ბრძანება N 16430

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.07.2026
№ დოკუმენტი 16430
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16430

20 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2026 წლის 10 და 16 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 ივნისის და 15 ივლისის სხდომებზე (ოქმები №52; №62) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2026 წლის 10 ივნისის №27549/2/2026 და 16 ივნისის №102898/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 მაისის №047-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე სრულყოფილად ვერ შეძლო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. კერძოდ: რამოდენიმე შესრულებულ სამუშაოებზე ვერ წარადგინა მივლინების საბუთები, თუმცა სამუშაო შესრულებულია, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. განმარტავს, რომ გადაადგილება ხდებოდა საკუთარი ავტომანქანით, თუმცა ვერ ახერხებდა საწვავის და სხვა წვრილმანი აუცილებელი ხარჯის საბუთების დადასტურებას, რომელიც შემოსავლის დაახლოებით 60-70%-ია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს განკარგვადი თანხების გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინებას და არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18664 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18664 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 27 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 32 773 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21 849 ლარი, ჯარიმა 10 924 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 13 მაისის №047-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 აგვისტოს №18664 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა ქაღალდზე ხელით ჩაწერილი ხარჯების ჩამონათვალი დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ხოლო, იმავე ბრძანების სარეზულაციო ნაწილის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლების, ხარჯების და სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების ანალიზის საფუძველზე). შედეგად, დოკუმენტურად დაუდასტურებული ხარჯი გაიზარდა სულ 87 399 ლარით. ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადი დაკორექტირდა/შემცირდა 21 850 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების თანახმად, მივლინება არის დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ. ხოლო, მუდმივი სამუშაო ადგილი არის ტერიტორია, სადაც დაქირავებული, შრომითი ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული სამუშაო დროის პერიოდში (ფიქსირებულ სამუშაო საათებში) დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს, რომელიც რეგულარულ და არაერთჯერად ხასიათს ატარებს. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად;

ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრებით არ ეთანხმება შემოწმებით განკარგვადი თანხის ოდენობას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე სრულყოფილად ვერ შეძლო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. კერძოდ: რამოდენიმე შესრულებულ სამუშაოებზე ვერ წარადგინა მივლინების საბუთები, კერძოდ, საჯარო რეესტრის, სასაზღვრო პოლიციის და შსს მომსახურების სააგენტოს მიერ არ დადასტურდა მივლინების საბუთები გვიან მოთხოვნის გამო, თუმცა სამუშაო შესრულებულია, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით.

საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში (01.01.2022-01.04.2025) საწარმოს გაცემული აქვს ხელფასი ჯამში დაახლოებით 10 000 ლარის ოდენობით, 2023 წლის აგვისტოს შემდეგ გადამხდელს წარდგენილი აქვს ნულოვანი დეკლარაციები, შესაბამისად, ვინაიდან არ დგინდებოდა დაქირავებულ პირთა მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გაწეულ მომსახურებაზე დაქირავებულ პირთა მონაწილეობის შესახებ ფაქტი, ასევე გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გადამხდელი მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული დოკუმენტაცია არ იქნა მხედველობაში მიღებული.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდლის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილ მუნიციპალიტეტების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, რომელშიც მითითებულია წლების მიხედვით თუ რა რაოდენობის ვიზიტი განახორციელა საწარმომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე აზომვითი სამუშაოების განხორციელებისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა, განკარგვადი ფულის ნაშთის ოდენობის დაზუსტების მიზნით სამივლინებო ხარჯების გათვალისწინების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დადგინდება შპს „---“-ის მიერ მომსახურების გაწევის პროცესში საწარმოს თანამშრომელთა რაოდენობა, სამივლინებო ხარჯები განსაზღვროს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად, ხოლო განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაცის წარუდგენლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯები განსაზღვროს ზემოაღნიშნული №220 ბრძანების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული დოკუმენტაციის გათვალისწინებით 1 პირზე (დირექტორი) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დადგინდება შპს „---“-ის მიერ მომსახურების გაწევის პროცესში საწარმოს თანამშრომელთა რაოდენობა, სამივლინებო ხარჯები განსაზღვროს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად, ხოლო მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯები განსაზღვროს ზემოაღნიშნული №220 ბრძანების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული დოკუმენტაციის გათვალისწინებით 1 პირზე (დირექტორი) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე სრულყოფილად ვერ შეძლო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა ქაღალდზე ხელით ჩაწერილი ხარჯების ჩამონათვალი დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ხოლო, იმავე ბრძანების სარეზულაციო ნაწილის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლების, ხარჯების და სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების ანალიზის საფუძველზე). შედეგად, დოკუმენტურად დაუდასტურებული ხარჯი გაიზარდა სულ 87 399 ლარით. ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადი დაკორექტირდა/შემცირდა 21 850 ლარით.

 

გადაწყვეტილება

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დადგინდება მომჩივნის მიერ მომსახურების გაწევის პროცესში საწარმოს თანამშრომელთა რაოდენობა, სამივლინებო ხარჯები განსაზღვროს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად, ხოლო განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაცის წარუდგენლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯები განსაზღვროს ზემოაღნიშნული №220 ბრძანების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული დოკუმენტაციის გათვალისწინებით 1 პირზე (დირექტორი) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1,2); 12 (1); 105 (2); 72 (1).