ბრძანება N 4102

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2024
№ დოკუმენტი 4102
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4102

26 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ს“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------;

იურ. მის.: ------------------------)

2024 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „---------ს“ (ს/ნ --------------) №87211/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №001-328 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრას. აცხადებს, რომ საწარმო დარეგისტრირებულია 2020 წლის 2 ოქტომბერს, თუმცა მუშაობას შეუდგა 2021 წლის მაისიდან. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საწარმო მუშაობდა მკაცრი შეზღუდვების პირობებში, როგორიც იყო ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, კომენდანტის საათი და სხვა, რის გამოც, 2022 წლამდე (მანამ, სანამ შეზღუდვები სრულად არ მოიხსნა) საწარმოს ფიზიკურად არ ჰქონდა საშუალება ემუშავა იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც 2023 წელს, როდესაც შემმოწმებლებმა გაიანგარიშეს შემოსავალი. განმარტავს, რომ ამ ფაქტობრივი მოცემულობისა და იმის გათვალისწინებით, რომ 2020–2022 წლებში ტურისტებისა და მომხმარებლების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირე იყო, არასამართლიანია საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წელს დაფიქსირებული მონაცემების წინა წლებისათვის მისადაგება. აცხადებს, რომ 2020-2022 წლებში საწარმო 17 მაგიდის ნაცვლად იყენებდა მხოლოდ 5 მაგიდას, რაც დასტურდება ქირის გადასახადით, კომუნალური და დასუფთავების გადასახადებით. არ ეთანხმება შესადარებელი ობიექტების და ინტერნეტ სივრცეში არსებული ინფორმაციის საწარმოსთვის მისადაგებას. აცხადებს, რომ საწარმოს ობიექტი განსხვავდება სპეციფიკით, არ ჰყავს მსგავსი ოდენობის მომხმარებელი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხება ხელფასად განხილული განკარგვადი თანხის ოდენობას.

