გადაწყვეტილება №19944/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.07.2023
№ დოკუმენტი 19944/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19944/2/2023

31 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 12.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19944/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №002-221 და 12 დეკემბრის №002-224 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნები;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11237 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 30 624,54 ლარი (8.12.2022 წლის №002-221 საგადასახადო მოთხოვნა):

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 14 854

ჯარიმა - 7 427

საურავი - 8 343,54

 

დარიცხული თანხა: 56 108,19 ლარი (12.12.2022 წლის №002-224 საგადასახადო მოთხოვნა):

მათ შორის:

გადასახადი - 28 614

მიწა - არასასოფლო 54

ქონების გადასახადი - 28 560

ჯარიმა - 14 307

საურავი - 13 187,19

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 6 მარტის №5317 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 5 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება იძულებით ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2019 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტში, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 5 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე შედგა 2020 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

2019 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საგადასახადო შემოწმება დანიშნულია იძულებით ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა, შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და მესამე პირებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შპს „-------“ საკუთრებაში ფლობს 663.54 მ2 არასაცხოვრებელი ფართის უძრავ ქონებას, შენობა-ნაგებობას (-------, -------, ს/კ: -------). შემოსავლების სამსახურის ექსპერტების მიერ (დასკვნა №48905/11/19, 28.11.2019წ.) შეფასებულ იქნა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 2019 წლის 5 მარტის მდგომარეობით (იძულებითი ლიკვიდაციის თარიღისათვის) 1 286 000 ლარის ოდენობით. ფართში ამჟამად ფუნქციონირებს -------. გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი 2016 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.

შემოწმებით განისაზღვრა ქონების საშუალო წლიური ღირებულება 2016 წლისათვის და შეადგინა 1 474 718 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა 2016 წლის ქონების გადასახადი 14 747 ლარის ოდენობით და განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

მომჩივანს 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერიცხება ძირითადი საშუალებები კომპიუტერული ტექნიკისა და ელექტრომოწყობილობის სახით, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 9 542 ლარის ოდენობით, რომელიც გადამხდელის მიერ არ არის დეკლარირებული. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების თანახმად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობას დაერიცხა 2016 წლის ქონების გადასახადი 107 ლარის ოდენობით და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი ჯარიმა.

საწარმოს ფართი (ს/კ: -------) იჯარით აქვს გაცემული შპს ,,-------“ ------- საქმიანობის განხორციელების მიზნით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა შპს ,,-------“ საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით იჯარით საგნით სარგებლობის ყოველთვიური ქირა განისაზღვრებოდა 6000 ლარის ოდენობით. გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა ერთობლივი შემოსავალი 70 500 ლარის ოდენობით. შემოწმებით, 2016 წლის იჯარით მიღებული შემოსავალი შეადგენს 72 000 ლარს, შესაბამისად დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის სხვაობით, 1500 ლარით შემცირდა ზარალის თანხა. ასევე, 2016 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში რეალიზებული მედიკამენტებით (მორფინი და დიაზეპამი) 46 ლარის ღირებულებით შემცირებას დაექვემდებარა მიღებული ზარალი. ასევე, 2016 წლის წლიური დეკლარაციის შედეგების გამოყვანისას გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ დეკლარირებული წინა წლების ზარალი საერთო თანხით 29917 ლარის ოდენობით და დარიცხული ქონების გადასახადის თანხით 14 855 ლარის ოდენობით გაიზარდა გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები, რამაც გამოიწვია მიღებული ზარალის თანხის გაზრდა.

 

2020 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ლიკვიდაციის თარიღისათვის (05.03.2019 წ.) საწარმოს საკუთრებაში ერიცხება 1 291 904 ლარის ქონება და წლის დასაწყისისათვის სასაქონლო- მატერიალური ფასეულობა 25 310 ლარის ოდენობით. კერძოდ: 1) 663.54 მ2 არასაცხოვრებელი ფართის შენობა-ნაგებობა, (მდებარე -------, ------, ს/კ: ------). შემოწმების მიმდინარეობისას ქონების შეფასების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც შემოსავლების სამსახურის ლიცენზირებული ექსპერტ-აუდიტორის მიერ ლიკვიდაციის თარიღისათვის შეფასდა 1 286 000 ლარად; 2) ძირითადი საშუალებები ნარჩენი ღირებულებით 5 904 ლარის ოდენობით.

