გადაწყვეტილება №24568/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24568/2/2025
13 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------5.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24568/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №041-45 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26942 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 971 891,33 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 600 682,83
დღგ - 239 157
საშემოსავლო გადასახადი - 361 525,83
ჯარიმა - 300 341,5
საურავი - 70 867
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის იმპორტი, ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე (-------).
აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 5.09.2022 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №17593 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია.
წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავს. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 2 076 004 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა 1 963 939 ლარს. მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენის მიზნით რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, რის მიხედვითაც მიღებულმა/მისაღებმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა
3 292 615 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანალიზდა ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოსავლად გათვალისწინებული იქნა შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ხარჯად - საქონელზე გადახდილი ღირებულება და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. სხვაობა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №041-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21972 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.11.2024 წლის №24205/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21972 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 21.11.2024 წლის №24205/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 23.12.2024 წლის №26942 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 19 დეკემბერს 13:00 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და გაირკვა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გადამხდელს დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავდა. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 2 076 004 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა 1 963 939 ლარს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის არგუმენტი, რომ საწარმოს ბუღალტრული პროგრამა სრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდგომ, საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ აღრიცხა შეძენილი სმფ-ები სრულად, თუმცა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება ჩამოწერა საანგარიშო პერიოდის თვის ბოლო რიცხვებში ჯამურად. ჩამოწერის დროს არ იდენტიფიცირდებოდა რაოდენობა და ერთეულის ფასი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებულ საქონელზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე არის უცნობი რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია კომპანიისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია არასწორია.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დასაბუთებულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა მომჩივნის შემოსავალი. პარალელურად ჩატარდა შპს „------“-ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე 58,6% ფასანამატი? ასევე წარმოადგენს ანალოგიურ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს არ მიიჩნია მართლზომიერად შემმოწმებლის მიერ გამოყენებული გაუგებარი აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახდო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენის მიზნით რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, რის მიხედვითაც მიღებულმა/მისაღებმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 3 292 615 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშდა სალაროს ნაშთი, რაც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი დასაბუთებულია, იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა მომჩივნის შემოსავალი. იდენტური საქონლით მოვაჭრე პირზე, რომლის შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. გავრცელდა გაცილებით ნაკლები ფასნამატი (26%).
აუდიტის დეპარტამენტის წარმოამადგენილს განმარტებით შპს ------ (ს/ნ -------) და შპს ------- ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით, კერძოდ შპს ------- ვაჭრობს 16 სხვადასხვა კატეგორიის საქონლით, ხოლო შპს ------- ვაჭრობს მხოლოდ 3 კატეგორიის საქონლით, რომელთაგან ყველაზე დიდი წილი უჭირავს ფეხსაცმელს (საშინაო, რეზინის, სპორტული). გარდა ამისა შპს ------ საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ხოლო შპს „-------“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე ეს ორი პირი ვაჭრობს არაიდენტური საქონლით და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო). გამომდინარე აქედან ორივე საწარმოზე გავრცელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის და მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატის გამოყენება მართებულია. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართებულია. ამასთან, ვინაიდან დგინდება, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებულია განსხვავებული გარემოებების არსებობის პირობებში, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტი და ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე.
გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და გაირკვა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გადამხდელს დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავდა. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 2 076 004 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა 1 963 939 ლარს.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახდო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენის მიზნით რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, რის მიხედვითაც მიღებულმა/მისაღებმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 3 292 615 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშდა სალაროს ნაშთი, რაც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის და მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატის გამოყენება მართებულია. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართებულია. ამასთან, ვინაიდან დგინდება, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებულია განსხვავებული გარემოებების არსებობის პირობებში, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);159(1);101(1);154(1)