გადაწყვეტილება №28122/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.10.2026
№ დოკუმენტი 28122/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28122/2/2026

28 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 16.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28122/2/2026).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა და აღნიშნულის გამო დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 27.07.2026 წლის N EL322574 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 04.09.2026 წლის N 19691 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

კომპანიის მიერ 01.07.2026 წლის მდგომარეობით საბაჟო საწყობში ----- არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოში არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან არ იქნა შესრულებული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 27.07.2026 წელს შედგენილია N EL322574 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 04.09.2026 წლის N 19691 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად ადგილი აქვს მის მიერ საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

09.02.2026 წელს კომპანიამ მიიღო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა ქალაქ ----- მდებარე ობიექტზე (საკადასტრო კოდი: ----- ). კომპანიის მიერ საბაჟო საწყობის სტატუსით პირველი ტვირთი მიღებულ იქნა 23.02.2026 წელს.

შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობის განხორციელება კომპანიისთვის წარმოადგენდა ახალ მიმართულებას. კომპანიას მანამდე არ გააჩნდა საბაჟო საწყობის საქმიანობის განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისად, არც აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალური ანგარიშგების ვალდებულებების შესრულების პრაქტიკა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს ევალება საბაჟო ორგანოსთვის საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესითა და ვადაში წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ გამოიკვეთა კომპანიისათვის, ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწყობში არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაციის პირველ ჯერზე წარდგენა უწევდა არაუგვიანეს 20.07.2026 წელს. ვინაიდან კომპანია არ ფლობდა ინფორმაციას ამ ვალდებულების შესახებ, არ ცოდნიდან გამომდინარე არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია.

კომპანია არ დავობს ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ფაქტზე. ამასთან, კომპანიის პოზიცია თავიდანვე მდგომარეობდა არა სამართალდარღვევის ფაქტის უარყოფაში, არამედ დარღვევის გამომწვევი კონკრეტული გარემოებებისა და კომპანიის მიმართ საბაჟო სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასებაში. კერძოდ, ინფორმაციის წარუდგენლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანია საბაჟო საწყობის საქმიანობას პირველად ახორციელებდა და არ იყო ინფორმირებული, რომ აღნიშნული ტიპის ინფორმაცია დადგენილ ვადაში ცალკე უნდა წარედგინა საბაჟო ორგანოსთვის. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა შეცდომითა და შესაბამისი ვალდებულების არცოდნით გამოწვეულ დარღვევას და არა კომპანიის მხრიდან საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნის განზრახ შეუსრულებლობას. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობას არ გამოუწვევია რაიმე ზიანი სახელმწიფოსთვის ან საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის. სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ, გაერკვა საკითხში, მიიღო შესაბამისი ზომები და 07.08.2026 წელს, შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის პარალელურად, წარადგინა 01.07.2026 წლის მდგომარეობით საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაცია. წარდგენილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ 01.07.2026 წლის მდგომარეობით საბაჟო საწყობში საქონლის ნაშთი არ არსებობდა.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა საქონლის ნაშთის დამალვის, საბაჟო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან საბაჟო კონტროლისათვის თავის არიდების შემთხვევა. ასევე, არ არსებობდა რაიმე სხვაობა ფაქტობრივ მდგომარეობასა და საბაჟო ორგანოსთვის წარსადგენ ინფორმაციას შორის, ვინაიდან შესაბამისი თარიღისთვის საწყობში ნაშთი საერთოდ არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დარღვევა გამოიხატა მხოლოდ ნაშთების შესახებ ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობაში, რაც განპირობებული იყო ვალდებულების არ ცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ 04.08.2026 წელს გაასაჩივრა 27.07.2026 წლის NEL322574 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მოითხოვა მისთვის დაკისრებული საბაჟო სანქციისგან გათავისუფლება, რის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი.

კომპანიის მიერ წარდგენილ საჩივარში მკაფიოდ იყო განმარტებული, რომ კომპანია არ ითხოვდა სამართალდარღვევის ფაქტის უგულებელყოფას ან მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის უარყოფას. კომპანია მიუთითებდა კონკრეტულ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, კერძოდ, იმაზე, რომ საბაჟო საწყობთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება კომპანიისთვის წარმოადგენდა ახალ მიმართულებას, ასევე, შესაბამისი ვალდებულების შესახებ ინფორმაციის არქონაზე, დარღვევის შეცდომით ჩადენაზე, ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორების მზაობაზე და სახელმწიფოსთვის რაიმე ზიანის მიუყენებლობაზე და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით ითხოვდა საბაჟო სანქციისგან გათავისუფლებას. მიუხედავად აღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სადავო საბაჟო სანქცია ძალაში დარჩა.

