გადაწყვეტილება №25712/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
03 ნოემბერი 2025
N 25712/2/2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ 24.08.2025 და 05.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის N 25712/2/2025; N 25713/2/2025; N 25810/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების (საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში მიღებული შემოსავლის და ხარჯის) განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის N 024-38 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის N 18307 ბრძანება.
დარიცხული თანხა: - 113 518.26 ლარი.
მათ შორის გადასახადი: - 68 833.78 ლარი.
საშემოსავლო გადასახადი - 67 365.89 ლარი.
ქონების გადასახადი - 1 467.89 ლარი.
ჯარიმა - 34 383.10 ლარი.
საურავი - 10 301.38 ლარი.
პროცედურული გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვა, მეწარმე ფლობს რამდენიმე როგორც გამწევ, ისე მისაბმელის ტიპის სატვირთო ავტომობილს.
აუდიტის დეპარტამენტის 05.05.2025 წლის N 8758 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის საქმიანობის, 31.03.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 30.06.2025 წლის N 14251 ბრძანება და ამავე თარიღის N 024-38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის N 18307 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების (საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში მიღებული შემოსავლის და ხარჯის) განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე მეწარმეს უფიქსირდება სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, კერძოდ ტვირთის გადაზიდვა ისეთი საბაჟო პროცედურებით როგორიცაა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, ტრანზიტი, საწყობი, სხვა და რეექსპორტი.
გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში განხორციელებული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს წარადგენდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც 03.03.2022 წლიდან 01.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე, უფიქსირდება შემოსავალი 968 403 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები და ექსელის ცხრილები, რომელიც მოიცავდა განხორციელებული საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ მონაცემებს, კერძოდ, რეისის რაოდენობებს, განვლილ მანძილსა და საწვავის გახარჯვის მონაცემებს.
გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სრულად არ უფიქსირდება პირველადი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი/ქვითრები და არც მატერიალური ფორმით არ წარდგენილა შემოწმების მიმდინარეობისას. ასევე, ძირითად საშუალებად აღრიცხული სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი აქვს იმპორტის გზით, რაზედაც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 88-ე, 111-ე მუხლების, ასევე „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილების და ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის N 32 დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დეკლარირებას. გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს შეადგინა 58 694 ლარი, 2023 წელს 309 090 ლარი, ხოლო 2024 წელს 495 017 ლარი.
ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან განხორციელდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან საწვავის ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია შემოწმების მიმდინარეობისას არ წარდგენილა, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები საწვავის ხარჯის ნაწილში დაეყრდნენ როგორც აუდირებულ მონაცემებს, ისე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ცხრილებს, ხოლო არსებითი სხვაობა ამ ორ მონაცემს შორის არ გამოვლენილა. შესაბამისად, ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საწვავის ხარჯმა 100 კმ.- ზე საშუალოდ შეადგინა 45 ლიტრი. ამასთან, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალების ხარჯის ნაწილში საამორტიზაციო ანარიცხებმა, ჯგუფი 1-ის შესაბამისად, შეადგინა 20%.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემცირებულია მცირე ბიზნესის ნაწილში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რაც შეადგენს 9 684 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად განისაზღვრა წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის ოდენობა და გადასახადი.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 88-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 89-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილების პირველ მუხლზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N 32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, მე13 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლზე, 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში ახორციელებდა მომსახურებას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის საქმიანობა, საერთაშორისო გადაზიდვა, წარმოადგენს ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმიანობას, რის საფუძველზეც აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით, 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 01.03.2022 წლიდან 01.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდზე, უფიქსირდება შემოსავალი 968 403 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია საბანკო ამონაწერები და ექსელის ცხრილები, რომელიც მოიცავდა განხორციელებული საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ მონაცემებს, კერძოდ, რეისის რაოდენობებს, განვლილ მანძილსა და საწვავის გახარჯვის მონაცემებს. ასევე, გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სრულად არ უფიქსირდებოდა პირველადი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (არც მატერიალური ფორმით არ წარდგენილა შემოწმების მიმდინარეობისას), კერძოდ, საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი/ქვითრები. შემოწმების შედეგად, განისაზღვრა პირის შემოსავლები 2022 - 2024 წლების განმავლობაში. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან განხორციელდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის გამოყენებით. ხოლო, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო საწვავის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი, შემოწმება საწვავის ხარჯის ნაწილში დაეყრდნო როგორც აუდირებულ მონაცემებს, ისე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ცხრილებს (არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა). შესაბამისად, ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საწვავის ხარჯმა 100 კმ-ზე საშუალოდ შეადგინა 45 ლიტრი. ამასთან, პირის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალების ხარჯის ნაწილში საამორტიზაციო ანარიცხებმა, ჯგუფი 1-ის შესაბამისად, შეადგინა 20%. აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს მთავრობის N 32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად წარმოადგენს ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას საქმიანობის განხორციელების მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლების საერთო წესით, 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა, ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან განხორციელდა მართლზომიერად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ წარდგენილა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ საწვავის ხარჯი გაანგარიშდა როგორც აუდირებული მონაცემების, ისე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ცხრილებს მიხედვით, არსებითი სხვაობა კი ამ ორ შორის არ გამოვლინდა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული საწვავის ხარჯის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
გადასახადის გადამხდელს მიერ გაწეული საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებაზე ნებართვა საჭირო გახდა მხოლოდ 21.05.2024 წლიდან, კერძოდ, საქართველოს მთავრობის N 32 დადგენილებით დამტკიცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით:
4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
5. საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს, განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა, ვალდებულია გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.
აღსანიშნავია, რომ შემმოწმებლის მიერ მითითებული ზემოხსენებული დადგენილება ძალაში შევიდა მხოლოდ 21.05.2024 წლიდან, საქართველოს მთავრობის 21.05.2024 წლის N 171 დადგენილების საფუძველზე.
შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება შესამოწმებელი პერიოდის დაწყებიდან კერძოდ, 21.03.2022 წლიდან გაეუქმებინა ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსი, ვინაიდან შემმოწმებლის ლოგიკის გაზიარების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი საქართველოს მთავრობის N 415 დადგენილებით, მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ 21.05.2024 წლიდან, შესაბამისად აღნიშნულ პერიოდამდე დამატებით დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულ გაუქმებას.
სამწუხაროდ შემოსავლების სამსახური თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე და ისევ იყენებს ახალ ნორმას ძველ პერიოდზე, რითაც არღვევს საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24-ე მუხლს, ასევე, არღვევს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილს.
ხარჯების ნაწილში დარიცხვა ექვემდებარე გაუქმებას, ვინაიდან როდესაც სახეზეა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ფაქტობრივად ხარჯვის გაწევას, შემმოწმებელს უნდა გამოეყენებინა N 0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს არ გააჩნია საწვავის ხარჯის პირველადი დოკუმენტები, რომელიც მისი საქმიანობიდან გამომდინარე მის მთავარ და აუცილებელ ხარჯს წარმოადგენს, შემმოწმებელს დასაბეგრი შემოსავალი უნდა განესაზღვრა ფიზიკური პირის 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნულ ნაწილში გაუგებარია შემოსავლების სამსახურის პოზიცია, ვინაიდან აღნიშნული მეთოდური მითითების აზრი და შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ის გამოიყენება 2 შემთხვევაში:
1) როცა ხარჯის გაწევა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე ფაქტობრივად დასტურდება, რაც დადგენილია შემოწმების აქტით და
2) როცა გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულ შემთხვევაში ორივე პირობა არის დაკმაყოფილებული, შესაბამისად გაუგებარია სხვა მეთოდით რატომ განსაზღვრა შემმოწმებელმა გადასახადის გადამხდელის ხარჯი. ასევე გაუგებარია, როგორ დაადგინა შემმოწმებელმა, რომ საწვავის ხარჯმა 100 კმ.-ზე საშუალოდ შეადგინა 45 ლიტრმა.
დამატებით წარმოადგენს ლიცენზირებული ექსპერტის მიერ შედგენილ დასკვნას კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების მიერ 100 კმ.-ზე საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, საწვავის ხარჯმა შემმოწმებლის მიერ 100 კმ.-ზე საშუალოდ დადგენილი 45 ლიტრის გარდა, მეწარმის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე 100 კმ.-ზე დამატებით შეადგინა 15-20 ლიტრი. ითხოვს შემმოწმებელს დაევალოს დამატებით წარდგენილი დასკვნის შესწავლა და გათვალისწინება.
