გადაწყვეტილება №21693/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 21693/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21693/2/2023

28 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ს“ 23.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21693/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება;

2. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 735 164 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 370 508

დღგ - 22 907

მოგების გადასახადი - 267 748

საშემოსავლო გადასახადი - 79 853

ჯარიმა - 185 194

საურავი - 179 462

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვა-რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 თებერვლის №4756 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33598 ბრძანება და №001-272 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 735 164 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება

ფაქტების აღწერა

ადგილობრივად გადასახადის გადამხდელი შეძენას ახორციელებს --------გან, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც საწარმოს ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. საქონლის დასახელებაში მითითებულია ჯართი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ვაგონებს შლის და ყიდის დეტალებად. ძირითადად უფიქსირდება ექსპორტი. შესაბამისად, არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებულ საქონელსაც განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხები დაანგარიშდა პროპორციის გამოყენებით. კერძოდ, მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ თანხებს შორის თანაფარდობით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-2, 173-ე, 174-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვა-რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტის გზით. ადგილობრივად გადამხდელი შეძენას ახორციელებს ---------გან, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ვაგონებს შლის, აკომპლექტებს და ყიდის დეტალებად, უმეტესად აღდგენილ/დაკომპლექტებულ წყვილთვალებს. ძირითადად უფიქსირდება ექსპორტი. შესაბამისად, არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. როგორც შემოწმების აქტშია მითითებული, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მიღებული ჩათვლა 22 907 ლარით და დაერიცხა გადასახადი. არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან შეძენილი საქონლის ნაწილი წარმოადგენს დაშლილ მდგომარეობაში მყოფ ვაგონის ნაწილებს, რომელსაც გამყიდველიც და მყიდველიც განიხილავს ჯართად, ხოლო დარჩენილი ნაწილი წარმოადგენს ხმარებაში ნამყოფ მეორად ნაწილებს, რომელსაც გამყიდველიც და მყიდველიც განიხილავს როგორც ნაწილს და შესაბამისად გამყიდველი ბეგრავს, ხოლო მყიდველი ახორციელებს მასზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის შემცირება არამართებულია.

 

2. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა იგი არ არის წარმოებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და საბანკო ამონაწერებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები. შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე, სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორები. ამავე ახსნა-განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა აღნიშნული სალაროს ნაშთის დივიდენდად განხილვა. საგადასახდო შემოწმებით სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, მე-8, 97-ე, 130-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს განხორციელებული აქვს რეალიზაცია, ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე, ნაწილი კი ექსპორტის გზით. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების ჯამი და შესაბამისად მიღებული თანხა შეადგენს 2 591 099 ლარს, ვინაიდან გადამხდელის ახსნა-განმარტებით დებიტორული მოთხოვნა პერიოდის ბოლოს არ გააჩნია, შემოწმების აქტით დადგენილი შემოსავალი შეადგენს 2 746 961 ლარს. აღნიშნული სხვაობით შესამცირებელია დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად მიღებული ფულადი სახსრების მოცულობა.

ამავე პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 278 372 ლარს. ამავე შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ ანაზღაურებული ხელფასის და მომსახურების თანხა შეადგენს 68 393 ლარს, ხოლო გაცემული დივიდენდი 32 130 ლარს. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ანაზღაურებულმა ხარჯებმა შეადგინა 1 378 895 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სალაროს დადგენილი ნაშთი შეადგენს 1 360 845 ლარს, რომლის შემდგომი განკარგვაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილია ნაცვლად 1 360 845 ლარისა 1 517 275 ლარი, 432 071 ლარით მეტი მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების არასწორ განსაზღვრას, რაც საჭიროებს ხელახალ შესწავლას მომჩივნის უშუალო მონაწილეობით.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტის გზით რეალიზებული აქვს სულ 1 098 ტონა საქონელი (წყვილთვალები), რომლის ნაწილი (991 ტონა) ადგილობრივ ბაზარზე აქვს შეძენილი, ნაწილი იმპორტის გზით (107 ტონა). რაოდენობრივად მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტირებული აქვს დაახლოებით 850 ცალი წყვილთვალა, ამავე პერიოდში მეწარმეს დოკუმენტურად შეძენილი აქვს დაახლოებით 830 ცალი წყვილთვალა, რომელთაგანაც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებულია 180 ცალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დაახლოებით 200 ცალი წყვილთვალა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ მეწარმეს არ აქვს მიღებული ზედნადები. ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით, ითხოვს ზემოაღნიშნული საქონლის შეძენის ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს სალაროს ვირტუალური ნაშთის განსაზღვრისას „0256“ სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მხოლოდ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს სალაროში დადგენილი ვირტუალური ნაშთის შემდგომი განკარგვა.

როგორც უკვე აღინიშნა, მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვა-რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტის გზით. ვაგონის შეძენის შემთხვევაში, მეწარმე ახორციელებს ვაგონის დაჭრას, ექსპორტისთვის გათვალისწინებული საქონლის დაკომპლექტებას, ხოლო ნარჩენი ჯართის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებას. ასევე, ახორციელებს მეორადი წყვილთვალების შეძენას, მათ გარემონტებას/დაკომპლექტებას და შემდგომ ექსპორტირებას. ზემოაღნიშნული მომსახურების მისაღებად საწარმო სხვადასხვა პერიოდში ქირაობდა კომპანიებს ან შესაბამის სპეციალისტებს, რომლებიც ერთის მხრივ ეწევა დაჭრის მომსახურებას, ხოლო მეორეს მხრივ აკომპლექტებენ წყვილთვალებს და ამზადებენ საექსპორტოდ. ზემოაღნიშნულ მომსახურებებზე გადახდილი თანხები არ არის გამოქვითული ხარჯებიდან და არ არის გათვალისწინებული განკარგვადი ფულადი სახსრების განსაზღვრისას. ითხოვს მომჩივნის უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

ზემოაღნიშნული საკითხების უგულებელყოფამ გამოიწვია მეტად სავალალო შედეგი კომპანიისთვის. ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 735 164 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 370 508 ლარი, ჯარიმა - 185 194 ლარი და საურავი - 179 462 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივანი ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება;

2. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს შეძენასთან დაკავშირებით მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც საწარმოს ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. საქონლის დასახელებაში მითითებულია ჯართი. გადასახადის გადამხდელი ვაგონებს შლის და ყიდის დეტალებად. ძირითადად უფიქსირდება ექსპორტი. შესაბამისად, არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებულ საქონელსაც განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხები დაანგარიშდა პროპორციის გამოყენებით. კერძოდ, მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ თანხებს შორის თანაფარდობით. მომჩივანს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საწარმოს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა იგი არ არის წარმოებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები. შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე, სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. საგადასახადო შემოწმებით სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

3. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 735 164 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 370 508 ლარი, ჯარიმა - 185 194 ლარი და საურავი - 179 462 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"ბ").