კომპანიის მოსაზრებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული გარემოებები, კერძოდ, შესაბამისი ვალდებულების შესახებ ინფორმაციის არქონა, დარღვევის შეცდომით ჩადენა და სახელმწიფოსთვის რაიმე ზიანის მიუყენებლობა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ უგულებელყოფილ იქნა მის მიერ მანამდე დადგენილი პრაქტიკა იდენტურ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 17.03.2026 წლის N 5747 ბრძანებით დადგენილი მიდგომა, რომლის ფარგლებშიც საბაჟო საწყობის ნაშთების შესახებ ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა შეფასებულ იქნა ახალი საბაჟო საწყობის ოპერატორის მიერ ვალდებულების არცოდნითა და შეცდომით გამოწვეულ დარღვევად და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პირი გათავისუფლდა დაკისრებული საბაჟო სანქციისგან. ამდენად, წინამდებარე საჩივრის ფარგლებში კომპანია სადავოდ ხდის როგორც 27.07.2026 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით კომპანიისთვის დაკისრებული საბაჟო სანქციას, ისე შემოსავლების სამსახურის 04.09.2026 წლის N 19691 ბრძანებას, რომლითაც კომპანიას უარი ეთქვა აღნიშნული სანქციისგან გათავისუფლებაზე.

პირველ რიგში, აღსანიშნია, რომ კომპანია არ დავობს მის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე. კომპანია აცნობიერებს, რომ საბაჟო საწყობის ნაშთების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას და შესაბამისად, ქმნის სამართალდარღვევის ფორმალურ საფუძველს. თუმცა, წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს ის საკითხი, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდარღვევას. კომპანიის მოთხოვნა ეფუძნება არა სამართალდარღვევის ფაქტის უარყოფას, არამედ იმ გარემოებების შეფასებას, რომლებშიც აღნიშნული დარღვევა იქნა ჩადენილი და რომლებიც, კომპანიის მოსაზრებით, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე კომპანიის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების საფუძველია.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შინაარსიდან ცხადად იკვეთება, რომ კანონმდებელი გარკვეული კატეგორიის საბაჟო სამართალდარღვევების შემთხვევაში არ შემოიფარგლება მხოლოდ სანქციის დაკისრების მექანიზმით. პირიქით, კანონმდებელმა საბაჟო ორგანოსა და დავის განმხილველ ორგანოს სპეციალური უფლებამოსილება მიანიჭა, კონკრეტული საქმის გარემოებების შეფასების საფუძველზე, პირი გათავისუფლდეს დაკისრებული საბაჟო სანქციისგან, როდესაც სამართალდარღვევა შეცდომით ან შესაბამისი გარემოების არცოდნით არის ჩადენილი. ამდენად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას საკმარისი არ არის მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენა. აუცილებელია შეფასდეს სამართალდარღვევის ჩადენის კონკრეტული გარემოებები, მათ შორის, იყო თუ არა იგი გამოწვეული შეცდომით ან არცოდნით და რამდენად არსებობს ამ საფუძვლით პირის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული წინაპირობები სახეზეა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კომპანიამ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა მიიღო მხოლოდ 09.02.2026 წელს, ხოლო პირველი ტვირთი საბაჟო საწყობის სტატუსით მიიღო 23.02.2026 წელს. შესაბამისად, კომპანია აღნიშნულ სფეროში საქმიანობას პირველად ახორციელებდა და არ გააჩნდა საბაჟო საწყობის საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება კომპანიისთვის წარმოადგენდა პირველ შემთხვევას, როდესაც მას უნდა წარედგინა საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაცია. სწორედ ამ კონკრეტული ვალდებულების არსებობისა და მისი შესრულების ვადის შესახებ ინფორმაციის არქონამ განაპირობა ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა კომპანიის მიერ საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნის შეგნებული უგულებელყოფა. კომპანიამ უბრალოდ არ იცოდა კონკრეტული ვალდებულების არსებობის შესახებ და აღნიშნულ სფეროში საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე, არ ჰქონდა მისი შესრულების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს იმ შეცდომასა და არცოდნას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი უშვებს პირის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლებას.

