გადაწყვეტილება №20866/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20866/2/2023
30 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ს 19.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20866/2/2023).
დავის საგანი:
დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობის განხორციელების ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №EL218452 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21125 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2.09.2022 წელს „--------ს“ (ს/ნ -----) მიერ №------ კონტეინერზე, რომელშიც განთავსებული იყო ------ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება (შასის №-----), დარეგისტრირდა №----- დროებით შენახვის დეკლარაცია და დროებით შენახვის ბოლო ვადად განესაზღვრა 1.03.2023 წელი.
აღნიშნულ ვადაში მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც 31.07.2023 წელს შედგენილი №EL218452 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2023 წლის №21125 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 78-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 165-ე მუხლზე.
საქმის მასალებით დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადის დარღვევაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთი დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანება უკანონოა, იგი მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული აქვს, რომ სატრანსპორტო საშუალების ------ს ტერმინალში დარეგისტრირების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხა ტერმინალს, რომ სათანადო პროცედურების გავლით წამოეღო ავტომობილი, მაგრამ მის გამოტანაზე უთხრეს უარი. როგორც განუმარტეს, უფიქსირდებოდა სხვა სამართალდარღვევა და ამ საკითხის გარკვევამდე ავტომობილს ვერ წამოიღებდა. ნამდვილად იყო სხვა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც გასაჩივრებულია და ჯერ არ არის მათი წარმოება დასრულებული, თუმცა ისინი კონკრეტულ შემთხვევასთან არ არის კავშირში და წესით არც დაბრკოლება უნდა შექმნოდა ამ მიზეზით.
შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების წასაღებად დადგენილ ვადაში მიაკითხა ტერმინალს, შენახვის ვადის დარღვევა მისი ბრალით არ მომხადარა და ამის გამო მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. გამოცხადების დროს საბაჟო ტერმინალის შესაბამის პირს, ვისგანაც მანქანის გამოტანაზე ეთქვა უარი, რაიმე აქტი არ შეუდგენია, რაც ალბათ უნდა მოეთხოვა და ახლა ამის მტკიცება არ გაუჭირდებოდა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად საჩივარი განიხილა მომჩივნის დასწრების გარეშე. ბრძანებაში მითითებულია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მიუთითებს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე, საქმის მასალებით დადასტურებულად არის მიჩნეული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადის დარღვევაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ვადის დარღვევა არ იყო მომჩივნის ბრალით განპირობებული, შესაბამისად ქმედება არ შეიძლება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად შეფასდეს. მანქანის გამოტანაზე უარის რეალური მიზეზი მისთვის უცნობია. სხვა სამართალდარღვევაზე ნამდვილად აქვს საჩივარი წარდგენილი, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება იყო მანქანის გატანაზე უარის მიზეზი. გასაჩივრებულ ბრძანებაში ამ საკითხზე მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.08.2023 წლის №19780/2/2023 გადაწყვტილებით, -------ს 23.05.2023 წელს რეგისტრირებული საჩივარი (რეგისტრაციის №19780/2/2023), რომლითაც ასაჩივრებდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე მის მიმართ შედგენილ 74 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვტილება გასაჩივრებულია სასამართლოში.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და თვლის, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია ფაქტობრივი გარემოებების არასრულად გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21125 ბრძანება და საბაჟო დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №EL218452 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მოეხსნას შეფარდებული სანქცია 1 000 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.
3. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივანმა განსაზღვრულ ვადაში არ განახორციელა 2.09.2022 წელს №----- დროებით შენახვის დეკლარაციით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშულების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობის განხორციელების ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
2.09.2022 წელს კონტეინერზე, რომელშიც განთავსებული იყო მომჩივნის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, დარეგისტრირდა დროებით შენახვის დეკლარაცია და დროებით შენახვის ბოლო ვადად განესაზღვრა 1.03.2023 წელი. აღნიშნულ ვადაში მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც 31.07.2023 წელს შედგენილი №EL218452 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 78(1)(3), 165.