N 22510

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.09.2023
№ დოკუმენტი 22510
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22510

14 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,------- - ის ’’ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.:"------" )

2023 წლის 31 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს ,,-------- - ის ’’ (ს/ნ "------" ) №81392/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №005-59 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1.წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების შეფასებას, თითქოს ოპერაციები შპს ,,------ - ის ’’ მიმართ არ განხორციელებულა, უნდა ჰქონდეს საფუძველი (ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება), მაგრამ აუდიტის დეპარტამენტი ვერ აფიქსირებს საფუძველს. ასევე, აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადამხდელმა შეიძინა მასალები/მომსახურება და სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულია ის მისამართები, რომელზეც შესრულებული სამუშაოები გადაეცა შპს ,,----- -ს ’’. განმარტავს, რომ მისამართზე, რომელიც დაფიქსირებულია სასაქონლო ზედნადებებში სხვა მსგავსი ობიექტის სამუშაოები არ მიმდინარეობდა.მიუთითებს ასევე, რომ კომპანიას ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე ლიცენზია აღებული აქვს 2021 წლის 24 სექტემბერს და გეგმიური მოპოვება დაუდგინდა 2021 წელს 5000 კუბური მეტრის ოდენობით, ხოლო 2022 წელს 15 000 კუბური მეტრი. აცხადებს, რომ ლიცენზია გასხვისებულ იქნა 2022 წლის 31 იანვარს. აღნიშნული კარიერიდან მოპოვებული ბუნებრივი რესურსი სწორედ იმ ობიექტზე იქნა გამოყენებული სამუშაოების შესასრულებლად, რომელიც მათმა კომპანიამ მიაწოდა შპს ,,------ -ს ’’ და აღნიშნულ სამუშაოებზე გამოწერილია საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მათი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოები არის რეალური და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან,ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას.

2. არ ეთანხმება შემოწმებით გადამხდელის მიერ არაეკონომიკური მიზნით გაწეული ხარჯის/გადახდის 57 714 ლარის ოდენობით განსაზღვრას. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ მიღებული ყველა ხარჯი დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და აუდიტის დეპარტამენტი ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომ ხარჯი არის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ან გაწეულია არასამეწარმეო საქმიანობისთვის.

3. არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხების კორექტირების შედეგად დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ კომპანიას დოკუმენტების გარეშე რეალიზაცია არ განუხორციელებია. ითხოვს შემოწმებამ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოხდეს უსაფუძვლოდ დარიცხული დღგ-ის შემცირება.

4. არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დარიცხულ ჯარიმას. აცახადებს, რომ კომპანიას ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ნაწარმოები აქვს სწორად და ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 იანვრის №288 და 27 თებერვლის №3657 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის ’ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 20 მაისიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 16 მაისის №10881 ბრძანება და ამავე თარიღის №005-59 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 136 090 ლარის ოდენობით და დაერიცხა ჯარიმა 1 145 794 ლარის ოდენობით.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. მომჩივანის ’’ მიერ, შესამოწმებელ პერიოდში შპს „------- - ის ’’ (ს/ნ "-------" ) სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის N "------" საქმის მასალებით დადგენილია შპს „------ - ის ’’ (ს/ნ "-------" ) მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიურობა. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებითა ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები შპს „------ - ის ’’ (ს/ნ "-------" ) მიმართ არ განხორციელებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

ამასთან, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისიტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად დგინდება შპს „------- -ის ’’ სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა შემცირებას და დარჩა უცვლელი.

