ბრძანება N 4406

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.03.2023
№ დოკუმენტი 4406
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4406

09.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: --------------------------)

2022 წლის 13 და 31 ოქტომბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა შპს „---------------“ (ს/ნ -------------) №197345/01 და №18009/2/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 აგვისტოს №048-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ვერ განახორციელა მოკვლევა, რომელიც დავალებული იყო შემოსავლების სამსახურის ბრძანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მხედველობაში მიღებას და შედეგების მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დარიცხვის გადაანგარიშებას. ასევე აღნიშნავს, რომ მოძიებული და აუდიტორთან გადაგზავნილი აქვს მისი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი არააუდირებული კომპანიებისთვის გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, იმ საქონელზე, რომელთა იდენტური საქონლის შეძენასაც ახორცილებს შპს „----------------“.

გადამხდელი მიუთითებს, რომ თუ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით ვერ განხორციელდება დარიცხული თანხების კორექტირება, ითხოვს აუდიტის დეპატრტამენტმა იხელმძღვანელოს მის მიერ გადაგზავნილი სასაქონლო ზედნადებების მონაცემებით ან გამოითხოვოს საქსტატიდან ინფორმაცია იმ საქონლის ფასების სესახებ, რომელთა მოძიებაც ვერ განხორციელდა სხვა საშუალებებით და აღნიშნულს საფუძველზე განახორციელოს განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №34954 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,---------------“ (ს/ნ----------------) საჩივარი.

კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს ,,--------------“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ კომპანიის გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა განისაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის შესყიდული პროდუქციის ღირებულების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული უნდა იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნეს გაფრთხილება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №34954 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 17 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას 5400 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 29 აგვისტოს №048-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 კომპანიის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულებების შესახებ. ანალიზის შედეგად დადგინა, რომ მოძიებული ინფორმაცია არ არის შესაბამისობაში ან/და საკმარისი კომპანიის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისთვის და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის. ამდენად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

 შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №34954 ბრძანების შესაბამისად , საგადასახადო შემოწმების აქტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმები დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №34954 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №34954 ბრძანების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,---------------“ (ს/ნ ---------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის №34954 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.