ბრძანება N 20746
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20746
23 სექტემბერი 2024
ბრძანება
შპს „------- “ (ს/ნ „------- “)
(ფაქტ. მის.: „------- “)
2024 წლის 13 ივნისის და 21 აგვისტოს საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს და 5 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №86 და №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------- -ის “ (ს/ნ „------- “) 2024 წლის 13 ივნისის №98334/21 საჩივარი და 2024 წლის 21 აგვისტოს №140419/21-11 დაზუსტებული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №081-129 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, განმარტავს, რომ აქტში მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დადასტურებული. კომპანია რომელმაც ეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერა ვერ დაადასტურებს რომ შპს „------- -ის “ მიერ სამუშაოები შესრულებულია. გარდა ამისა, სასაქონლო ზედნადებებში ავტომანქანების სახ. ნომრების გაწერა არ ნიშნავს რომ კომპანიის მანქანებმა შეასრულეს გადაზიდვები. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები არ ასახავს სინამდვილეს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას, კერძოდ, გაანგარიშებულ ხარჯებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №7263 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ის“ (ს/ნ „------- “) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივნისის №13239 ბრძანება და 5 ივნისის №081-129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 51 846 ლარი, მათ შორის, გადასახადი 30 363 ლარი, ჯარიმა 14 954 ლარი, საურავი 6 529 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 19 ივნისის №14394 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის პირველი აგვისტოს №23410/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 ივნისის №14394 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი აგვისტოს №23410/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით შპს „------- -ის “ საქმიანობის სახეა შპს „N1-სგან“ იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გაწევა, საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით (საბანკო ამონაწერები) და მესამე მხარეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის (მიღებული სპეც და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე სრულად არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით, აღნიშნული ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით (საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით).
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი და გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი 49 420 ლარით (დღგ-ის გარეშე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი სატრანსპორტო მომსახურების თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით და დღგ-ის საკითხის გათვალისწინებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 84 144 ლარის ოდენობით (გადასახადის გარეშე).
საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, შესაბამისად დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 84 144 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, გადამხდელი დაჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე სრულად არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით, აღნიშნული ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით (საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით). შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი. შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „-------- -ის “ მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და დადასტურებულია მეორე მხარის მიერ 81 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ამავე პერიოდში კომპანიას მიღებული და დადასტურებული აქვს 165 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო მიღებული კორექტირებული და დადასტურებულია 1 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე მიღებული აქვს სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 199 ცალი, რომლებიც ყველა დადასტურებულია.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკთხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სრულად არ არის გამოკლებული ხარჯები, რაც კომპანიას გააჩნდა, თანამშრომლობის შემთხვევაში შეძლებდა წარმოედგინა მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა ხარჯების არსებობის ფაქტს. ასევე, მიაწოდებდა სალაროს ნაშთს რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, დაზუსტებულ საჩივარს თან ურთავს მტკიცებულებებს, რაც მისივე თქმით ადასტურებს ხარჯების არსებობის ფაქტს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია რამდენიმე ხარჯის დოკუმენტი, კერძოდ:
საწვავის შეძენის მიღება ჩაბარების აქტი - 28 ცალი - შემმოწმებელთა ჯგუფის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისი სპეც საგადასახადო ანგარიშფაქტურები მიღებული და ჩათვლილი აქვს შესაბამის პერიოდებში გადამხდელს, რაც შემოწმებით გათვალისწინებულია ხარჯის ნაწილში სრულად;
შპს „N2-სთვის “ მიწის იჯარის სახით გაწეული ხარჯის დოკუმენტი - სალაროს შემოსავლის ორდერი 1 ცალი - შემმოწმებელთა ჯგუფის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სალაროს შემოსავლის ორდერი არის 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის, ხოლო შემოწმება მოიცავდა 2021 წლის პირველი იანვრიდან პერიოდს, შესაბამისად, ამ დოკუმენტის ხარჯის ნაწილში გათვალისწინება ვერ მოხდება;
შეძენილი სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები - საწვავის და ავტომანქანის სავალი ნაწილების ხარჯები - შემმოწმებელთა ჯგუფის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შემოწმების პროცესში სრულად გათვალისწინებულია ხარჯების ნაწილში;
„-------“-სთვის გადახდილი მიწის იჯარის თანხა - წარმოდგენილია საბანკო ამონაწერი - შემმოწმებელთა ჯგუფის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საბანკო ამონაწერი ეკუთვნის „-------“-ს, ხოლო კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან დაბეგრილი „-------“-სთვის გადახდილი იჯარის თანხები გათვალისიწინებულია ხარჯების ნაწილში;
წარმოდგენილია ასევე, დირექტორის, „-------“-ის საბანკო ანგარიშიდან „-------“-სთან შესამოწმებელ პერიოდში გადარიცხულია 12 000 ლარი, რომელიც საბანკო ამონაწერში ფიქსირდება, როგორც - „პირადი გადარიცხვა“ აღნიშნული თანხები დამატებით შესწავლას საჭიროებს, რადგან შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა და დირექტორის პირადი საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხვების შესწავლა ვერ მოხდებოდა, ხოლო წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი აცხადებს, რომ პირადი საბანკო ანგარიშებიდან გადახდილი 12 000 ლარი წარმოადგენს მიწის იჯარის ხარჯს. ამასთან, „-------“ წარმოადგენს არამეწარმე ფიზიკურ პირს და მისთვის გადახდილი იჯარის თანხები, რომელიც „-------“-ის ანგარიშიდან იქნა გადახდილი, დამატებით დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 20%-ით, შესაბამისად შემცირდება შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, მაგრამ გაიზრდება გადახდის წყაროსთან დასაბეგრი არამეწარმე ფიზიკური პირისთვის გადახდილი თანხის ნაწილი, შესაბამისად დაზუსტებულ საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტებიდან მხოლოდ (დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადახდილი მიწის საიჯარო გადასახადი) აღნიშნული ნაწილი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადახდილი მიწის საიჯარო თანხა გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „------- “) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადახდილი მიწის საიჯარო თანხა გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, განმარტავს, რომ აქტში მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დადასტურებული.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას, კერძოდ, გაანგარიშებულ ხარჯებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემებისმიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი და გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი.მომჩივანს დაერიცხა გადასახადი დადაეკისრა ჯარიმა.
2.საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, შესაბამისად დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 84 144 ლარი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. ასევე, გადამხდელი დაჯარიმა სსკ-ის 291-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადახდილი მიწის საიჯარო თანხა გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,158,159,164.