ბრძანება N 16432
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16432
20 ივლისი 2026
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 22 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „ -------“-ის (ს/ნ „ -------“) 2026 წლის 22 ივნისის №104082/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 მაისის №021-48 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემმოწმებელს გადაანგარიშების ეტაპზე უნდა შეესწავლა მხოლოდ 2019 წელს დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართლზომიერება. განმარტავს, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში ზედმეტად იყო დარიცხული 100 000 ლარი, ასევე, კონტრაქტის შეწყვეტიდან გამომდინარე 61 951 ლარი ამოსაღები იყო რეალიზაციიდან.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო და მოგების გადასახადების დარიცხვას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა მცირე ბიზნესის სტატუსის მიერ გაწეული მომსახურებებისა და ანაზღაურების შესახებ მტკიცებულებები, რომლებიც შედგენილი და დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ. აღნიშნავს, რომ საერთო ხარჯი შეადგენს 122 876 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მხოლოდ 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №20181 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი.
აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი მტკიცებულებები), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
“ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №20181 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 15 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 21 მაისის №021-48 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოწმებამ გადაანგარიშების ეტაპზე შეისწავლა გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე და დადგინდა, რომ დღგ-ის ნაწილში დასარიცხი თანხა აღემატება წინა გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ დღგ-ის თანხას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
2. შემოწმების მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობა და გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. აღნიშნულ შემოსავალს გამოაკლდა გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები (შესყიდული მასალები, მიღებული მომსახურებები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სესხის სახით დასაბეგრი ბაზა, მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხები) და გამოვლინდა სხვაობა/განკარგვადი თანხები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადამხდელი მიუთითებს, რომ შემმოწმებელს გადაანგარიშების ეტაპზე უნდა შეესწავლა მხოლოდ 2019 წელს დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების მართლზომიერება. აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ყველა დოკუმენტაცია, კერძოდ, 2019 წელს თვეების მიხედვით დარიცხული გადასახადების შესახებ ინფორმაცია. განმარტავს, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში ზედმეტად იყო დარიცხული 100 000 ლარი, ასევე, კონტრაქტის შეწყვეტიდან გამომდინარე 61 951 ლარი ამოსაღები იყო რეალიზაციიდან.
გადასახადის გადამხდელის ზემოაღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. ხოლო, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წელს დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას, კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტით და გადაანგარიშებით დაბეგრილია კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისთვის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ავანსის თანხა, ასევე, საბოლოო მიღება-ჩაბარების თანხა, რამაც გამოიწვია შესრულებული სამუშაოსთვის ზედმეტი თანხის დარიცხვა. ამასთან, 2019 წლის დეკემბრის თვეში შემოწმების აქტით ზედმეტად დაბეგრილია შესრულებული სამუშაოსთვის მიღებაჩაბარების აქტების თანხა, რომელზეც ნაწილი თანხა ავანსად იყო ბანკში ჩარიცხული.
საქმეში არსებული მასალების, აუდიტის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებაზე/შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ავანსად ჩარიცხული თანხების ორმაგად დაბეგვრის საფუძველზე, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე დღგ-ში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. აღნიშნულ შემოსავალს გამოაკლდა გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები (შესყიდული მასალები, მიღებული მომსახურებები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სესხის სახით დასაბეგრი ბაზა, მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხები) და გამოვლინდა სხვაობა/განკარგვადი თანხები. ვინაიდან, დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, ხარჯების საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, მიმდინარე გადაანგარიშების ეტაპზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ, შემოსავალი განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების, მიღებაჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. აღნიშნულ შემოსავალს გამოაკლდა გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები (შესყიდული მასალები, მიღებული მომსახურებები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, სესხად დასაბეგრი ბაზა, ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი თანხები). შედეგად, გამოვლინდა სხვაობა - განკვარგადი თანხა. ამასთან, გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საერთო ხარჯი შეადგენს 122 876 ლარს, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, შპს „N1“ და შპს „N2-ისთვის“ გადახდილ თანხებს, რაც გათვალისწინებულია ფულის მოძრაობაში ხარჯების ნაწილში.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებაზე/შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ავანსად ჩარიცხული თანხების ორმაგად დაბეგვრის საფუძველზე, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე დღგ-ში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მხოლოდ 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების საფუძველზე დადგინდა, რომ დღგ-ის ნაწილში დასარიცხი თანხა აღემატება წინა გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ დღგ-ის თანხას. სსკ-ის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
2. შემოწმების მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილ იქნა გადამხდელის საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობა და გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. აღნიშნულ შემოსავალს გამოაკლდა გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები და გამოვლინდა სხვაობა/განკარგვადი თანხები.სსკ-ის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებაზე/შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ავანსად ჩარიცხული თანხების ორმაგად დაბეგვრის საფუძველზე, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე დღგ-ში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),982,101,154,161,168,171.