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და დადგინდა, რომ ლიკვიდაციის თარიღისათვის კომპანიას საბანკო ანგარიშზე ერიცხება ფულადი სახსრების ნაშთი 15 ლარის ოდენობით. გასანაწილებელი მოგების განსაზღვრისას, ლიკვიდაციის თარიღისათვის შემოწმებით დადგენილი ქონების ღირებულებიდან (საწარმოს 2017 წლიდან დეკლარირება არ განუხორციელებია) გამოკლებულ იქნა საწესდებო კაპიტალის ოდენობა, კრედიტორული დავალიანება ------- მიმართ (სესხის ძირითადი თანხა და სესხზე დარიცხული პროცენტი), დარიცხული ქონების გადასახადი, სულ 203 798 ლარის ოდენობით და ლიკვიდაციის თარიღისათვის (05.03.2019წ.) დადგენილ იქნა გასანაწილებელი მოგება, რომელიც შეადგენს 1172980 (1114331/0.95) ლარს, რაც ჩაითვალა დივიდენდად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთით.

მომჩივანი ლიკვიდაციის თარიღისათვის საკუთრებაში ფლობს 663.54 მ2 არასაცხოვრებელი ფართის შენობა-ნაგებობას (მდებარე -------, -------, ს/კ: -------), რომელიც შემოსავლების სამსახურის ლიცენზირებული ექსპერტ აუდიტორის მიერ ლიკვიდაციის თარიღისათვის (05.03.2019წ.) შეფასებულია 1 286 000 ლარად საბაზრო ღირებულებით. საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

შემოწმების მიერ საწარმოს საკუთრებაში რიცხული ქონება საბაზრო ღირებულებით ჩაითვალა მიწოდებად ლიკვიდაციის თარიღისათვის. მეწარმის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 2019 წლის 5 მარტს გადააჭარბა 100 000 ლარს. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2019 წლის 5 მარტი. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საგადასახადო კოდექსის 275- ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

შემოწმებით განისაზღვრა საწარმოს ქონების საშუალო წლიური ღირებულება 2017- 2019 წლებისათვის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი 28 400 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად (სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები) დადგინდა, რომ მომჩივანს ლიკვიდაციის თარიღისათვის ერიცხება ძირითადი საშუალებები კომპიუტერული ტექნიკისა და ელექტრომოწყობილობის სახით ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 5904 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი 2017-2019 წლების(მათ შორის სალიკვიდაციო) ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შპს „-------“ საკუთრებაში ფლობს 2 082მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 11 სართულიან შენობაში (შენობის მე-4 სართ) მდებარე 663.54მ2 არასაცხოვრებელ ფართს (-------, -------, ს/კ: -------). ფართში ამჟამად ფუნქციონირებს -------. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი 2017-2019 წლების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები. შედეგად, გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის გათვალისწინებით დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

გადამხდელს ასევე განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები 200 ლარის ოდენობით.

აღნიშნული დარიცხვები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27396 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ნოემბრის №832 და №832/1 დასკვნები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.

№832 დასკვნის მიხედვით საგადასახადო შუალედური აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 8 დეკემბრის №002-221 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო №832/1 დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 462 014 ლარით, მათ შორის, გადასახადი 461 814 ლარით და ჯარიმა 200 ლარით, რაზეც გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 12 დეკემბრის №002-224 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №002-221 და 12 დეკემბრის №002-224 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11237 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მას შემდგომ რაც, კომპანია გამოიყვანეს ლიკვიდაციის პროცესიდან და ცდილობენ ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას შეხვდათ მრავალი დაბრკოლება, მათ შორის შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის ლიკვიდაციის საფუძვლით დარიცხული თანხების გამო დავა. ამჟამად ცდილობენ კომპანიის რეაბილიტაციას და საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას აქტივების რეალიზაციის გზით. შეუმცირდეს ჯარიმა საურავი იმისათვის, რომ შეძლონ დავალიანებული თანხების გასტუმრება და კომპანიის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. კომპანია 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ლიკვიდაციის პროცესში, პარტნიორებს შორის მიმდინარეობდა სხვადასხვა დავა, ხოლო ახლა ერთობლივად ცდილობენ, კომპანიის დახსნას. ითხოვს შეუმცირდეს საურავი და ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული №832/1 დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2020 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 462 014 ლარის ოდენობით.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანების აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმება დანიშნულია იძულებით ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა, შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და მესამე პირებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №002-221 და 12 დეკემბრის №002-224 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11237 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №27396 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 205; 275