ბრძანება N 20340

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.08.2023
№ დოკუმენტი 20340
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20340

16 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

--------ს (პ/ნ -------)

(მის.: --------)

2023 წლის 24 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა -------ს (პ/ნ ------) №82541/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №EL216376 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ გადავიდა --------ში სურსათის და მედიკამენტების საყიდლად. საბაჟო საზღვარზე უცნობმა პირებმა, ანაზრაურების სანაცვლოდ, თხოვეს სიგარეტის შემოტანა. საქართველოში მებაჟე ოფიცერმა სიგარეტი ჩამოართვა და დააჯარიმა 1000 ლარით. მომჩივანი მიუთითებს, რომ ქმედება გამოწვეული იყო კანონმდებლობის არცოდნით. ამასთან, სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან დაკისრებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში --------ს რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე -------. ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ფიზიკური და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „ZUMERRET“ – 160 ღერი (8 კოლოფი), „PARLIAMENT“ – 180 ღერი (9 კოლოფი), „CAMEL“ – 480 ღერი (24 კოლოფი), „KING“ – 100 ღერი (5 კოლოფი), „LEADER“ – 40 ღერი (2 კოლოფი) „PS“ – 20 ღერი (1 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა მაწვნისთვის განკუთვნილ კოლოფში ჩაყრილ მარილთან ერთად, რაც დასტურდება ჩვენს ხელთ არსებული ვიდეომასალით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.

ვინაიდან ფიზიკური პირი -------ს მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 ივლისს შედგენილ იქნა №EL216376 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე სიგარეტი „ZUMERRET“ – 160 ღერი (8 კოლოფი), „PARLIAMENT“ – 180 ღერი (9 კოლოფი), „CAMEL“ – 480 ღერი (24 კოლოფი), „KING“ – 100 ღერი (5 კოლოფი), „LEADER“ – 40 ღერი (2 კოლოფი) „PS“ – 20 ღერი (1 კოლოფი), შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601089119 ოქმი, ჩამორთმეული საქონელი (დალუქული G6195472 საბაჟო ლუქით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში.

ამასთანავე, რადგან მოცემულ შემთხვევაში ასევე არ იყო შესრულებული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკით ნიშანდების ვალდებულება და ჩადენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა), საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 ივლისს შედგენილ იქნა №AL045619 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და თანდართულ მასალებთან ერთად გადაგზავნილ იქნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

-------ს 2023 წლის 29 მარტიდან დღეის მდგომარეობით უფიქსირდება საზღვრის კვეთის 7 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი. იგი პერიოდულად ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანას და უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 4 ფაქტი (30/01/2020; 04/03/2020; 29/03/2023; 13/06/2023) თამბაქოს ნაწარმზე.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით გამოყენებული იქნეს გაფრთხილება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. ნორმის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას და არა ვალდებულებას.

ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას ყურადღებით ეკიდება იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. ვინაიდან, მომჩივანი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, ხოლო მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერი და პროპორციულია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და გამოყენებული სანქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------ს (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №EL216376 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომჩივნის ფიზიკური და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე. ვინაიდან მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 ივლისს შედგენილ იქნა №EL216376 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და გამოყენებული სანქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6, 27(1), 73(1"ა"), 163(1)(15), 168(3), 199"დ.გ".

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.