ, ის ასევე კრედიტორების ინტერესების დამცველად არის წარმოდგენილი, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი. მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას შესრულებული სამუშაო, თავისი შინაარსით წარმოადგენს მომსახურების გაწევას და ამ მომსახურების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება ვერ ჩაითვლება ხელფასად. შესაბამისად, რეაბილიტაციის მმართველი არ უნდა იქნეს აღქმული მომჩივნის მიერ დასაქმებულ პირად/დირექტორად.
განსახილველ შემთხვევაში საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რეაბილიტაციის მმართველის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი ანაზღაურება ვერ ჩაითვლება დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.10.2022 წლის №CB1401410 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27695 ბრძანება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27695 ბრძანება;
3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.10.2022 წლის №CB1401410 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.