გადაწყვეტილება №25333/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 25333/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25333/2/2025

02 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ს 18.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25333/2/2025).

 

დავის საგანი:

გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული მესამე პირების აუდირებული ფასნამატის (47.06%) ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №6825 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №007-42 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10913 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 47 755.78 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 29 544.78

დღგ - 17 238.83

საშემოსავლო გადასახადი - 12 259.95

ქონების გადასახადი - 46

ჯარიმა - 12 582.90

საურავი - 5 628.10

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ქალის ტანსაცმლის იმპორტი ჩინეთიდან და მისი საბითუმო/საცალო რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2025 წლის №1145 და 17.03.2025 წლის №4386 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 3.02.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 28.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახდენს ქალაქ „--------“-ში, იჯარით აღებულ („--------“ საკუთრებაში არსებულ) ფართში, რაზეც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები. გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო აღრიცხვა არ აქვს მოწესრიგებული, შემოწმებისათვის შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საწყისი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთი თანხობრივად არის წარდგენილი, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით. დოკუმენტური რეალიზაციის შესწავლისას გამოვლინდა სხვადასხვა ფასნამატები (როგორც მინუსიანი, ასევე 100%-ზე მეტი ოდენობის), რომელთა ობიექტურობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან კონკრეტული რეალიზებული საქონელი, რომელიც შენაძენიდან (მათ შორის შესაძლოა საწყისი ნაშთიდან) არის რეალიზებული ვერ იდენტიფიცირდება. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებულია სამჯერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი (47.06%). მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.04.2025 წლის №6825 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 10.05.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.05.2025 წლის №10913 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩაინიშნა 21.05.2025 წელს, 11:40 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებულია სამჯერ. ამასთან, მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და ვინაიდან, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შემოწმების მიერ მთლიან პერიოდში განსაზღვრულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი (47.06 %) და განისაზღვრა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი.

გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური ან ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი რაოდენობრივ-თანხობრივი მონაცემი, ამასთან უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მზარდი ნაშთი. შემოწმების პროცესში ზუსტი დოკუმენტური და ინვენტარიზაციის ფასნამატის განსაზღვრა ვერ განხორციელდა ორი მიზეზის გამო: პირველი, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს შესამოწმებელ პერიოდში კონკრეტული რეალიზებული საქონელი შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთიდან იყო რეალიზებული თუ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შენაძენებიდან. ამასთან, საქონლის შესყიდვისა და რეალიზაციის დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ვერ განხორციელდა კონკრეტულ საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო პირისთვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოეყენებინა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ პირისთვის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ისა და წლიური საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციების მიხედვით 2022 წლის შემოსავალი შეადგენს 419 729,76 ლარს, 2023 წლის - 353 494,47 ლარს, 2024 წლის - 400 604,97 ლარს. წლების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატია 28%, 30% და 35%.

საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას არ ასაჩივრებს, ვინაიდან პირველადი საგადასახადო და სხვა დოკუმენტაციით (ინვოისებით, ზედნადებებით, საკონტროლოსალარო აპარატის მეხსიერებით, საბანკო ამონაწერებით) დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფარგლებში დაცული არ არის საგადასახადო ვალდებულების ობიექტურად და სამართლიანად განსაზღვრის პრინციპები.

საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თითოეული გადასახადის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსასაზღვრად უნდა დადგინდეს შესაბამისი გარემოებები (დაბეგვრის ობიექტი). არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაში იგულისხმება პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა „აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე“.

„არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას უნდა მოხდეს დაბეგვრის ობიექტის მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრა, შეგროვებული ინფორმაცია და მისი დამუშავების მეთოდი უნდა იძლეოდეს რეალობის მაქსიმალურად მოდელირებას. არაპირდაპირი მეთოდი გულისხმობს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას ისეთი მონაცემებით, როგორებიცაა: აქტივების სიდიდე, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარება, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზი“ (იხ. 15.04.2024 წ. სუსგ №ბს-902 (კ-19)). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო დანაწესის მიზანია სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო ორგანოს უფლება - გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ოფიციალური ინფორმაციით/დოკუმენტაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას“ (იხ. 19.09.2023 წ. სუსგ №ბს-554 (2კ-22)).

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, შემოწმდა 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის ფარგლებში განისაზღვრა აღწერილი საქონლის სარეალიზაციო (საბაზრო) ფასები, რომლის საფუძველზე დადგენილმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 35%, ხოლო გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით - 25%.

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ სრულ პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებას, 47,06% ფასნამატის გამოყენებით (არ უნდა გავრცელებულიყო 3 წლიან პერიოდზე), ვინაიდან შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი არსებითად განსხვავდებოდა, როგორც მსგავსი საქმიანობის მქონე და იმავე საბაზრო სივრცეში მოქმედ გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო ორგანოების მიერ დაფიქსირებული ფასნამატებისგან. აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024წ. №390/4 დასკვნით ი/მ წიანგჰონგ გუოს მიმართ სმფ-ს ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი ფასნამატმა შეადგინა 29%.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები გამოანგარიშებულ უნდა იქნეს შემოწმებულ პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის ფარგლებში განხორციელებული აღწერის მასალებში დაფიქსირებული თვითღირებულებებისა და სარეალიზაციო (საბაზრო) ფასების მიხედვით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით ან უკიდურეს შემთხვევაში, იმავე საბაზრო სივრცეში მსგავსი საქმიანობის მქონე მეწარმეებთან საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი სამართლიანი ფასნამატის გამოყენებით.

