„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №147
2025 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ (შემოსავლების სამსახურის სპეციალიზებული ვებგვერდი – www.ncts.rs.ge) (შემდგომში – „სატრანზიტო სისტემა (NCTS)“) გამოყენება შესაძლებელია საქართველოდან „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციის (CTC) წევრი ქვეყნის (შემდგომში – CTC-ის წევრი ქვეყანა) დანიშნულებით ან მისი გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით ან ამ ქვეყნიდან საქართველოს დანიშნულებით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით საქონლის გადაადგილებისას.
შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით საქონლის გადაადგილებად არ განიხილება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება ან გატანა.“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) „მესამე ქვეყანა“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც არ არის „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე.“.
2. მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმებისას, შემოსავლების სამსახურს წარედგინება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „ნასამართლობის შესახებ ცნობა“.“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურს წარედგინება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „ნასამართლობის შესახებ ცნობა“.“.
4. მე-6 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით, 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 172-ე მუხლით ან 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის შესრულების შემოწმებისას, შემოსავლების სამსახურს წარედგინება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „ნასამართლობის შესახებ ცნობა“.“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გარანტიის ოდენობა შეადგენს იმპორტის გადასახდელის შესაბამის თანხას, რომელიც საგადასახადო შეღავათის გაუთვალისწინებლად გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო სუბპოზიციის შესაბამისი მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.“.
5. მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით, 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 172-ე მუხლით ან 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის შესრულების შემოწმებისას, შემოსავლების სამსახურს წარედგინება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „ნასამართლობის შესახებ ცნობა“.“.
მუხლი 2
„ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტითა და მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები საქონლის საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვაზე 2027 წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს მხოლოდ საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით ავტოსატრანსპორტო საშუალებით/მისაბმელით საქონლის გადატანაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №205 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №356 - ვებგვერდი, 31.12.2025წ.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ექსპორტის/გარე გადამუშავების საბაჟო პროცედურით ან რეექსპორტით გატანის შემთხვევაში, ამ ბრძანების მე-2 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 10 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კაკაურიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე