გადაწყვეტილება №26960/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26960/2/2026
20 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26960/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. შემოწმების შედეგად გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №007-420 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2026 წლის №4815 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 251 203,74 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 714 126,14
დღგ - 582 275,08
მოგების გადასახადი - 19 626,56
საშემოსავლო გადასახადი - 112 224,5
ჯარიმა - 369 976,4
საურავი - 167 101,2
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №007-420 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის 2.03.2026 წლის №4815 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი ------- (ს/კ -------), ასევე, მიმდინარეობს მეორე კორპუსის მშენებლობა ------- (ს/კ -------). ------- კორპუსიდან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 49 ბინა და 2 კომერციული ფართი. 2024 წელს აშენებული აქვს ავტოფარეხი და 2025 წლის აპრილიდან მიმდინარეობს კერძო სახლის მშენებლობა ------- (ს/კ -------), რომელიც დასრულდება 2026 წელს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და დადგინდა, რომ კომპანიას არ აქვს სრულად დაბეგრილი ფართების რეალიზაციით მიღებული თანხები. ასევე, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული აქვს 2 კომერციული ფართი და 1 ბინა, რომელზეც ხელშეკრულებით აფიქსირებს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ სარეალიზაციო ფასებს (ბინაზე 1 კვ.მ. 448 აშშ დოლარი, კომერციულ ფართებზე 1 კვ.მ. 382 და 450 აშშ დოლარი).
გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული 1 ბინის და ორივე კომერციული ფართების საბაზრო ღირებულების განსაზღვრაზე ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც რეალიზებული ბინის ღირებულებაა 1 კვ.მ 567 აშშ დოლარი და კომერციული ფართების 1 კვ.მ 834 აშშ დოლარი.
ნასყიდობის ხელშეკრულებების და საბუღალტრო მონაცემების მიხედვით უძრავი ქონების რეალიზაციის თანხები სრულად დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა საბაზრო ფასით. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160- ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული კურსის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მომჩივნის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები დაუსაბუთებელია, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი შინაარსობრივად ეთანხმება აუდიტორის მიერ შეფასებით ნაწილში გამოთქმულ პოზიციას, თუმცა წარმოდგენილი გაანგარიშებებით იღებს განსხვავებულ დასაბეგრ ბრუნვას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დაკავშირებულ მხარეებთან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები გაფორმდა 20.11.2022 წელს. ხოლო უშუალოდ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და, შესაბამისად, მიწოდების ფაქტი დაფიქსირდა შემდგომ პერიოდებში. კერძოდ, მიწოდების განხორციელების თარიღები და შესაბამისი კურსები ობიექტების მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად:
ობიექტზე ს/კ ------- 24.01.2024 წლის კურსი 2.6505;
ობიექტზე ს/კ ------- 30.03.2023 წლის კურსი 2.5655;
ობიექტზე ს/კ ------- 06.03.2025 წლის კურსი 2.7858.
საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დღგ-ის მიზნებისთვის მიწოდების მომენტად მიიჩნევა ქონების ფაქტობრივი გადაცემის დრო (მიღება-ჩაბარება/საკუთრების გადაცემა). შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაცია უნდა შეფასდეს იმ პერიოდში, როდესაც მიწოდება რეალურად განხორციელდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გამოხატული თანხები ლარში უნდა გადაიყვანოს იმ დღის ოფიციალური კურსით, როდესაც წარმოიშობა საგადასახადო ვალდებულება.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ გარე ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ღირებულებები წარმოადგენს დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის საფუძველს, თუმცა აღნიშნული დღგ-ის მიზნებისთვის უნდა განისაზღვროს არა ხელშეკრულების გაფორმების, არამედ მიწოდების თარიღით. შესაბამისად, საბაზრო ღირებულებები ლარში გადაყვანილი უნდა იქნას იმ კურსით, რომელიც მოქმედებდა თითოეული ობიექტის მიწოდების თარიღისთვის. აღნიშნული მიდგომა ერთდროულად უზრუნველყოფს როგორც საბაზრო ფასის გამოყენებას, ასევე საგადასახადო ვალდებულების სწორ პერიოდულ აღიარებას და სრულად შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;
ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილის თანახმად:
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
7. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:
ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;
გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დაკავშირებულ მხარეებთან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები გაფორმდა 20.11.2022 წელს, ხოლო უშუალოდ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და, შესაბამისად, მიწოდების ფაქტი დაფიქსირდა შემდგომ პერიოდებში. დასაბეგრი ოპერაცია უნდა შეფასდეს იმ პერიოდში, როდესაც მიწოდება რეალურად განხორციელდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული თანხები უნდა დაკონვერტირდეს ლარში იმ დღის ოფიციალური კურსით, როდესაც წარმოიშობა საგადასახადო ვალდებულება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ბინისა და კომერციული ფართების ღირებულება აშშ დოლარში ემთხვევა შემოწმებით გათვალისწინებულ ექსპერტიზით დადგენილ საბაზრო ფასებს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციით დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა გამოწვეულია ბინების რეალიზაციაზე არასწორი აშშ დოლარის კურსის მისადაგებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ კალკულაციაში გამოყენებული აქვს ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღისთვის არსებული აშშ დოლარის კურსი, ხოლო შემოწმებით გამოყენებულია ნასყიდობის ხელშეკრულების (ბინის და კომერციული ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემის მომენტი) თარიღებისთვის არსებული აშშ დოლარის კურსი.