გადასახადის გადამხდელი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13906 და 21 დეკემბრის №32322 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------ს“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 დეკემბრის №33069 ბრძანება და ამავე თარიღის №001-328 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 385 631 ლარი, მათ შორის, გადასახადი 245 522 ლარი, ჯარიმა 96 536 ლარი, საურავი 43 573 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს საქმიანობაა სარესტორნე მომსახურება, საფირმო სახელწოდებაა კოქტეილბარი „---ი". საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. -----, ---- N12. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს ფ/პ -------გან (პ/ნ -------) იჯარით აღებულ ფართში. პირის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და ინტერნეტსივრცეში არესებული ინფორმაციით, საწარმოში მზადდება სხვადასხვა სახის კოქტეილები და კერძები (ჩქმერული, ჩაშუშული, ტაბაკი, ოჯახური, სოკო კეცზე სულგუნით, კრევეტები ნივრიან კარაქში, ხბოს მწვადი, ღორის მწვადი, საქონლის სტეიკი, ორაგულის სტეიკი, ქართული ყველის დაფა, ევროპული ყველის დაფა, ზეთისხილის ასორტი, მარინადის ასორტი, ფხლის დაფა ჭადის ფირფიტებით, ბურგერი, სოკოს წვნიანი, ორაგულის წვნიანი, ცეზარი, ცეზარი ორაგულით და სხვა). შემოწმებისათვის წარმოდგენილ კერძებთან დაკავშირებულია მენიუ და კალკულაცია წარმოდგენილი არ არის, კოქტეილბარში განთავსებულია 17 მაგიდა და მუშაობს ყოველ დღე 15 საათიდან 3 საათამდე. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოსავლების აღრიცხვას ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში და საბანკო ტერმინალებში დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია არ ფიქსირდება, ნედლეულის და მასალების შესყიდვები ხდება დისტრიბუტორების მეშვეობით. წარმოდგენილი განმარტების თანახმად, საწარმოს ფიზიკური პირებისგან არაელექტრონული დოკუმენტებით განხორციელებული შეძენები არ აქვს, კოქტეილბარს არ აქვს საწყობი, ვინაიდან არ საჭიროებს დიდი რაოდენობით საქონლის შეძენას, აღნიშნულის გამო რესტორანში მარაგების ნაშთი ყოველთვის უმნიშვნელოა. საწარმოს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის შენახვა ხდება საწარმოს დირექტორთან. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 1 ივნისს ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა (ოქმი N----). საკონტროლო შესყიდვისას შეთავაზებული იქნა 200 ლარის სარესტორნე მომსახურება, ანგარიშსწორებისთვის საწარმოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებული იქნა საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკში გახსნილის ანგარიშის, რომელიც ეკუთვნის დირექტორს (დამფუძნებელს) ---------ს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სხვადასხვა ელექტრონულ გვერდებზე (www.google.com; www.------.com; სხვ.) განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრნობით, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ აუდირებული ობიექტის მონაცემებით, კოქტეილბარის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა შეძენილი სპირტიანი სასმელებიდან გაანგარიშებული კოქტელების რაოდენობაზე მინიმალური ფასის გავრცელებით (25 ლარი), ასევე ლუდზე, ღვინოსა და სხვა არაალკოჰოლურ (ჩაი, ყავა და წყალი) სასმელებზე (რაც არ მონაწილების კოქტეილის დამზადებაში) გავრცელებული იქნა აუდირებული ფასნამატი. სასმელების რაოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრა მომხმარებელთა რაოდენობა და კერძებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო გასავალში გათვალისწინებული იქნა ყველა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი. შემოწმების შედეგად, საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა 1 036 340 ლარით, ხოლო ხარჯი 508 121 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამოვლინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს 2021 წლის 4 ივლისს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, დღგ-ით დაიბეგრა 2021 წლის 4 ივლისიდან განხორციელებული ოპერაციები. შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასო განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დოკუმენტუად გაწეული ხარჯებით). შედეგად, პირს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა 508 121 ლარის ოდენობით, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი დაა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს საქმიანობაა სარესტორნე მომსახურება. პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებისა და ინტერნეტსივრცეში არესებული ინფორმაციით, საწარმოში მზადდება სხვადასხვა სახის კოქტეილები და კერძები. შემოწმებისათვის წარდგენილ კერძებთან დაკავშირებულია მენიუ და კალკულაცია წარდგენილი არ არის, კოქტეილბარში განთავსებულია 17 მაგიდა და მუშაობს ყოველ დღე 15:00 საათიდან 03:00 საათამდე. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობის შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია არ ფიქსირდება. საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სხვადასხვა ელექტრონულ გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ აუდირებული ობიექტის მონაცემებით, კოქტეილბარის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა შეძენილი სპირტიანი სასმელებიდან გაანგარიშებული კოქტეილების რაოდენობაზე მინიმალური ფასის გავრცელებით (25 ლარი), ასევე ლუდზე, ღვინოსა და სხვა არაალკოჰოლურ (ჩაი, ყავა და წყალი) სასმელებზე (რაც არ მონაწილების კოქტეილის დამზადებაში) გავრცელებული იქნა აუდირებული ფასნამატი, სასმელების რაოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრა მომხმარებელთა რაოდენობა და კერძებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო გასავალში გათვალისწინებული იქნა ყველა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი. გამოვლინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს 2021 წლის 4 ივლისს. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასო განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დოკუმენტუად გაწეული ხარჯებით). პირს გამოუვლინდა განკარგვადი თანხები, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------ს“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება :

1. საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრას.

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს.

3. ხელფასად განხილული განკარგვადი თანხის ოდენობას.

ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13906 და №32322 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №33069 ბრძანება და №001-328 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 385 631 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება ,რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოსავლების აღრიცხვას ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში და საბანკო ტერმინალებში დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია არ ფიქსირდება, ნედლეულის და მასალების შესყიდვები ხდება დისტრიბუტორების მეშვეობით. საწარმოს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის შენახვა ხდება საწარმოს დირექტორთან. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა. რომლის დროსაც შეთავაზებული იქნა 200 ლარის სარესტორნე მომსახურება, ანგარიშსწორებისთვის საწარმოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებული იქნა საბანკო რეკვიზიტი , რომელიც ეკუთვნის დირექტორს .

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სხვადასხვა ელექტრონულ გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრნობით, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ აუდირებული ობიექტის მონაცემებით, მომჩივანის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა შეძენილი სპირტიანი სასმელებიდან გაანგარიშებული კოქტელების რაოდენობაზე მინიმალური ფასის გავრცელებით , ასევე ლუდზე, ღვინოსა და სხვა არაალკოჰოლურ სასმელებზე გავრცელებული იქნა აუდირებული ფასნამატი. სასმელების რაოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრა მომხმარებელთა რაოდენობა და კერძებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო გასავალში გათვალისწინებული იქნა ყველა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი. შემოწმების შედეგად განისაზღვრა საწარმოს შემოსავალი , რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით . შედეგად, პირს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა , რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი დაა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“;

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი;