გადაწყვეტილება №24660/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24660/2/2024
27 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 28.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №24660/2/2024).
დავის საგანი:
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის N041-68 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 იანვრის №270 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 152 485,36 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 93 215,30
ჯარიმა - 39 845,58
საურავი - 19 424,48
ფაქტების აღწერა
საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 5 დეკემბრის №25516 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის მიერ №A --- საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 5 დეკემბრის № ა 215-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: ზემოთ მითითებულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა CPT/CIP თბილისი, დეკლარაციებში და მის თანმხლებ დოკუმენტებში (ინვოისებში) ასევე გამოყოფილია საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, რომელიც რეალურად/სრულად არ ასახავს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს, რომელიც წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ, საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით შპს „---ს“ (ს/ნ ---) სატრანსპორტო ზედნადებებით (Air Waybill) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს ---ის თბილისის ფილიალისგან (ს/ნ ---) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „----ის ფილიალისგან საქართველოში“ (ს/ნ ----). საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიდან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიებიდან სატრანსპორტო ზედნადებების მიხედვით გამოგზავნილი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველი თანხები ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს. მოპოვებული ინფორმაციის და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს თითოეულ საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) – 13 973.50 ლარი, ასევე შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 39 845,58 ლარის ოდენობით, ხოლო ვინაიდან №----- საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამიტომ მოცემული სამართალდარღვევისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სანქციის შეფარდების საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს ასევე გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25814 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და №041-68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 იანვრის №270 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 30-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებზე. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 44-ე მუხლზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ინკოტერმის წესები ზუსტად განსაზღვრავენ ამოცანებს, დანახარჯებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან. ინკოტერმსის წესები მიღებულია და აღიარებულია მრავალი ქვეყნის მთავრობების მიერ საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების ასახსნელად, CIP — Carriage and Insurance Paid to გადაზიდვის და დაზღვევის ანაზღაურდება. მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPT-ის შემთხვევაში (გარდა დაზღვევისა). გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას, იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის და ანაზღაურებს ტრანსპორტირების ხარჯებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან ნების თავისუფალი გამოვლინების ფარგლებში, მოცემულ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულ ნების ავტონომიასთან გვაქვს საქმე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ ყოფილა, კერძოდ, იგულისხმება, რომ საჩივრის ავტორი, რომელიც წარმოადგენს მყიდველს პროდუქციის, მან პროდუქციის თანხა გადაიხადა მხარეთა შეთანხმებისამებრ, რომელიც თავის თავში მოიცავდა ყველა ხარჯს, მათ შორის გადაზიდვის და ამავდროულად დაზღვევის ხარჯს, შესაბამისად მითითებულ თანხაში შედიოდა და შედის ყველა ის ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია შეძენისათვის, ტრანსპორტირებისათვის, პროდუქციის დაზღვევისათვის და ა.შ. გადაზიდვა დაკვეთას და ხარჯის ანაზღაურებას უზრუნველყოფდა გამყიდველი, შესაბამისად მყიდველი ვერ იქნება პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ განხორცილებულ ქმედებაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების თანახმად:
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს: ა
) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველია, პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 13-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:
6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;
ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.
7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში. აღნიშნულის დადგენას საფუძვლად დაედო: უსფ(წ) „-----ის ფილიალის საქართველოშის“ და უსფ(წ) სს „----ის“ მიერ სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების (შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის) ამსახველი დოკუმენტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების (საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის), რომელიც წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, საქონლის გაფორმებისას არასწორად წარდგენამ და დეკლარაციებში არასწორად ასახვამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად მომჩივანს საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი, კერძოდ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – 13973.50 ლარი, ასევე სანქცია ჯარიმის სახით საბაჟო დეკლარაციებზე დაეკისრა 9104.74 ლარი საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო ვინაიდან საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამიტომ მოცემული სამართალდარღვევისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სანქციის შეფარდების საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გადაწყვეტილება
საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167.