საბჭომ იმსჯელა წარმოდგენილ არგუმენტაციაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დღგ-ის მიზნებისთვის ოპერაციის დასაბეგრი დრო უნდა განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. შემოწმების შედეგად გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელმა წერილობით მოითხოვა, რომ სხვაობა საბაზრო ფასებს და ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასებს შორის განხილული ყოფილიყო როგორც მიღებული თანხა და განხორციელებულიყო კაპიტალში შენატანის შემცირება. 5.03.2024 წელს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილია მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (ს.კ. -------, მდებარე -------, -------, -------). დამფუძნებელი ფიზიკური პირები ფლობდნენ საწარმოს 50-50%-იან წილებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები შეძენილია დამფუძნებლების მიერ აუქციონზე 2010 და 2021 წლებში. ასევე მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობანაგებობის კაპიტალში შეტანამდე და შეტანის შემდეგაც ფიქსირდება მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, კერძოდ ფართი იჯარითაა გაცემული შპს -------. საწესდებო კაპიტალში შეტანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და აღნიშნულ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. უძრავი ქონების კაპიტალში შეტანის ოპერაცია, წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს განხილული არ აქვთ საქონლის მიწოდებად. საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის გათვალისწინებით, არაფულადი შენატანის (მიწის) სახით საწესდებო კაპიტალის ოდენობად შემოწმებით განისაზღვრა დამფუძნებლების მიერ უძრავი ქონების თავდაპირველი შეძენის ღირებულება. შპს ------- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შემოწმებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს დაემატა შემოწმებით დადგენილ და ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა და ხარჯში დამატებით გამოქვითულია კაპიტალში შენატანი (ფულადი 85 374 ლარი და არაფულადი 199 379 ლარი) და სალაროს გონივრული ნაშთი 17 444 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წლის აგვისტოში არაგონივრული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 151-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 ნაწილებზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობანაგებობაზე გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიიჩნევს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების სახელშეკრულებო და საბაზრო ფასებს შორის სხვაობით. მომჩივნის გაანგარიშებით, აღნიშნული სხვაობა შეადგენს 555 314,76 ლარს. შესაბამისად, აუდიტის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიით, დასაბეგრი არაგონივრული ნაშთი უნდა განისაზღვროს 253 117,76 ლარის ოდენობით (555 314,76 - 85 374 - 199 379 - 17 444 = 253 117,76) და არა 409 183 ლარით, როგორც ეს მითითებულია შემოწმების აქტში.
მომჩივანი მიუთითებს, რომ პარტნიორების მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილი ფულადი სახსრებისა და სხვა აქტივების ნაშთი რეალურად გაცილებით მაღალია. აუდიტის მიერ გათვალისწინებულია აქტივების მხოლოდ ნაწილი 199 379 ლარი, მაშინ როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დანართი: ექსპერტიზის დასკვნა) დასტურდება პარტნიორების მიერ დამატებით 1 677 309 ლარის ღირებულების აქტივის შეტანა. მომჩივანი მოითხოვს აღნიშნული თანხის სრულად გათვალისწინებას სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას.
მიწის ნაკვეთი თავდაპირველად შეძენილი იყო შენობა-ნაგებობის გარეშე, ხოლო მშენებლობა განხორციელდა 2010-2012 წლებში. ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელია მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დოკუმენტური დადასტურება. მოცემულ ვითარებაში, შენობა-ნაგებობის ღირებულების განსაზღვრის ერთადერთ სანდო და ობიექტურ საფუძველს წარმოადგენს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი თავდაპირველად შეძენილი იყო შენობა-ნაგებობის გარეშე, ხოლო მშენებლობა განხორციელდა 2010-2012 წლებში. აღნიშნული შენობა იჯარით იყო გაცემული. შემდგომ კი მოხდა მისი დემონტაჟი და დაიწყო კორპუსის მშენებლობა. ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელია მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დოკუმენტური დადასტურება. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შენობანაგებობის ღირებულების განსაზღვრის ერთადერთ სანდო და ობიექტურ საფუძველს წარმოადგენს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა.
საბჭო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ შენობა-ნაგებობის არსებობა დასტურდება, ხოლო გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობა განპირობებულია ხანდაზმულობის ვადის გასვლით (მშენებლობის პერიოდი 2010-2012 წწ), სამსჯელოა, აღნიშნული მშენებლობის ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და გათვალისწინება, მათ შორის ექსპერტიზის დანიშვნის გზით. ამ მიზნით, საჩივარი ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.03.2026 წლის №4815 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. შემოწმების შედეგად გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.
ფაქტობრივი გარემოებები
1. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ბინისა და კომერციული ფართების ღირებულება აშშ დოლარში ემთხვევა შემოწმებით გათვალისწინებულ ექსპერტიზით დადგენილ საბაზრო ფასებს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციით დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა გამოწვეულია ბინების რეალიზაციაზე არასწორი აშშ დოლარის კურსის მისადაგებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ კალკულაციაში გამოყენებული აქვს ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღისთვის არსებული აშშ დოლარის კურსი, ხოლო შემოწმებით გამოყენებულია ნასყიდობის ხელშეკრულების (ბინის და კომერციული ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემის მომენტი) თარიღებისთვის არსებული აშშ დოლარის კურსი.
2. საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი თავდაპირველად შეძენილი იყო შენობა-ნაგებობის გარეშე, ხოლო მშენებლობა განხორციელდა 2010-2012 წლებში. აღნიშნული შენობა იჯარით იყო გაცემული. შემდგომ კი მოხდა მისი დემონტაჟი და დაიწყო კორპუსის მშენებლობა. ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელია მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დოკუმენტური დადასტურება. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შენობანაგებობის ღირებულების განსაზღვრის ერთადერთ სანდო და ობიექტურ საფუძველს წარმოადგენს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-10); 101; 154; 159; 163; 164;