გარდა ზემოაღნიშნულისა არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი იყენებდა დაბეგვრის განსხვავებულ რეჟიმს, რომლის თანახმადაც მას ჰქონდა ვალდებულება ეწარმოებინა ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშგება განსაზღვრული წესით რასაც ახორციელებდა კიდეც ზედმიწევნით და დარღვევების გარეშე (იგულისხმება ხარჯის დოკუმენტებისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება) შემმოწმებლებმა კი შეუცვალეს რა დაბეგვრის რეჟიმი უსაფუძვლოდ მოახდინეს არაპირდაპირი მეთოდზე გადასვლისათვის/გამოყენებისათვის დადგენილი მოთხოვნების გავრცელება, მაშინ როდესაც ის არ ახდენდა 20%-იანი დაბეგვრის რეჟიმით ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას, ხოლო მისი რეჟიმით განსაზღვრული ვალდებულებები შესრულებული აქვს საგადასახადო კოდექსით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით:
2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა;
ბ) პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა;
გ) პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას;
დ) პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო - სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის;
ე) პირი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცებულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი N 4), კერძოდ, 1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, ნებართვის სახეებია - საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N 32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ პირველი მუხლის მე2 პუნქტის მიხედვით, ეს წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (შემდგომში − ნებართვა) პირობებს, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, ნებართვის მოქმედების ვადას, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
ამავე წესის მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად:
4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს, განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა, ვალდებულია გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა. ხსენებულ დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის N 171 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებამდე (რომელიც ამოქმედდა 22.05.2024 წელს) მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით:
„4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ECMT-ის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა პასუხობდეს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) N 1071/2009 რეგლამენტის „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და ევროსაბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და ECMT-ის 2000 წლის 5 ივნისის CEMT/CM (2000)10/FINAL კონსოლიდირებული რეზოლუციით „საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების წესის თაობაზე” განსაზღვრულ მოთხოვნებს“.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გაწეული საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებაზე ნებართვა საჭირო გახდა მხოლოდ 21.05.2024 წლიდან, საქართველოს მთავრობის 21.05.2024 წლის N 171 დადგენილების საფუძველზე. შესაბამისად, შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება შესამოწმებელი პერიოდის დაწყებიდან, 21.03.2022 წლიდან გაეუქმებინა ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსი. ასევე, ხარჯების ნაწილში როდესაც სახეზეა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტობრივად ხარჯვის გაწევა, შემმოწმებელს უნდა გამოეყენებინა N 0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. ასევე გაუგებარია, შემმოწმებელმა როგორ დაადგინა საწვავის ხარჯი 100 კმ.-ზე საშუალოდ 45 ლიტრი. დამატებით წარმოადგენს ლიცენზირებული ექსპერტის მიერ შედგენილ დასკვნას, რომლის მიხედვით საწვავის ხარჯმა შემმოწმებლის მიერ 100 კმ.-ზე საშუალოდ დადგენილი 45 ლიტრის გარდა, მეწარმის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე 100 კმ.-ზე დამატებით შეადგინა 15-20 ლიტრი. ითხოვს შემმოწმებელს დაევალოს დამატებით წარდგენილი დასკვნის შესწავლა და გათვალისწინება. გარდა ზემოაღნიშნულისა არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი იყენებდა დაბეგვრის განსხვავებულ რეჟიმს, რომლის თანახმადაც მას ჰქონდა ვალდებულება ეწარმოებინა ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშგება განსაზღვრული წესით, რასაც ახორციელებდა კიდეც ზედმიწევნით და დარღვევების გარეშე, შემმოწმებლებმა კი შეუცვალეს რა დაბეგვრის რეჟიმი უსაფუძვლოდ მოახდინეს არაპირდაპირი მეთოდზე გადასვლისათვის/გამოყენებისათვის დადგენილი მოთხოვნების გავრცელება.
