გადაწყვეტილება №25070/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25070/2/2025
15 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------ა (ს/ნ --------------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ს 14.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25070/2/2025).
დავის საგანი:
მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №011-877 საგადასახდო მოთხოვნა;
2. მომსახურების დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №011-878 საგადასახდო მოთხოვნა;
3. მომსახურების დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №011-879 საგადასახდო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5075 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 16.08.2018 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანება (102 ლარი - 2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადი) დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის (მიწის მფლობელთა ელექტრონული სიები -----21-11 12.09.2014) საფუძველზე, მომჩივნის საკუთრებაში რეგისტრირებულ 1 700 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ------- ----, სოფ. -----ი), რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობები.
შემდგომი წლების (2018-2024 წწ) ქონების გადასახადი დარიცხულია პროგრამულად.
13.02.2025 წელს საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაზუსტდა 2022-2024 წლების დარიცხვები. დაემატა გადასახადი (წლიურად - 698 ლარი) იჯარით აღებულ (ხელშეკრულება 14.08.2015 წ) 10,43 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ------ -----, სოფ. ---ი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადის დარიცხვა და საგადასახადო მოთხოვნების მომჩივნისთვის წარდგენა.
მომსახურების დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №011-877, №011-878 და №011-879 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2025 წლის №5075 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე მუხლზე, 205-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 205-ე მუხლის 131 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 14.08.2015 წლის იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მომჩივანი სარგებლობს ----- რაიონის სოფელ ----ი მდებარე------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, გაფორმებულია მასსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
14.08.2015 წლის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს მიწის ნაკვეთით, მდებარე --- რაიონი სოფელი----ი. ყოველწლიურად პირნათლად ასრულებს ხელშეკრულებაში მითითებულ ვალდებულებებს და თანხობრივად იხდის 3 410 ლარს. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია თუ ამ თანხის გარდა კიდევ ჰქონდა სხვა თანხა გადასახდელი. ახლა სრულიად შემთხვევით მობაილ ბანკით სარგებლობისას აღმოაჩინა, რომ დარიცხული ჰქონდა დავალიანება 2 786,94, რასაც ყოველდღიურად დღემდე ემატება კიდევ დავალიანება და საერთო ჯამში აცდა 2 800 ლარს. ეს დავალიანება არის არასამართლებრივი. თანხა, რომელიც საქართველოს ბანკის ანგარიშზე დაერიცხა, ჩამოეჭრა, 100+100+318 სულ 518 ლარი, რაც თავის მხრივ დავალიანებამ წაიღო.
გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ წერია ხელშეკრულებაში. არასდროს მისვლია ინფორმაცია არც ელექტრონულად, არც წერილობით კურიერის ხელით. მიუხედავად სახელმწიფოსა და შემოსავლების სამსახურთან 10 წლიანი თანამშრომლობისა, არასდროს, არავის გაუფრთხილებია და მიუწოდებია ინფორმაცია, რომ იჯარით გათვალისწინებული წლიური 3 410 ლარის გარდა, კიდევ იყო სხვა თანხა გადასახადი. არასოდეს, თითქმის ამ 10 წლის განმავლობაში. ვერც გაიგებდა, რომ თვითონ არ დაკვირვებოდა და ენახა მობაილ ბანკში.
ითხოვს საგადასახადო მოთხოვნების და შესაბამისად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
დადგენილია, რომ გადამხდელს, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაერიცხა 2017 წლის მიწაზე ქონების გადასახადი. შემდგომ წლებზე (2018-2024 წწ) გადასახადი დაერიცხა პროგრამულად. ამასთან 2022-2024 წლების პერიოდზე დარიცხული ქონების გადასახადი დაკორექტირდა (გაიზარდა) ამ პერიოდში იჯარით აღებულ 10,43 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გათვალისწინებით.
მომჩივნის განმარტებით, 14.08.2015 წლის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს მიწის ნაკვეთით, მდებარე ------ რაიონი სოფელი ----ი. ყოველწლიურად პირნათლად ასრულებს ხელშეკრულებაში მითითებულ ვალდებულებებს და თანხობრივად იხდის 3 410 ლარს. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია თუ ამ თანხის გარდა კიდევ ჰქონდა სხვა თანხა გადასახდელი. გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის ხელშეკრულებაში. არავის გაუფრთხილებია და მიუწოდებია შესაბამისი.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან 14.08.2015 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მომჩივანი სარგებლობს ----- რაიონის სოფელ ---ი მდებარე ----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მას გააჩნია ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 16.08.2018 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანება (102 ლარი - 2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადი) დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მომჩივნის საკუთრებაში რეგისტრირებულ 1 700 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე , რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობები. შემდგომი წლების (2018-2024 წწ) ქონების გადასახადი დარიცხულია პროგრამულად.
13.02.2025 წელს საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაზუსტდა 2022-2024 წლების დარიცხვები. დაემატა გადასახადი (წლიურად - 698 ლარი) იჯარით აღებულ 10,43 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე .
აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადის დარიცხვა და საგადასახადო მოთხოვნების მომჩივნისთვის წარდგენა. მომსახურების დეპარტამენტის №011-877, №011-878 და №011-879 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №5075 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203( „ა“ და „ბ“); 204(1); 205(12.14);