ბრძანება N 3969
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3969
23 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2024 წლის 31 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №22113/2/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 11 იანვრის №EL238066 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL69300/2 (№006-2) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2022 წლის 3 ოქტომბერს შპს „----------“, ----------სა და სააქციო საზოგადოება ---------- საქართველოს ფილიალს (ს/კ ----------) (შემდგომში ,,კონტრაქტორი“) შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კონტრაქტორი ვალდებული იყო შპს „----------“ მოეწოდებინა ტვირთი/საქონელი საკუთარი ხარჯითა და რისკით. 2023 წლის 31 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან შემოვიდა კონტრაქტორის მიერ გამოგზავნილი საქონელი, რომლის მიმღებ მხარეს წარმოადგენდა შპს „----------“. კონტრაქტორის მიერ გამოგზავნილი სატვირთო მანქანა, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოწერილი სააღრიცხვო მოწმობის საფუძველზე უნდა გამოცხადებულიყო გეზ “----------”-ში, თუმცა, კონტრაქტორის მიერ გამოგზავნილი სატვირთო მანქანა გაემგზავრა შპს „----------“ სამშენებლო ობიექტზე და 2023 წლის 31 დეკემბერს, გვიან ღამით, არასამუშაო დროს განახორციელა ტვირთის დაცლა ისე, რომ შპს „----------“ წინასწარ ინფორმაციაც კი არავის მიუწოდებია, შესაბამისად შპს „----------“ მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეკონტროლებინა საქონელი. 2024 წლის 8 იანვარს შპს „----------“ და ----------მა (კონტრაქტორმა) ერთობლივად მიმართეს შემოსავლების სამსახურს თხოვნით, რათა შემოსავლების სამსახურს გამოეყო თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფდა აღნიშნული ტვირთის ადგილზე შემოწმებას და იმოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თუმცა საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
აღნიშნულ ფაქტს შპს „----------“ არ ეთანხმება, ვინაიდან საბაჟო კონტროლს ქვეშ მოქცეული საქონელი, რაც წინასწარ იყო დეკლარირებული და ინვოისში ასახული, სრული მოცულობით იყო განთავსებული სამშენებლო მოედანზე, რაც დასტურდება წარმოდგენილი ფოტოსურათებით და ასევე მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელს მარტივად შეეძლო საქონლის იდენტიფიცირება და მათი შედარება საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული ინვოისში შესყიდულ საქონელთან. აღნიშნულ ფაქტზე კომპანიის მიმართ გამოცემულ იქნა სადავო ადმინისტრაციული აქტები.
მომჩივნის მოსაზრებით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაედგინა, ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეული იყო თუ არა შპს „----------“ მის ჩადენაში, ექვემდებარებოდა თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. მიაჩნია, რომ საბაჟოს უნდა გამოერკვია სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა ექნებოდათ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. ფაქტიურად ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ შესწავლილიც კი არ ყოფილა სათანადოდ, თუ როგორ მოხვდა ტვირთი შპს „----------“ სამშენებლო მოედანზე, ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ არ გამოკვლევის საფუძველზე დაჯარიმდა მტკვარი ჰესი, რაც მიაჩნია, რომ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის უხეში დარღვევა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის ირკვევა, რომ 2023 წლის 29 დეკემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №---------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 247758.85 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი – მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონისგან (პანელები). აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2023 წლის 31 დეკემბერს №---------- სატვირთო ავტომობილით საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით, სადაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ №---------- დეკლარაციისთვის შეირჩა „ყვითელი დერეფანი“. გამომდინარე აქედან, სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №---------- აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“.
2024 წლის 8 იანვარს შპს „----------“ (ს/ნ ----------) №---------- განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ სამშენებლო ობიექტზე, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა.
2024 წლის 11 იანვარს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა დაათვალიერა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული საქონელი, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
ვინაიდან შპს „----------“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტს, ---------- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 11 იანვარს შედგენილ იქნა №EL238066 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 79 528.64 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან ერთად, გაუქმდა №---------- (29.12.2023) საბაჟო დეკლარაცია და 2024 წლის 5 იანვარს გამოიცა №EL69300/2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 79528.64 ლარი (იმპორტის გადასახადი – 29 675 ლარი; დღგ – 49853.64 ლარი).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;
ვალდებული პირი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება;
საბაჟო ვალდებულება გულისხმობს პირის ვალდებულებას, გადაიხადოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი იმპორტის გადასახადი.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის ის ვალდებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება. ამასთან, იგი არის პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
დადგენილია ასევე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე. შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხვაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელს მარტივად შეეძლო საქონლის იდენტიფიცირება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ტერმინი „იდენტურობა“ ნიშნავს „ერთსა და იგივეს“. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარირებული საქონლის (მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონისგან (პანელები)) იგივეობა კომპანიის კუთვნილ სამშენებლო ობიექტზე არსებულ საქონელთან ვერ მოხერხდა. სამშენებლო ობიექტზე არსებული საქონლის დეკლარირებულ საქონელთან იდენტურობა მხოლოდ მოცულობით (როგორც მომჩივანი მიუთითებს) არ ხდება. საქონლის იდენტურობა უნდა დასტურდებოდეს მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰონდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ს“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი არის ის ვალდებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება. ამასთან, იგი არის პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის. დადგენილია ასევე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე. შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხვაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელს მარტივად შეეძლო საქონლის იდენტიფიცირება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ტერმინი „იდენტურობა“ ნიშნავს „ერთსა და იგივეს“. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარირებული საქონლის (მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონისგან (პანელები)) იგივეობა კომპანიის კუთვნილ სამშენებლო ობიექტზე არსებულ საქონელთან ვერ მოხერხდა. სამშენებლო ობიექტზე არსებული საქონლის დეკლარირებულ საქონელთან იდენტურობა მხოლოდ მოცულობით (როგორც მომჩივანი მიუთითებს) არ ხდება. საქონლის იდენტურობა უნდა დასტურდებოდეს მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰონდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172