საჩივარს ახლავს შპს ----- დამოუკიდებელი აუდიტორის 04.09.2025 წლის საექსპერტო დასკვნა ი/მ ----- კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის აუდიტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ი/მ ----- საკუთრებაში მყოფი, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების სპეციალიზებული სამაცივრე ნახევარმისაბმელების (ე.წ. რეფრეჟერატორის) მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობა ზემოაღნიშნული ყველა არსებითი ფაქტორის გათვალისწინებით დატვირთულ მდგომარეობაში დამატებით (უნაგირა საწევარის მიერ მოხმარებული საწვავის გარდა) შეადგენს საშუალოდ 15-20 ლიტრ საწვავს, უნაგირა საწევარის მიერ გავლილ ყოველ 100 კილომეტრ მანძილზე.
მომჩივნის არგუმენტზე, საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა და მის მიერ წარმოდგენილ 16.10.2025 წლის N -----21-14 ინფორმაციიდან ირკვევა, რომ:
„შემოწმების აქტში მითითებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N 32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება გასამახვილებელია მე-4 პუნქტზე და წარმოადგენს ცვლილების განხორციელებამდე და ცვლილების შემდგომ არსებულ ჩანაწერებს:
4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამდენად, მომჩივნის მიერ მითითებული ცვლილების განხორციელებამდეც, საგადასახადო ორგანოს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა იყო.
რაც შეეხება, ერთობლივი შემოსავლებიდან ხარჯის გამოქვითვას, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ იქნა თითოეული განხორციელებული რეისის ფარგლებში გახარჯული საწვავის მოცულობები და ფასები, რაც შედარდა აუდირებულ მონაცემებთან და ფასებთან გადამოწმების კუთხით და ვინაიდან არსებითი ცდომილება არ გამოვლინდა გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ცხრილის შესაბამისი მონაცემები საწვავის ხარჯის ნაწილში. ასევე გათვალისწინებულ იქნა არსებული პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისი ხარჯი, ხელფასები განაცემების შესაბამისად და მათ შორის გათვალისწინებულ იქნა მივლინების ხარჯები, რაც ასევე მოწოდებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებად სრულად იხელმძღვანელა და გაითვალისწინა ხარჯის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილები. შემოწმების აქტში მითითებული ინფორმაცია 100 კმ.-ზე გახარჯული საწვავის მონაცემებთან დაკავშირებით ასახულია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ცხრილის მონაცემებიდან საშუალო მონაცემის გამოყვანით. ექსპერტიზის აქტი შემოწმების მიმდინარეობისას არ წარდგენილა, შესაბამისად უცნობი იყო შემოწმებისთვის მისი არსებობის/არ არსებობის შესახებ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საჩივარს ახლავს შპს ----- დამოუკიდებელი აუდიტორის 04.09.2025 წლის საექსპერტო დასკვნა ი/მ ----- კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის აუდიტის შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივართან ერთად წარმოდგენილი ზემოთ ხსენებული დასკვნის (რომელიც აუდიტის დეპარტამენტს გაეგზავნა 22.09.2025 წლის N ----- წერილით) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტს, რომ გაწეული საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებაზე ნებართვა საჭირო გახდა მხოლოდ 21.05.2024 წლიდან, საქართველოს მთავრობის 21.05.2024 წლის N 171 დადგენილების საფუძველზე, უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულ პერიოდამდე მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N 32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა, შესამოწმებელ პერიოდში, ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა იყო.
ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, დაეკისრა ჯარიმა 34 383 ლარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 33 649 ლარი და ქონების გადასახადის ნაწილში 724 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №024-38 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 10 301.38 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
ითხოვს საბჭოს მიერ გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან, კერძოდ გათვალისწინებულ იქნას ის გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდზე მოქმედებდა საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული რეგულაციის ფარგლებში და არ დაუმალია მიღებული შემოსავალი, რაც შემოწმების აქტითაც არის დადგენილი.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის N 18307 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ა) მომჩივნის მიერ წარმოდგენილი შპს ----- დამოუკიდებელი აუდიტორის 04.09.2025 წლის „ი/მ ----- კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის აუდიტის შესახებ“ საექსპერტო დასკვნის შესწავლა;
ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. საგადასახადო ვალდებულებების (საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში მიღებული შემოსავლის და ხარჯის) განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით; 2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვა, მეწარმე ფლობს რამდენიმე როგორც გამწევ, ისე მისაბმელის ტიპის სატვირთო ავტომობილს. აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის საქმიანობის, 31.03.2022 წლიდან 01.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 275; 269 (7);.