2.საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ შესამოწმებელი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში ასახულია დოკუმენტურად დაუდასტურებული ხარჯი 850 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერები და საბანკო ამონაწერები. გადამხდელის მიერ დეკლარირებული კონკრეტული მონაცემების მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლები არ გამოვლინდა. შემოწმებით მოგებით გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა მომჩივანის მიერ გაწეული ხარჯები/გადახდები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას/მიზანს არ უკავშირდება. შესაბამისად, შემცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგებით დასაბეგრი ბაზა და არაეკონომიკური მიზნით გაწეული გადახდა/ხარჯი განისაზღვრა 57 714 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგების გადასახადი შემცირდა 140 877 ლარით და საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. საგადასახადო შემოწმების პროცესში დეტალურად იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა, ასევე საწარმოს მიერ ჩათვლაზე წარმოდგენილი (მათ შორის კორექტირებული და ავანსის) საგადასახადო ანგარიშფაქტურები. შედეგად, გამოვლინდა მცირეოდენი სხვაობები სრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, სხვაობა დაბეგვრის კუთხით გამოწვეულია გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის - დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩაურთველობით. ჩათვლის კუთხით სხვაობები გამოვლინდა 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში. სხვაობები განპირობებულია კორექტირებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მიბმული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგის დეკლარაციის ჩასათვლელ თანხაში გაუთვალისწინებლობით. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. თუმცა დღგ-ის დეკლარაციის დანართში არ აქვს ასახული საწვავის ნაშთების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 59-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ შპს „------ - ის ’’ (ს/ნ "-------") სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია შპს „------- ის ’’ (ს/ნ "-------") მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიურობა. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებითა ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები შპს „------- ის ’’ (ს/ნ "-------") მიმართ არ განხორციელებულა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისიტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად დგინდება მომჩივანის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა შემცირებას და დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახამად ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო ორგანოში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესამოწმებელი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში ასახულია დოკუმენტურად დაუდასტურებული ხარჯი 850 000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერები და საბანკო ამონაწერები. გადამხდელის მიერ დეკლარირებული კონკრეტული მონაცემების მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლები არ გამოვლინდა. შემოწმებით მოგებით გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა მომჩივანის მიერ გაწეული ხარჯები/გადახდები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას/მიზანს არ უკავშირდება. შესაბამისად, შემცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგებით დასაბეგრი ბაზა და არაეკონომიკური მიზნით გაწეული გადახდა/ხარჯი განისაზღვრა 57 714 ლარის ოდენობით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად:

თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სხვაობა დაბეგვრის კუთხით გამოწვეულია გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩაურთველობით. ჩათვლის კუთხით სხვაობები გამოვლინდა 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში. სხვაობები განპირობებულია კორექტირებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მიბმული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგის დეკლარაციის ჩასათვლელ თანხაში გაუთვალისწინებლობით. შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. თუმცა დღგ-ის დეკლარაციის დანართში არ აქვს ასახული საწვავის ნაშთების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებით მართლზომიერად განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,------- -ის ’’ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი მიიჩნევს,რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას.

2. არ ეთანხმება შემოწმებით გადამხდელის მიერ არაეკონომიკური მიზნით გაწეული ხარჯის/გადახდის განსაზღვრას.

3. არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხების კორექტირების შედეგად დარიცხულ თანხებს.

4. არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დარიცხულ ჯარიმას.ითხოვს ჯარიმის გაუქმებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანის მიერ,შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია საწარმოს მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიურობა. ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები საწარმოს მიმართ არ განხორციელებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

2.მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა მომჩივანის მიერ გაწეული ხარჯები/გადახდები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას/მიზანს არ უკავშირდება. შემცირდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგებით დასაბეგრი ბაზა და არაეკონომიკური მიზნით გაწეული გადახდა/ხარჯი.აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგების გადასახადი შემცირდა და საწარმოს დაერიცხა ჯარიმა.

3. მომჩვიანს გამოუვლინდა მცირეოდენი სხვაობები სრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, სხვაობა დაბეგვრის კუთხით გამოწვეულია გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის - დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩაურთველობით.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

4. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. თუმცა დღგ-ის დეკლარაციის დანართში არ აქვს ასახული საწვავის ნაშთების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.საწარმოს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებით მართლზომიერად განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

168,97,982,174, 175 ,176, 282,291.