ამასთან, კომპანიის ქმედება შემდგომ პერიოდში სრულად შეესაბამებოდა კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს. სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე კომპანიამ მიიღო შესაბამისი ზომები და 07.08.2026 წელს წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია 01.07.2026 წლის მდგომარეობით საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ წარდგენილი ინფორმაციით დადასტურდა 01.07.2026 წლის მდგომარეობით საბაჟო საწყობში საქონლის ნაშთის სრულად არარსებობა. შესაბამისად, ინფორმაციის წარუდგენლობას არ ჰქონია რაიმე მატერიალური შედეგი, არ დაფარულა საბაჟო საწყობში არსებული საქონელი, არ ჰქონია ადგილი საბაჟო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და არ შექმნილა საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის რაიმე რეალური დაბრკოლება. ამ გარემოებების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ წინამდებარე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კონკრეტული ვალდებულების პირველად, შეცდომითა და არცოდნით შეუსრულებლობას, რომელიც კომპანიამ ინფორმაციის მიღებისთანავე გამოასწორა და რომლის შედეგადაც სახელმწიფოს რაიმე ზიანი არ დამდგარა. სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანების მიღებისას სათანადოდ არ შეაფასა ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც კომპანიის მიერ სწორედ სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად იყო მითითებული. ფაქტობრივად, შემოსავლების სამსახური შემოიფარგლა სამართალდარღვევის არსებობის დადასტურებით და არ გასცა სათანადო პასუხი მთავარ საკითხს - რატომ არ წარმოადგენდა მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მიერ მითითებული შეცდომა და ვალდებულების არცოდნა სანქციისგან გათავისუფლების საფუძველს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაზე ავრცელებს კანონმდებელი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, კომპანია მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურმა ვერ უზრუნველყო საქმის ყველა არსებითი გარემოების სრულყოფილი შეფასება და ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა იქნეს მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება. გარდა ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს შემოსავლების სამსახურის მიერ მანამდე დადგენილ პრაქტიკას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, თანაბარ და არსებითად მსგავს შემთხვევებში პირების მიმართ თანაბარი მიდგომა გამოიყენოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის N ბს-377-374 (გ-17) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებასა და დაცვას, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან და კანონით განსაზღვრულ საკითხთან მიმართებით აქვთ ადეკვატური დამოკიდებულება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ „დისკრიმინაცია, არაგონივრული დიფერენციაცია აკრძალულია ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას“. მოცემულ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპის დაცვის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე არსებობს გადაწყვეტილება არსებითად იდენტურ სამართლებრივ საკითხზე, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 17.03.2026 წლის N 5747 ბრძანება. აღნიშნულ ბრძანებაში განხილული იყო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საკითხი. აღნიშნულ შემთხვევაშიც დადგენილი იყო შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, თუმცა დავის განმხილველმა ორგანომ შეაფასა სამართალდარღვევის გამომწვევი კონკრეტული გარემოებები და მხედველობაში მიიღო, მათ შორის, ის გარემოება, რომ ოპერატორს საბაჟო საწყობის საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა და დარღვევა გამოწვეული იყო შეცდომითა და შესაბამისი ვალდებულების არცოდნით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირი გათავისუფლდა დაკისრებული საბაჟო სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე. წინამდებარე საქმეში კი სახეზეა არსებითად იგივე გარემოებები. კომპანიას საბაჟო საწყობის საქმიანობა ახლად ჰქონდა დაწყებული, ნაშთების შესახებ ინფორმაციის წარდგენა წარმოადგენდა მისთვის პირველ ასეთ შემთხვევას, შესაბამისი ვალდებულების შესახებ ინფორმაციის არქონის გამო ინფორმაცია დადგენილ ვადაში ვერ იქნა წარდგენილი, დარღვევა გამოწვეული იყო შეცდომითა და ვალდებულების არცოდნით, კომპანიამ აღნიშნული ვალდებულების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე აღმოფხვრა ხარვეზი და საბოლოოდ დადასტურდა, რომ შესაბამისი საანგარიშო თარიღისთვის საბაჟო საწყობში ნაშთი საერთოდ არ არსებობდა. ამრიგად, N 5747 გადაწყვეტილებით შეფასებული საქმისა და წინამდებარე საქმის არსებითი გარემოებები ემთხვევა სწორედ იმ ნაწილში, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებისთვის.

