გადაწყვეტილება №24628/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 24628/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24628/2/2025

20 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ის “ 21.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24628/2/2025).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობის რეალიზებულად მიჩნევა და დღგ-ით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის №056-46 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №27055 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 337 336.38 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 184 543

ჯარიმა - 109 849

საურავი - 42 944.38

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, იჯარით აღებულ ფართში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3751 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

წარდგენილი ახსნა-განმარტებით, საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებდა საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მეშვეობით. კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი 534 596 ლარის საბაზრო ღირებულებით. მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საწარმოს უფიქსირდებოდა 3 078 271 ლარის (დღგ-ის გარეშე) თვითღირებულების საქონელი. 2024 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, ფაქტობრივი ნაშთისა და 2024 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლამდე პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გათვალისწინებით, კომპანიას გამოუვლინდა სხვაობა 1 253 881 ლარის ოდენობით. გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი და ჩაითვალა რეალიზებულად მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული პოზიციის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოში საწესდებო კაპიტალის შემცირება. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 158-ე,159-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის №16317 ბრძანება და №056-46 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 337 336.38 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 23 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 14 აგვისტოს №18739 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 25.08.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 10.10.2024 წლის №23794/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18739 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 24 დეკემბრის №27055 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 306-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2024 წლის 24 ოქტომბერს 13:40 საათზე, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა კომპანიის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით, რომელშიც დოკუმენტური შემოსავალი სრულად იყო აღრიცხული, ხოლო არადოკუმენტური შემოსავლის ნაწილში არაიდენტიფიცირებადი იყო, როგორც მყიდველი მხარე, ასევე შესაბამისი რეალიზაციის ანგარიშზე აღრიცხული შემოსავალი, საიდანაც არ იშიფრებოდა თუ რომელი საქონელი რა ფასად იქნა რეალიზებული, შემოსავლის აღრიცხვა ხდებოდა ჯამურად, ჩეკში დაფიქსირებული თანხის მიხედვით. ამდენად, ვინაიდან პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, შემოწმების მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული დოკუმენტური და არადოკუმენტური ბუღალტრული ფასნამატი, ვინაიდან მათ შორის სხვაობა იყო არაარსებითი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით. კერძოდ, სარეცხი საშუალებები, ქიმიური საწმენდი საშუალებები, შამპუნები და სხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 28 თებერვალს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დაუდგინდა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი 534 596 ლარის საბაზრო ღირებულებით. 28.02.2028 წლის მდგომარეობით ფაქტობრივი ნაშთისა და 01.02.2024- 28.02.2024 წლის პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გათვალისწინებით, საწარმოს გამოუვლინდა სხვაობა 1 253 881 ლარის ოდენობით. გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი და გამოვლენილი სხვაობა შემმოწმებლის მიერ ჩაითვალა რეალიზებულ საქონლად მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, რაც არაკანონიერია, რადგან ინვენტარიზაციით გამოვლენილი სხვაობა უნდა დაბეგრილიყო ერთჯერადად აღმოჩენის მომენტში და არა თვეების მიხედვით, რაც საგრძნობლად შეამცირებდა საურავის ოდენობას. ასევე აღსანიშნავია, რომ არ ჩამბარებია ინვენტარიზაციის მასალები, რათა გაცნობოდა მის რეალობას და საჭიროების შემთხვევაში ეწარმოებინა საგადასახადო დავა.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601,53-ე, 96-ე მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27055 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №-------- წერილი, სადაც მითითებულია, რომ წარდგენილი ახსნა-განმარტებით, კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვაანგარიშგებას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მეშვეობით. გადასახადის გადამხდელთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 28 თებერვალს, ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც საწარმოს დაუდგინდა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი 534 596 ლარის საბაზრო ღირებულებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ცვლილება. კერძოდ, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის - 21.02.2024 წლის ჩათვლით, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 28.02.2024 წლის ჩათვლით. საწარმოს, წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად, 1.02.2024 წლის მდგოამრეობით, უფიქსირდება 3 078 271 ლარის (დღგ-ს გარეშე) თვითღირებულების საქონელი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, ფაქტობრივი ნაშთისა და 1.02.2024-28.02.2024 წლის პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გათვალისწინებით, საწარმოს გამოუვლინდა სხვაობა 1 253 881 ლარის ოდენობით. გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი და გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულ საქონლად მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. მიუხედავად იმისა, რომ აქტში დაფიქსირებულია შემოწმების წარმართვა პირდაპირი მეთოდის გამოყენებით, აღნიშნული არის ტექნიკური უზუსტობა. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საზოგადოების მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით, ვინაიდან დოკუმენტური შემოსავალი სრულად იყო აღრიცხული, ხოლო რაც შეეხება არადოკუმენტურ შემოსავალს, აღნიშნულ ნაწილში არაიდენტიფიცირებადია როგორც მყიდველი მხარე, ასევე არაიდენტიფიცირებადია შესაბამისი რეალიზაციის 6111 ანგარიშზე აღრიცხული შემოსავლიდან რომელი საქონელი რა ფასად იქნა რეალიზებული (შემოსავლის აღრიცხვა ხდება ჯამურად ჩეკში დაფიქსირებული თანხის მიხედვით). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მე-9 მუხლის თანახმად და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების მიერ არ იქნა მიჩნეული სადაოდ დოკუმენტური და არადოკუმენტური ბუღალტრული ფასნამატი, რადგან მათ შორის სხვაობა იყო არაარსებითი, ხოლო ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რეალიზებული იქნა მთელს შესამოწმებელ პერიოდში, კანონის სრული დაცვით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო თავად გადასახადის გადამხდელიც, რაზეც არსებობს თანხმობა.

აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23794/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით, 2024 წლის 24 ოქტომბერს, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე. საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა დამატებით შეისწავლა/გამოიკვლია საკითხი, თუმცა არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601,53-ე, 96-ე მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27055 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი 534 596 ლარის საბაზრო ღირებულებით. მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საწარმოს უფიქსირდებოდა 3 078 271 ლარის თვითღირებულების საქონელი. 2024 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, ფაქტობრივი ნაშთისა და 2024 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლამდე პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გათვალისწინებით, კომპანიას გამოუვლინდა სხვაობა 1 253 881 ლარის ოდენობით. გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი და ჩაითვალა რეალიზებულად მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი, გადამხდელის მიერ მიწოდებული პოზიციის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოში საწესდებო კაპიტალის შემცირება.მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),158,159,163,164.