ბრძანება N 16824
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16824
16 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 5 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------“ (ს/ნ -----------) №87434/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №002-309 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმო ეკუთვნის ირანის მოქალაქეს, რომელმაც დროებით გადმოუფორმა კომპანია, ხოლო, ვინაიდან თვითონ არ იყო ჩართული საწარმოს ფუნქციონირებაში სჭირდებოდა დრო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიებისათვის. ამასთან, საკითხის ზეპირი განხილვისას, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა არგუმენტები, რომლის მიხედვით, პირი აღნიშნავს, რომ შემოწმების ფარგლებში აუდიტორს არ შეუსწავლია კომპანიაში არსებული საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაცია და პრაქტიკულად ყველა აქტივი ჩათვალა რეალიზებულად. ამასთან, შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით დათვლისთვის აუდიტორს გამოყენებული აქვს სხვა კომპანიის მოგების მარჟა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელი კომპანიის მოგების მარჟა იქნა გამოყენებული და რა მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა აღნიშნული მონაცემი. ასევე გაუგებარია, რატომ აქვს გამოყენებული აუდიტორს მხოლოდ ერთი კომპანიის მოგების მარჟა და არა რამდენიმე კომპანიის საშუალო ან მედიანური მონაცემი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №30357 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 18 მაისიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33049 ბრძანება და ამავე თარიღის №002-309 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 172 447 ლარი, მათ შორის გადასახადი 110 517 ლარი, ჯარიმა 55 573 ლარი და საურავი 6 357 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 26 თებერვლის №4079 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 27 ივნისის №22621/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4079 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის №22621/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. ამასთან, მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც არ არის შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კაფე-ბარით მომსახურება, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ხუთ ლოკაციაზე. გადასახადის გადამხდელმა ითანამშრომლა შემოწმებასთან, წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნაგანმარტება. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ვინაიდან საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საქონელი ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით და გაწეული ხარჯისა და შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოსავალმა შეადგინა 436 045 ლარი. პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მიერ ხარჯების სალდირებულად გამოქვითვის შემდგომ, დადგინდა განკარგვადი ფულის სხვაობა 227 411 ლარი (შემოწმებამ გაითვალისწინა გადახდილი ხელფასები, გადახდილი იჯარა, საქონლის შეძენის ხარჯი და ა.შ), რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნათა მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან საწარმო აღარ ფუნქციონირებს შესამოწმებელი პერიოდში, მიღებული საქონელი სრულად ჩაითვალა რეალიზებულად, აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით. გაწეული ხარჯისა და მიღებული შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი შემოსავალი. შემოწმებით, ასევე საწარმოს გაწეული ხარჯის გათვალისწინებით დადგინდა სალაროში განკარგვადი ფულის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო მიღებული შემოსავლის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახდო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულ და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ საკითხის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების ფარგლებში აუდიტორს არ შეუსწავლია კომპანიაში არსებული საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაცია, ხოლო, ვინაიდან საწარმოს შეჩერებული ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა, მის მიერ შეძენილი ყველა აქტივი (მათ შორის, ლეპტოპი, ჩილიმები, სმფ და ყველა სხვა აქტივი) ჩათვალა რეალიზებულად, თუმცა, საწარმოს არ აქვს სრულად რეალიზებული აქტივები და დღეის მდგომარეობით უფიქსირდება ნაშთად. ამასთან, კომპანიამ ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა არა ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის გამო, არამედ მერიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მერიასთან არსებული პრობლემები უკავშირდება მერიის ინიციატივას, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფე-ბარებს არსებითად უნდა შეემცირებინათ გარე სივრცეებში განთავსებული მაგიდები. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ართულებდა ბიზნესის საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიის მოგებაზე გასვლის პერსპექტივას. ასევე, აღნიშნავს, რომ სარეალიზაციო პროდუქციის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდება აქტივების, მაგალითად, კომპიუტერის და სხვა აქტივების ფასნამატისგან.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და საკითხის ზეპირი განხილვისას დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2024 წლის 18 ივნისის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტის კონსტატაციის ოქმი, რომლითაც გადამხდელი ცდილობს დაადასტუროს, რომ დღეის მდგომარეობით უფიქსირდება მარაგები და ძირითადი საშუალებები. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია რამოდენიმე მაცივარი, ინვენტარი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები და კომპიუტერული ტექნიკა. ეს ყოველივე წარმოდგენილია დასურათებული სახით. თუმცა კონსტატაციას არ ახლავს აღნიშნული საქონლის შეძენის დოკუმენტები, თითოეული საქონლის შეძენის ღირებულება, დასახელება, რაოდენობა, ხარისხი და გამყიდველი პირი. ზემოაღნიშნულ ოქმში ასევე არაა მითითებული ვის ეკუთვნის პროდუქცია და ინვენტარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ფოტოებზე დაფიქსირებულ ტექნიკასთან დაკავშირებით გადამხდელს არ აქვს (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნულ ძირითად საშუალებებს არ მიუღია მონაწილეობა შემოსავლის ფორმირებაში (არ არის დაკავშირებული მარჟასთან). ხოლო, ვინაიდან საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საქონელი, მათ შორის ძირითადი საშუალებები, რომელთა შეძენაც ფიქსირდებოდა გადამხდელის მიერ, ჩაითვალა სრულად რეალიზებულად მსგავსი აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით ვერ დასტურდება საქონლის ნაშთად არსებობის ფაქტი, აღნიშნული საქონლის რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია, თუმცა შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილულ ძირითად საშუალებებზე მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟის გამოყენება დაუსაბუთებელია.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეალიზებულად განხილულ ძირითად საშუალებებზე არ გაავრცელოს მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეალიზებულად განხილულ ძირითად საშუალებებზე არ გაავრცელოს მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 16 ივლისი 2024 N 16824 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33049 ბრძანება და ამავე თარიღის №002-309 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეალიზებულად განხილულ ძირითად საშუალებებზე არ გაავრცელოს მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9);159(1);163(1);101(1);154(1);