ბრძანება N 6867
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
10 აპრილი 2025
N 6867
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 5 და 6 აგვისტოს
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 5 აგვისტოს №91210/1/2024, №23644/2/2024 და 6 აგვისტოს №23665/2/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივლისის №136-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი აღნიშნავს, რომ FINA პროგრამასთან ერთად დაზუსტებული სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული და აუდიტის დეპარტამენტმა გამოთვლები გააკეთა გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი (დაუზუსტებელი) სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებებით, რის შედეგადაც, 2020 წლის დაუბეგრავი ბრუნვის ფასნამატი შეცდომით ფიქსირდება 12%, შესაბამისად, 2020 წლის განმავლობაში დარიცხული თანხა შესამცირებელია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12379 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ --) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12379 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 11 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 838 776 ლარი, მათ შორის, გადასახადი 559 285 ლარი, ჯარიმა 279 491 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 ივლისის №136-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 2 დეკემბრის №25305 ბრძანებით შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეესწავლა გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე განეხორციელებინა დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 5 მარტის №24494/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25305 ბრძანება და საჩივარი, შემოწმების პროცესში საქონლის ნაშთების და ფასნამატის განსაზღვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 მარტის №24494/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანებას არ მიიჩნევს აღსრულებულად და აღნიშნავს, რომ FINA პროგრამასთან ერთად დაზუსტებული სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იყო გათვალისწინებული და აუდიტის დეპარტამენტს გამოთვლები გაკეთებული ჰქონდა გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი (დაუზუსტებელი) სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებებით. გამოთვლების შესწავლით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი უზუსტობა, კერძოდ, 2020 წლის 31 დეკემბრის დაუბეგრავი სასაქონლო ნაშთის თვითღირებულება იყო შეცდომით, რომელიც არ ემთხვეოდა გადამხდელის მიწოდებულ ციფრს და ასევე, 2021 წლის პირველი იანვრის საწყის ნაშთს, აუდიტორს 2021 წლის საწყის ნაშთად აღებული ჰქონდა 2020 წლის საბოლოო ნაშთი. ასევე, 2020 წლის საბოლოო და 2021 წლის საწყისი ნაშთები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, შედეგად 2020 წლის დაუბეგრავი ბრუნვის ფასნამატი შეცდომით ფიქსირდებოდა 12%, შესაბამისად 2020 წლის განმავლობაში დარიცხული თანხა არის შესამცირებელი. გადამხდელი ასევე ითხოვს საურავის დარიცხვას შესწორებული აქტის გამოცემის შესაბამისი პერიოდიდან, ასევე მიუთითებდა კეთილსინდისიერებაზე და ითხოვდა დარიცხული ჯარიმის მოხსნას.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.10.2024 წლის №23783/2/2024 გადაწყვეტილების საფუძველზე საჩივრის ხელახლა განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახურის 2.12.2024 წლის №25305 ბრძანებაში მომჩივნის მიერ აღნიშნული საკითხებიდან ნამსჯელია მხოლოდ ტექნიკური უზუსტობით გამოწვეული საგადასახადო ვალდებულებების ხელახლა შესწავლასთან დაკავშირებით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის ასევე უნდა ემსჯელა საქონლის ნაშთებთან და მითითებული 12 პროცენტიანი ფასნამატის მართლზომიერებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანს არგუმენტები და დოკუმენტური მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა 2024 წლის 5 და 6 აგვისტოს საჩივრებით, ხოლო საბჭოს გადაწყვეტილება ასევე გულისხმობდა აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის ხელახლა შესწავლას. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სასაქონლო ნაშთების თვითღირებულების მონაცემები დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობების მიხედვით. შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით არასწორად იყო ასახული დასაბეგრი სმფ-ის ოდენობები დაუბეგრავი სმფ-ის მონაცემების ანგარიშებში (ბუღალტრულ ჩანაწერებში). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამის ანგარიშებში (დასაბეგრი, დაუბეგრავი) სწორად ასახვის შედეგად კი დადგინდა, რომ დაუბეგრავი ბრუნვის ოდენობა მცირდება 2 340 867 ლარით, ხოლო იზრდება დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა 2019 წელს 55 381 ლარით, ხოლო კუთვნილი დღგ - 9 969 ლარით, ასევე ჯარიმა - 5 150 ლარით.
გადაანგარიშების შედეგად, ხელფასად დაკვალიფიცირებულმა თანხამ შეადგინა 134 896 ლარი, შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა როგორც გადასახადის თანხა, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის ოდენობა.
გადაანგარიშების ეტაპზე, დამატებით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეზობელი ნაკვეთები ს/კ ---- მ 2 გაერთიანდა ერთ ნაკვეთად 17.12.2014 წელს და შეიქმნა ს/კ --- – 9 461 მ 2 , მეზობელი ნაკვეთები ს/კ ---- გაერთიანდა ერთ ნაკვეთად 17.12.2014 წელს და შეიქმნა ს/კ --- – 5 344 მ 2 . აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯამში 14 805 მ 2 საასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარიცხული მიწის გადასახდი დუბლირებულია 2019, 2020, 2021 და 2022 წლების მიხედვით, რაც ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ FINA პროგრამასთან ერთად დაზუსტებული სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იქნა გათვალისწინებული და აუდიტის დეპარტამენტმა გამოთვლები გააკეთა გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი (დაუზუსტებელი) სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებებით. გამოთვლების შესწავლით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი უზუსტობა, კერძოდ, 2020 წლის 31 დეკემბრის დაუბეგრავი სასაქონლო ნაშთის თვითღირებულება არის შეცდომით, რომელიც არ ემთხვევა გადამხდელის მიერ მიწოდებულ ციფრს და ასევე, 2021 წლის პირველი იანვრის საწყის ნაშთს. აუდიტორს 2021 წლის საწყის ნაშთად აღებული აქვს 2020 წლის საბოლოო ნაშთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტში არის უზუსტობა, კერძოდ, 2020 წლის საბოლოო და 2021 წლის საწყისი ნაშთები არ ემთხვევა ერთმანეთს, შედეგად, 2020 წლის დაუბეგრავი ბრუნვის ფასნამატი შეცდომით ფიქსირდება 12%, შესაბამისად, 2020 წლის განმავლობაში დარიცხული თანხა შესამცირებელია.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტისთვის 2022 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებულ იქნა (პროგრამული ხარვეზის გამო) არასწორი სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით, რომელიც დაზუსტდა და ხელახლა მიწოდებულ იქნა. შედეგად, გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტაციის და საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემები, მათ შორის, სასაქონლო ნაშთების თვითღირებულების მონაცემები დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობების მიხედვით, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით არასწორად იყო ასახული დასაბეგრი სმფ-ების ოდენობები დაუბეგრავი სმფ-ის მონაცემების ანგარიშებში (ბუღალტრულ ჩანაწერებში). აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, თუმცა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, შემოწმების მიერ დაზუსტებული მონაცემები არ იქნა გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემებით და მის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემებით და მის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემები, მათ შორის, სასაქონლო ნაშთების თვითღირებულების მონაცემები დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობების მიხედვით, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით არასწორად იყო ასახული დასაბეგრი სმფ-ების ოდენობები დაუბეგრავი სმფ-ის მონაცემების ანგარიშებში (ბუღალტრულ ჩანაწერებში). აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, თუმცა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, შემოწმების მიერ დაზუსტებული მონაცემები არ იქნა გათვალისწინებული.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემებით და მის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.