ბრძანება N 24629
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24629
21 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ----) 2024 წლის 5 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის და 14 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №110; ოქმი №121) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 5 თებერვლის №87450/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-718 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადში დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვა განპირობებულია იმ მოტივით, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები ჯამში 2 935 740 ლარი შემმოწმებლების მხრიდან „არ ჩაითვალა" კაპიტალად, თუმცა არც რაიმე კვალიფიკაცია მინიჭებია. ამასთან,აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წლის 10 იანვარს „---ს“, შპს „---ს“, რამდენიმე იურიდიულ პირს და ფ/პ ----ს შორის გაფორმებულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, შესაბამისად ამ ხელშეკრულების არსებობის პირობებში, რადგან შპს „----" თავდებობის ფარგლებში ფარავდა ხელშეკრულების მონაწილე სხვა იურიდიული პირის, კერძოდ ----ის სასესხო ვალდებულებებს, რამეთუ სესხის სრული თანხა გაიცა შპს „---ზე“, შპს „----ს“ პირდაპირი ვალდებულება არ აქვს --- ბანკის წინაშე, აღნიშნული საწესდებო კაპიტალში შემონატანები „არ ჩაითვალა" საწესდებო კაპიტალად, თუმცა ვერც ვერანაირი კვალიფიკაცია მიანიჭეს, რადგან 2020 წლის 10 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში „---ის“ მიერ შპს „---ზე“ სესხი არ გაცემულა, შესაბამისად, ერთობლივი სასესხო ვალდებულების ფარგლებში შპს „---ის“ მიერ --- ბანკის წინაშე გადახდილი სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმის ნაწილში გადახდილი თანხების ფარგლებში შპს „---ს“ შპს „----ის“ წინაშე წარმოეშვა მოთხოვნა და ფ/პ ----ის მიერ საწარმოში შეტანილ კაპიტალთან აღნიშნულ მოთხოვნას არანაირი კავშირი არ გააჩნია, მეტიც აღნიშნულის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში მიწოდებულ იქნა შემმოწმებლებისთვის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №3426 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33184 ბრძანება და ამავე თარიღის №006-718 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 959 331 ლარი, მათ შორის, გადასახადი 550 365 ლარი, ჯარიმა 301 164 ლარი, საურავი 107 802 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 8 აპრილის №7790 ბრძანებით შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 3 სექტემბრის №22983/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აპრილის №7790 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 სექტემბრის №22983/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას (კვალიფიკაციის შესცვლის საფუძველი და დასაბუთება) მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.”
სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმების პროცესში გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობდა, არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, დოკუმენტაციის, ახსნა-განმარტებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სხვა უწყებების მიერ მოწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის პროცესში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის სალაროს ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები მიჩნეულ იქნა 0 ლარად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების დასადგენად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ჩატარდა ასევე საწარმოს დაფუძნებიდან მთლიან ხანდაზმულ პერიოდზე. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017, 2018, 2019 წლებში შპს ,,---ის“ დანახარჯები აღემატებოდა შემოსავლებს 434 284 ლარით, აღნიშნულ ხანდაზმულ პერიოდებში საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული კაპიტალის შეტანა/გატანების გათვალისწინებით. შესაბამისად, შემოწმებით ჩაითვალა, რომ აღნიშნული თანხა შესაძლებელია წარმოადგენდეს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანს. შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში შემოსავლების მეტობა ხარჯებზე შეადგენს 2 377 219 ლარს. საწარმოს 2019 წლის 8 ნოემბერს იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი აქვს აღებული „---გან“ 800 000 ევრო (ექვ. 2 624 640 ლარი) წლიურ 20%, რომლითაც დაიფარა „---- ბანკში“ ამ დროისთვის არსებული სასესხო ვალდებულება (460 000 ევრო) და დარჩენილი თანხის მიზნობრიობას წარმოადგენდა საბრუნავი საშუალებების შევსება. 2020 წლის 10 იანვარს „---- ბანკსა“ და რამდენიმე იურიდიულ პირს, მათ შორის შპს ,,---ს“ და ფ/პ ---ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების, მისი დანართისა და შესული ცვლილებების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად არ დგინდება კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს ,,---ზე", რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცაღა, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები შპს „---ის“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში. დირექტორის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად დაიფარა „---ში“ დარჩენილი სესხი, ასევე „---- ბანკის“ სესხით განხორციელდა ბინებისთვის შემოტანილი თანხების მყიდველებისთვის უკან დაბრუნება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს „--- ბანკში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს. შემოწმების პროცესში არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელის მიერ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია (ხელშეკრულებები, წილობრივი მონაცემები, სესხის ჩარიცხვის დრო, ანგარიში და ოდენობა და სხვა.) მოწოდებული არ ყოფილა. გადამხდელის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების შეტანა ,,კაპიტალის დანიშნულებით", ცალსახად მოხმარდა „----ის“ სესხის ძირის და პროცენტის დაფარვას და ასევე, შეწყვეტილი შეთანხმებების ფარგლებში ბინის მყიდველებს თანხები დაუბრუნდათ უკან, რაც ჯამში შეადგენს 2 935 740 ლარს. შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს (აღნიშნულ თანხა უკვე მოცემულია ხანდაზმულ პერიოდში ხარჯების სრულად დაფარვისთვის დამატებით საჭირო ფულადი სახსრების ჯამში 434 284 ლარის გამოკლების გათვალისწინებით, რაც შემოწმებით მიჩნეულ იქნა 01.01.2020 წლისთვის კაპიტალის შესაძლო ნაშთად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე კაპიტალის ზრდად მიჩნეული თანხების 297 257 ლარის სრულადვე გატანის გათვალისწინებით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2023 წლის იანვრის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობდა, შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, დოკუმენტაციის, ახსნა-განმარტებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სხვა უწყებების მიერ მოწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით.
შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების დასადგენად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ჩატარდა ასევე საწარმოს დაფუძნებიდან მთლიან ხანდაზმულ პერიოდზე, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2017, 2018, 2019 წლებში შპს ,,---ს“ დანახარჯების გადამეტება შემოსავლებზე (434 284 ლარი) შესაძლებელია წარმოადგენდეს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანს. ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 10 იანვარს „---- ბანკსა“ და რამდენიმე იურიდიულ პირსა, მათ შორის შპს ,,----ს“ და ფ/პ ---ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების, მისი დანართისა და შესული ცვლილებების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად არ ირკვევა, კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს ,,---ზე", რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცაღა, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები.
დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად დაიფარა „---ში“ დარჩენილი სესხი, ასევე „--- ბანკის“ სესხით განხორციელდა ბინებისთვის შემოტანილი თანხების მყიდველებისთვის უკან დაბრუნება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს „---- ბანკში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს.
შედეგად, შემოწმების მიერ გამოვლენილი საწარმოს განკარგვადი თანხა 1 645 909.5 ლარი, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2023 წლის იანვრის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154.