გადაწყვეტილება №23552/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2024
№ დოკუმენტი 23552/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23552/2/2024

12 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 24.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23552/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედგები 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხის ნაწილში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16968 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 140 703,98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 71 198

დღგ - 40 166 მიწაზე (არასასოფლო)

ქონების გადასახადი - 86

საშემოსავლო გადასახადი - 29 621

ქონების გადასახადი - 1 325

ჯარიმა - 34 945,3

საურავი - 34 560,68

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 16.06.2022 წლის №046-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანებით, 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით, შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.09.2023 წლის №20196/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანება. საჩივარი, 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეფასების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 7.09.2023 წლის №20196/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 19.12.2023 წლის №31890 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 25.04.2024 წლის №21794/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31890 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 25.04.2024 წლის №21794/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 18.07.2024 წლის №16968 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 306-ე, მე-4, 61-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 173-ე, 174-ე და 72-ე მუხლებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებაში, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ შეიძინა ტრაქტორი და განაბაჟა იმპორტის რეჟიმში, მაგრამ საბაჟოზე გადახდილი დღგ არ ჩაუთვლია მექანიკური შეცდომის გამო, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.08.2010 წლის №1475 ბრძანებით დამტკიცებულ №11127 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციით ჩათვლის განხორციელება, მათ შორის, დეკლარაციის დაზუსტების გზით შესაძლებელია ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში, ამასთან, იმ საანგარიშო პერიოდებში (მაგრამ არაუგვიანეს კალენდარული წლის დეკემბრის თვის), რომელშიც განხორციელდა საქონლის იმპორტი. განსახილველ შემთხვევაში კი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია 2018 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგის ჩათვლა არ მომხდარა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები.

შემოსავლების სამსახური ასევე განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღებას უკავშირებს გარკვეული წინაპირობების არსებობას, მათ შორის და არა მხოლოდ, საქონელი/მომსახურება გამიზნული უნდა იყოს ან გამოიყენებოდეს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის. ამასთანავე, გათვალისწინებულია შეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე, მათ შორის, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი დღგ-ის ჩათვლის წინაპირობები და ამასთანავე, საგადასახადო კონტროლის მექანიზმებით შემოწმებადი უნდა იყოს დღგ-ის ჩათვლის მიღების მართლზომიერება. იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შეამოწმოს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით, პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის ზოგადი დებულებანი და დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღებისთვის განსაზღვრული წინაპირობები უნდა გავრცელდეს საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლების მოთხოვნის შემთხვევაშიც.

ამასთანავე, რამდენადაც გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვის - საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვისა და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის - ხანდაზმულობის ვადა - 3 წელია, გადასახადის დარიცხვის საფუძველი კი - საგადასახადო დეკლარაცია, რომელშიც მათ შორის აისახება საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის დადგენილი წესით ჩასათვლელი თანხა, წარსადგენ დეკლარაციაში საბაჟო დეკლარაციით ჩასათვლელი დღგ-ის ასახვის 3 წლიანი პერიოდით შეზღუდვა მართლზომიერია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვარი) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

გასაჩივრებულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური აპელირებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის „ვ1 “ ქვეპუნქტზე. ასევე, თავისი პოზიციის გასამყარებლად მოჰყავს „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.08.2010 წლის №1475 ბრძანებით დამტკიცებული №11127 სიტუაციური სახელმძღვანელო. იშველიებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილს და განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციით ჩათვლის განხორციელება, მათ შორის დეკლარაციის დაზუსტების გზით შესაძლებელია ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში, ამასთან იმ საანგარიშო პერიოდებში (მაგრამ არაუგვიანეს კალენდარული წლის დეკემბრის თვის), რომელშიც განხორციელდა საქონლის იმპორტი.

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

განსახილველ შემთხვევაში კი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია 2018 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. ამასთან შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს - რაც არამართებულია და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. არ დარღვეულა შემოსავლების სამსახურის მიერ მოყვანილი საკანონმდებლო ნორმის არც ერთი პუნქტი.

2018 წლის იანვარში განხორციელებული იმპორტის ოპერაცია კანონმდებლობის სრული დაცვით დეკლარირებულია შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში და წარდგენილია შემოსავლების სამსახურში, მაგრამ ჩათვლა მიღებული არ არის, რასაც შემოსავლების სამსახურიც ადასტურებს გასაჩივრებულ ბრძანებაში.