შესაბამისად გაუგებარია, რა საფუძვლით იქნა N 5747 საქმეში ზემოაღნიშნული გარემოებები მიჩნეული სანქციისგან გათავისუფლების საფუძვლად, ხოლო წინამდებარე საქმეში - არა. მით უფრო, რომ შემოსავლების სამსახურის N 19691 ბრძანებაში არ არის მითითებული არც ერთი კონკრეტული გარემოება, რომელიც განასხვავებდა წინამდებარე საქმეს N 5747 გადაწყვეტილებით განხილული საქმისგან და ობიექტურად გაამართლებდა განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მსგავს შემთხვევებში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება დასაშვები შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძვლის არსებობისას. ასეთ შემთხვევაში კი განსხვავებული მიდგომის მიზეზები გადაწყვეტილებაში სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. წინამდებარე შემთხვევაში ასეთი დასაბუთება არ არსებობს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა, ერთი მხრივ, არ გაითვალისწინა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებისთვის არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო, მეორე მხრივ, არ განმარტა, რატომ შეაფასა განსხვავებულად არსებითად მსგავსი ფაქტობრივი მდგომარეობა N 5747 გადაწყვეტილებასთან შედარებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაკმაყოფილდეს საჩივარი და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, კომპანია გათავისუფლდეს 27.07.2026 წლის NEL322574 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისაგან, ხოლო შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საჩივარში მითითებულია, რომ კომპანია არ დავობს ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ფაქტზე და განმარტავს, რომ კომპანიის პოზიცია თავიდანვე მდგომარეობდა არა სამართალდარღვევის ფაქტის უარყოფაში, არამედ დარღვევის გამომწვევი კონკრეტული გარემოებებისა და კომპანიის მიმართ საბაჟო სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასებაში. კერძოდ, ინფორმაციის წარუდგენლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანია საბაჟო საწყობის საქმიანობას პირველად ახორციელებდა და არ იყო ინფორმირებული, რომ აღნიშნული ტიპის ინფორმაცია დადგენილ ვადაში ცალკე უნდა წარედგინა საბაჟო ორგანოსთვის. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა შეცდომით და შესაბამისი ვალდებულების არცოდნით გამოწვეულ დარღვევას, და არა კომპანიის მხრიდან საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნის განზრახ შეუსრულებლობას. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას საკმარისი არ არის მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენა. აუცილებელია შეფასდეს სამართალდარღვევის ჩადენის კონკრეტული გარემოებები, მათ შორის, იყო თუ არა იგი გამოწვეული შეცდომით ან არცოდნით და რამდენად არსებობს ამ საფუძვლით პირის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული წინაპირობები სახეზეა. ასევე, თანასწორობის პრინციპის დაცვის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე არსებობს გადაწყვეტილება არსებითად იდენტურ სამართლებრივ საკითხზე, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 17.03.2026 წლის N 5747 ბრძანება. აღნიშნულ ბრძანებაში განხილული იყო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საკითხი. აღნიშნულ შემთხვევაშიც დადგენილი იყო შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, თუმცა დავის განმხილველმა ორგანომ შეაფასა სამართალდარღვევის გამომწვევი კონკრეტული გარემოებები და მხედველობაში მიიღო, მათ შორის, ის გარემოება, რომ ოპერატორს საბაჟო საწყობის საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა და დარღვევა გამოწვეული იყო შეცდომითა და შესაბამისი ვალდებულების არცოდნით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირი გათავისუფლდა დაკისრებული საბაჟო სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში, რაზეც მიღებულია შემოსავლების სამსახურის 04.09.2026 წლის N 19691 ბრძანება, მითითებულია შემდეგი: „თავდაპირველად, გვსურს განვმარტოთ, რომ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა არ ყოფილი განზრახი ქმედება და კომპანიის მიზანი არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება. არამედ, აღნიშნული ქმედება განპირობებული იყო საკითხის არასწორი აღქმის შედეგად, რასაც გულწრფელად ვინანიებთ. ამავდროულად, გაცნობებთ, რომ შპს „-----“ აქტიურად თანამშრომლობს საბაჟო ორგანოსთან და კეთილსინდისიერად და გულისხმიერებით ასრულებს შესაბამის სხვა ვალდებულებებს. ვინაიდან ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა იყო პირველი და ერთჯერადი, ასევე ის გარემოება, რომ ინფორმაციის წარუდგენლობა განპირობებული იყო არაგანზრახი ქმედებით და კომპანიის მიერ ნორმის არასწორი შეფასებით, რასაც კომპანია გულწრფელად ინანიებს და გამოხატავს მზადყოფნას, უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა და აღნიშნული სანებართვო ვალდებულების ზედმიწევნით შესრულება, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გააუქმოთ შპს „-----“ დაკისრებული ფულადი ჯარიმა და შემოიფარგლოთ სიტყვიერი შენიშვნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ იხელმძღვანელოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლითა და 34-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხედველობაში მიიღოთ კომპანიის გულწრფელი მონანიება, გაითვალისწინოთ კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობის არცოდნა და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ფაქტის არარსებობა და გაგვათავისუფლოთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან“.

საბაჟო დეპარტამენტის 05.10.2026 წლის N ----- წერილით ირკვევა, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ კომპანიის მიერ N ID ----- (07.08.2026წ.) წერილით წარდგენილია ინფორმაცია 01.07.2026 წლის მდგომარეობით საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების შესახებ.

ამდენად, დადგენილია, რომ კომპანიის მიერ 01.07.2026 წლის მდგომარეობით საბაჟო საწყობში ----- არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოში არ იყო წარდგენილი, რითაც დარღვეულ იქნა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა. ასევე დადგენილია, რომ მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და მისი მოთხოვნაა საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ფაქტი შეფასდეს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით, რაზეც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ნამსჯელი არ არის.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 04.09.2026 წლის N 19691 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა და აღნიშნულის გამო დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია დროულად არ წარადგინა, რის გამოც დაჯარიმდა. კომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავა გაგრძელდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176; 163(11);.