გადაწყვეტილება №21835/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.05.2024
№ დოკუმენტი 21835/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21835/2/2024

27 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21835/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №081-235 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32076 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 16 637 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 10 722

დღგ - 9 872

საშემოსავლო გადასახადი - 850

ჯარიმა - 4 525

საურავი - 1 390

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 5 სექტემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2022 წლის 17 აპრილს. ასევე, მეწარმეს 2014 წლის 18 მარტს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. მეწარმე საქმიანობს იჯარით აღებულ ფართში, -------, -------. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ისე დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელის საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 25%-ს. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 64 ჯგუფზე, წლის ჭრილში, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სმფ-ებზე. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი (2022-2023 წელს საშუალო შეწონილი 25%), რომელიც გავრცელდა შემოწმებით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა (გაიზარდა) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 9.10.2023 წლის №24964 ბრძანება და 10.10.2023 წლის №081-235 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32076 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 90-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 93-ე მუხლის 11 ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა, ამასთან, შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი (25%) თანხვედრაში მოდის გადასახადის გადამხდელის საშუალო შეწონილ დოკუმენტურ ფასნამატთან. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 29 აგვისტოს, დაინიშნა, ინდმეწარმის, რომელსაც აქვს ასევე მცირე მეწარმის სტატუსი (აწარმოებს გამარტივებულ ბუღალტერიას კანონის მიხედვით), გასვლითი საგადასახადო შემოწმება. დაიწყო ინფორმაციის გაცვლა და ელოდებოდა ადგილზე აღწერის გასაკეთებლად და დოკუმენტების შესამოწმებლად ადგილზე, რადგან გასვლითი საგადასახადო შემოწმება იყო. აუდიტორმა უთხრა, რომ ვერ ახერხებდა ჩამოსვლას და ჩამოუსვლელად დაწერდა დასკვნას. ასეც მოიქცა და დააკისრა გადასახადები. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არ მომხდარა ადგილზე ჩამოსვლა და ობიექტის შემოწმება. შემოწმდა კამერალურად გასვლითის ნაცვლად. მოთხოვნის გამოგზავნისთანავე აღნიშნულ ობიექტზე შემოვიდა ------- რეგიონალური შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლობა, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ რაოდენობრივი დათვლა არსებული ნაშთის. მისთვის ეს იყო გაუგებარი და დამაბნეველი, რადგან ერთი შემოწმება ახალ დასრულებული იყო და შემოვიდა მეორე. მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არის პირველი და შეიძლება ყველას პრაქტიკაშიც. რადგან ახლად დასრულებული აუდიტის მერე, რომელსაც გასვლითი საგადასახადო შემოწმება ევალა, გააკეთა რეალურად კამერალური და ისე, რომ არ დაელოდა რაოდენობრივ აღწერის შედეგებს რეგიონალური ორგანიზაციისა დაწერა საბოლოო აქტი და შემდეგ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტორთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ დღგ-ის ნაწილში გადასახადების დაკისრება მოხდა ფასნამატის გამო და შესაბამისად ბრუნვის გადასახადმაც მოიმატა და დაერიცხა გადასახადი. თავიდან კითხა რა ჰქონდა ფასნამატი, მიაწოდა ციფრები და ვუთხარით, რომ საშუალო ფასნამატი ჰქონდა 30%, ხოლო მან დაითვალა, რაღაც მეთოდით და საშუალო ფასნამატი გამოუვიდა 4%-ზე მეტი, რამაც გამოიწვია რეალიზაციის მომატება და შესაბამისად გადასახადების დაკისრება.