დღგ-ის 2018 წლის იანვრის დეკლარაციაში დაფიქსირებული და საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დღგ უნდა გაეთვალისწინებინათ შემოწმების ფარგლებში დღგ-ის შემოწმებისას, რაზეც შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების მიუხედავად გაურკვეველი და დაუსაბუთებელი მიზეზების გამო უარს აცხადებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე.

გასაჩივრებულ ბრძანებაში დაფიქსირებულ ნორმებში არ არსებობს არანაირი შეზღუდვა საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ის ჩათვლის აკრძალვის თაობაზე. ხოლო, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ1 “ ქვეპუნქტი, რომელზეც აპელირებს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედ საგადასახადო კოდექსში არ არსებობს. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის 31 ნაწილი კი სულ სხვა საკითხს ეხება. ამდენად, მასზე აპელირებაც უსაფუძვლოა.

„საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.08.2010 წლის №1475 ბრძანებით დამტკიცებულ №11127 სიტუაციურ სახელმძღვანელოში სხვა შემთხვევაა განხილული, როცა გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის გაანგარიშების წინა წლის დეკლარაცია მომდევნო წელს დაადეკლარირა და ეს ქმედება ამავე დოკუმენტით კანონიერადაა ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული სიტუაციური სახელმძღვანელო 18.03.2020 წელს არის მიღებული და ოპერაციის შესრულების პერიოდისთვის არ არსებობდა. ამდენად მისი გამოყენება უკანონოა.

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე აპელირებას, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ხსენებული ნორმის შესაბამისად საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

ზედმეტად არც გადასახადის და არც სანქციის თანხა არ არის გადახდილი და შესაბამისად, არც მისი დაბრუნება ყოფილა მოთხოვნილი.

მოთხოვნილი იყო დღგ-ის 2018 წლის იანვრის დეკლარაციაში დაფიქსირებული და საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დღგ-ის გათვალისწინება შესამოწმებელ პერიოდში, რაც არანაირი ვადის დარღვევას არ წარმოადგენს. ამდენად, ხსენებულ მუხლზე აპელირება სრულიად უსაფუძვლოა.

საეჭვოა, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე შეტანილი არ ყოფილა და საბჭოს არ განუხილავს, რადგან ბრძანებაში მოყვანილი განმარტებები პირველი საჩივრის განხილვისას არც შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოზე და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოზე გამოთქმულ მოსაზრებებს არ შეესაბამება.

ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16968 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივანის მონაწილეობით განიხილოს საკითხი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საბაჟო დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით, შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.

საბჭო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისი დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულია 14.03.2022 წლის №6275 ბრძანებით ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე (20.07.2022 წლის საჩივრით).

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის განმარტებას, სადავო საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ მოსაზრებას, რომ დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი დღგ-ის ჩათვლის წინაპირობები და ამასთანავე, საგადასახადო კონტროლის მექანიზმებით შემოწმებადი უნდა იყოს დღგის ჩათვლის მიღების მართლზომიერება. საგადასახადო კოდექსის ზოგადი დებულებანი და დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღებისთვის განსაზღვრული წინაპირობები უნდა გავრცელდეს საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლების მოთხოვნის შემთხვევაშიც.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ სადავო დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე მოთხოვნა დაფიქსირებული იქნა მაშინ, როდესაც აღნიშნული პერიოდის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ასევე ხანდაზმულობის ვადა გასული იყო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის (შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება არ მოიცავდა აღნიშნულ საანგარიშო პერიოდს), საბჭო მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩათვლის შეზღუდვა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისი დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულია 14.03.2022 წლის №6275 ბრძანებით ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე (20.07.2022 წლის საჩივრით).

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის განმარტებას, სადავო საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ მოსაზრებას, რომ დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი დღგ-ის ჩათვლის წინაპირობები და ამასთანავე, საგადასახადო კონტროლის მექანიზმებით შემოწმებადი უნდა იყოს დღგის ჩათვლის მიღების მართლზომიერება. საგადასახადო კოდექსის ზოგადი დებულებანი და დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღებისთვის განსაზღვრული წინაპირობები უნდა გავრცელდეს საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლების მოთხოვნის შემთხვევაშიც.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ სადავო დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე მოთხოვნა დაფიქსირებული იქნა მაშინ, როდესაც აღნიშნული პერიოდის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ასევე ხანდაზმულობის ვადა გასული იყო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის (შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება არ მოიცავდა აღნიშნულ საანგარიშო პერიოდს), დღგ-ის ჩათვლის შეზღუდვა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).