ამდენად, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით 30-35%- მდე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით მომჩივანთან (წარმომადგენელთან), საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, განხორციელდა დაკავშირება, რომელსაც განხილვაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს.

დადგენილია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი (47.06%).

მომჩივანი საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას არ ასაჩივრებს, მიუთითებს, რომ პირველადი საგადასახადო და სხვა დოკუმენტაციით (ინვოისებით, ზედნადებებით, საკონტროლო-სალარო აპარატის მეხსიერებით, საბანკო ამონაწერებით) დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფარგლებში დაცული არ არის საგადასახადო ვალდებულების ობიექტურად და სამართლიანად განსაზღვრის პრინციპები. საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ სრულ პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებას, 47,06% ფასნამატის გამოყენებით არ ეთანხმება, ვინაიდან შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი არსებითად განსხვავდებოდა, მსგავსი საქმიანობის მქონე და იმავე საბაზრო სივრცეში მოქმედ გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო ორგანოების მიერ დაფიქსირებული ფასნამატებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები გამოანგარიშებულ უნდა იქნეს შემოწმებულ პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის ფარგლებში განხორციელებული აღწერის მასალებში დაფიქსირებული თვითღირებულებებისა და სარეალიზაციო (საბაზრო) ფასების მიხედვით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით ან უკიდურეს შემთხვევაში, იმავე საბაზრო სივრცეში მსგავსი საქმიანობის მქონე მეწარმეებთან საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი სამართლიანი ფასნამატის გამოყენებით. საჩივარს ახლავს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფასნამატის ნაწილში აღნიშნა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში მეწარმეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ერიცხება 412 077 ლარის ოდენობით. ნაშთები არის მზარდი, 2022 წლის ბოლოს შეადგენს 416 178 ლარს, ხოლო 2023 წლის ბოლოს 599 988 ლარს. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ნაშთი დღგ-ის გარეშე შეადგენს 1 056 247 ლარს. რაც შეეხება, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფასნამატს, ისევე როგორც დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისას, ინვენტარიზაციის ნაწილშიც შემოწმების შედეგად განისაზღვრა დაახლოებითი მონაცემი, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღრიცხული ფაქტობრივი მონაცემებიდან აღებულ იქნა საშუალო სარეალიზაციო ფასი კატეგორიის (მაგალითად მაისური) მიხედვით, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე. ასეთი სახით დაიდენტიფიცირებულმა (რისი დაიდნეტიფიცირებაც მოხდა საშუალო მაჩვენებლით) ჯამურმა ფასნამატმა შეადგინა 42,14%. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი რაოდენობრივ-თანხობრივი მონაცემი (მათ შორის ნაშთების ნაწილში). შემოწმების მიმდინარეობისას ზუსტი დოკუმენტური და ინვენტარიზაციის ფასნამატის განსაზღვრა ვერ მოხერხდა ორი მიზეზის გამო: პირველი, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს რეალიზებული საქონელი შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთიდან იყო რეალიზებული თუ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შენაძენიდან და მეორე, საქონლის დასახელება შეძენის (საინვოისო დასახელება) დოკუმენტსა და რეალიზაციის დოკუმენტში განსხვავებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდირებული ფასნამატით, რომლითაც განისაზღვრა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელი ადგილზე გაეცნო გაანგარიშების დეტალებს და ეთხოვა წარედგინა პოზიცია. გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ წარუდგენია. რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მითითებას ი/მ წიანგჰონგ გუოს მიმართ სმფ-ის ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ ფასნამატზე (29%), განმარტავს, რომ მის მიმართ საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია 2023 წლის იანვარში, შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდს, რაც განსხვავდება გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესამოწმებელი პერიოდისგან (1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები). შესაბამისად, აღნიშნული გარემოება შესადარებლად არ/ვერ იქნება მხედველობაში მიღებული.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე და სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი რაოდენობრივ-თანხობრივი მონაცემი, ამასთან უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მზარდი ნაშთი. შემოწმების პროცესში ზუსტი დოკუმენტური და ინვენტარიზაციის ფასნამატის განსაზღვრა ვერ განხორციელდა ორი მიზეზის გამო: პირველი, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს შესამოწმებელ პერიოდში კონკრეტული რეალიზებული საქონელი შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთიდან იყო რეალიზებული თუ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შენაძენებიდან. ამასთან, საქონლის შესყიდვისა და რეალიზაციის დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ვერ განხორციელდა კონკრეტულ საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო პირისთვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოეყენებინა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით 30-35%- მდე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი საქონლის რეალიზაციას იჯარით აღებულ ფართში, რაზეც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები.დოკუმენტური რეალიზაციის შესწავლისას გამოვლინდა სხვადასხვა ფასნამატები,რომელთა ობიექტურობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან კონკრეტული რეალიზებული საქონელი, რომელიც შენაძენიდან არის რეალიზებული ვერ იდენტიფიცირდება. გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებულია სამჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი.მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),100,102,163,164.