აქვს ორი არგუმენტი. პირველი ეხება დათვლის პრინციპს. მისთვის გაუგებარია ერთიდაიგივე ციფრებით, როგორ შეიძლება გამოვიდეს სხვადასხვა ფასნამატი. მაგალითად იყიდა 5 ლარად გაყიდა 7 ლარად. რა მათემატიკური პრინციპით უნდა დაითვალო, რომ მიიღო სხვადასხვა ფასნამატი? ან ვთქვათ ავიღეთ სხვადასხვა მეთოდი მაგალითად fifo ან lifo, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი და იგივე მეთოდით არ ვითვლით ფასნამატს შეიძლება დააჯარიმო ობიექტი? ამ შემთხვევაში, ხომ ორივე მეთოდი სწორია? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საშუალო შეწონილით დათვალა და მან სხვა მეთოდით და არ დაემთხვა ფასნამატი, მაგიტომ დაჯარიმდა. აბა როგორ შეიძლება ერთიდაიგივე ციფრებით დათვალო რაღაც და სხვადასხვა შედეგი მიიღო? მგონი მათემატიკაში ახალ მიგნებასთან აქვს საქმე, ან ვინ თქვა, რომ მისი შერჩეული მეთოდი არასწორია და მაინცდამაინც აუდიტორის შერჩეული მეთოდია სწორი? მახსენდება მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პერიოდი, რომლებიც ორგანიზაციებს აჯარიმებდნენ ფასნამატებზე, მაგრამ ისინი სექტორში არსებული სხვა ორგანიზაციის ფასნამატს ადრიდნენ შემოწმების ობიექტის ფასნამატს და თუ დაბალი იყო მაშინ დაუმატებდნენ ბრუნვას და შესაბამის გადასახადებს, აქ არის ლოგიკა, რადგან ერთი ორგანიზაციის ციფრი შეადარეს მეორესას და დაადგინეს, რომ შემოწმების ობიექტს ქონდა დაბალი ფასნამატი, ფასნამატის დადგენის მეთოდი რა თქმა უნდა ერთი და იგივეა ორივე ობიექტის შემთხვევაში. მაგრამ ერთი ორგანიზაციის ერთი და იგივე ციფრით დაადგინო ფასნამატის სხვაობა ეს აბსურდი მგონია და დიდი უსამართლობა. რაც შეეხება მე-2 არგუმენტს. შემოწმება იყო გასვლითი სადაც შედიოდა ორგანიზაციის შემოწმება ნაშთებზე. ფიქრობს თვითონ უნდა ჩამოსულიყვნენ აღეწერათ ნაშთები, დაედგინათ უნდა ფასნამატი და ზედმეტობა ან ნაკლებობაზე დაეკისრებინათ გადასახადები. ვინაიდან ეს მცირე მეწარმეა და არ ხორციელდებოდა ფინანსური აღრიცხვა. დაედგინათ უნდა არსებული ნაშთის მოცულობა, ფასნამატის პროცენტით უნდა განესაზღვრათ რამდენი უნდა ყოფილიყო რეალიზაცია და თუ გამოიკვეთებოდა დანაკლისი ანუ რეალიზაციის არ აღიარება, ეღიარებინათ რეალიზაციაში არსებული დანაკლისი. აუდიტებმა არ ჩაატარეს ნაშთების აღწერა და არც დაელოდნენ ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების ნაშთების აღწერას, რა შედეგები იქნებოდა და შეადგინეს საგადასახადო შემოწმების აქტი.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, ფიქრობს დარღვეულია, როგორც შემოწმების პროცესის თანმიმდევრულობა (ვინაიდან იყო გასვლითი საგადასახადო შემოწმება და თუ ნაშთების აღწერა ახლა მოხდა და ეს ითვლება მაგ აუდიტის გასვლით ნაწილად, ეგენი უნდა დალოდებოდნენ შედეგებს და მერე დაეწერათ საბოლოო დასკვნა), ისე უკვე დათვლილი აქტის შედეგები ფიქრობს არასწორად არის დათვლილი, რადგან არ შეიძლება ერთი და იგივე ციფრებით მიიღო სხვადასხვა ფასნამატის პროცენტი. აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, ითხოვს მოეხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

ამავე ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ფიზიკური პირი მიმდინარე საანგარიშო წელს გადაწყვეტს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებას ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლას, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას იმ რეჟიმით ან/და წესით, რომლითაც იბეგრებოდა სტატუსის მინიჭებამდე საქმიანობის განხორციელებისას. ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით.

ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლის შესაბამისად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.

4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის მიხედვით:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესი, ხარჯების აღრიცხვის მიზნით, ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ინსტრუქციის დანართი №1-ის შესაბამისად.

2. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შეიძლება იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის.

3. მცირე ბიზნესი ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაციას აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში ასახავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა.

4. ქაღალდზე ნაბეჭდი აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შენიშვნის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.

5. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შესაძლებელია გაიხსნას როგორც ერთ კალენდარულ წელზე, ასევე უვადოდ.

6. კალენდარულ წელზე გახსნილი ჟურნალი იხურება შესაბამისი კალენდარული წლის ბოლო დღეს.

7. ჟურნალის შენახვის ვადაა არანაკლებ 3 წელი. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 5.09.2013 წელს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 18.03.2014 წლიდან. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 17.04.2022 წელს. შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს, როგორც დოკუმენტურად, ისე დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელის საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 25%-ს. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ:

- მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების ან/და დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლის შემდგომ მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით;

- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი;

- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა;

- მომჩივანი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონეა 18.03.2014 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 17.04.2022 წლიდან. შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 2022 წლის აპრილიდან;

- იმ საფუძვლით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე (1.01.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე) განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით.

მხარეთა არგუმენტაციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32076 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა::

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32076 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ისე დოკუმენტის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 64 ჯგუფზე, წლის ჭრილში, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სმფ-ებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა (გაიზარდა) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32076 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 90; 102; 159;