გადაწყვეტილება №20196/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20196/2/2023
15 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 6.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20196/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 140 703,98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 71 198
დღგ - 40 166
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 86
საშემოსავლო გადასახადი - 29 621
ქონების გადასახადი - 1 325
ჯარიმა - 34 945,3
საურავი - 34 560,68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 16.06.2022 წლის №046-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჩატარებული რემონტის მასალები, სათადარიგო ნაწილები და სხვა) რეალიზებულად განხილვის, საქმიანი ეზოს მოწყობის სამუშაოებზე გამოყენებული მასალების გადასახადებით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხვის და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მშენებლობის ნებართვა);
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში წარმოადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, ასევე წარმოდგენილია საქონლის ჩამონათვალი (შესაბამისი სასაქონლო ზედნადების მითითებით), რომელიც გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის (ზეთი, საპოხი საშუალებები და ავტომობილის ნაწილები) და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საქონლის სახეობები/ჯგუფები და ფასნამატის ოდენობა (ფასნამატის ნაწილში ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის არგუმენტები). ასევე, სრულად იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის და შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (შემცირდა 35 315 ლარი დღგ-ის გარეშე), ერთობლივი შემოსავალი (შემცირდა 24 375 ლარი) და გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული ხარჯების ოდენობა (6 174 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნით დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხა სულ 18 577 ლარით, მათ შორის გადასახადი 12 467 ლარი და ჯარიმა 6 110 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების მიხედვით მასალების შიდა ჩამოწერის უწყისები, მაგრამ არ წარმოუდგენია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვა ან/და საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით, შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა.
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საქონლის სახეობები/ჯგუფები და ფასნამატის ოდენობა. ასევე, სრულად იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილშია არამართლზომიერად მისი არგუმენტაცია ნაწილობრივ გათვალისწინებული. ასევე, 2020 წელს საქმიანი ეზოს მოწყობის სამუშაოებზე გამოყენებული მასალების გადასახადებით დასაბეგრი ბრუნვიდან/ბაზიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მშენებლობის ნებართვა ან/და საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა შესამოწმებელ პერიოდში.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №14540 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №046-1 საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2.02.2023 წლის №1786 ბრძანება და 30.01.2023 წლის დასკვნა არ შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას, შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანებას, ხოლო მათ გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ზემოხსენებული დოკუმენტები ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშეა შედგენილი. ამიტომ ისინი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი უნდა გაუქმდეს.
შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საბჭომ 19.06.2023 წელს გამართულ სხდომაზე განიხილა №37445/21 და №79750/1/2023 საჩივრები. 2 საჩივარი არ დაწერილა, ამიტომ სრულიად გაუგებარია რა საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა.
შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილშია არამართლზომიერად მისი არგუმენტაცია ნაწილობრივ გათვალისწინებული. ასევე, 2020 წელს საქმიანი ეზოს მოწყობის სამუშაოებზე გამოყენებული მასალების გადასახადებით დასაბეგრი ბრუნვიდან/ბაზიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მშენებლობის ნებართვა ან/და საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, იმპორტირებულ ტრაქტორზე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა შესამოწმებელ პერიოდში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც აუცილებელი და სრულიად საკმარისია შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისათვის.
წარდგენილ საჩივარში სრულიად ნათლად და არგუმენტირებულადაა აღწერილი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც გათვალისწინებული არ არის შემოწმების აქტის გადაანგარიშებისას და რაც საჩივარში მოყვანილი არგუმენტებით დასტურდება.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში წარმოადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, ასევე წარმოდგენილია საქონლის ჩამონათვალი (შესაბამისი სასაქონლო ზედნადების მითითებით), რომელიც გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალებების ფუნქციონირებისათვის (ზეთი, საპოხი საშუალებები და ავტომობილის ნაწილები) და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საქონლის სახეობების/ჯგუფები და ფასნამატის ოდენობა (ფასნამატის ნაწილში ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის არგუმენტები), ასევე სრულად იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის და შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ბრუნვა (შემცირდა 35 315 ლარი დღგ-ის გარეშე), ერთობლივი შემოსავალი (შემცირდა 24 375 ლარი) და გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული ხარჯების ოდენობა (6 174 ლარი).
გაურკვეველი მიზეზის გამო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფასნამატის თაობაზე გადამხდელის არგუმენტები და მტკიცებულებები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, თუმცა აუდიტის დეპარტამენტს ვერ მოჰყავს ვერანაირი არგუმენტი სრულად რატომ არ გაითვალისწინა წარმოდგენილი გაანგარიშება.
წარმოდგენილი ცხრილების შესაბამისად რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი გამოთვლილია რეალიზაციისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებითა და რეალიზაციის წინა უახლოეს პერიოდში საქონლის შეძენისას გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო და შეძენის ფასების გათვალისწინებით.
მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა ამგვარად გამოთვლილი ფასნამატი არ გაითვალისწინა და მის მიერ არასწორად გამოთვლილი ფასნამატით ისარგებლა, რაც უკანონო და დაუშვებელია.
2020 წელს მოეწყო საქმიანი ეზო, კერძოდ აშენებულია შენობა, რომელშიც განთავსებულია მაღაზია და საწყობი, მოწყობილია ფურცლოვანი თუნუქით გადახურული რკინის კონსტრუქცია, სადაც განთავსებულია სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი საამქრო, ბეტონის საფარით მოპირკეთებულია ხსენებული ეზოს ტერიტორია. უნდა მოხდეს აღნიშნულ სამუშაოებზე გამოყენებული მასალების გადასახადებით დასაბეგრი ბრუნვიდან/ბაზიდან ამორიცხვა და მიეკუთვნოს სრულად გამოქვითული საშუალებების გრაფას.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მშენებლობის ნებართვა). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტი აღიარებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების მიხედვით მასალების შიდა ჩამოწერის უწყისები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საიტზე დაცული ორთოფოტოები, რითაც ხსენებული სამუშაოების ჩატარების რეალობა და თარიღი დასტურდება. მაგრამ, არ წარმოუდგენია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვა.
თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა მშენებლობის ნებართვის არარსებობის გამო არ გაითვალისწინა წარდგენილი დოკუმენტები და აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
საყურადღებოა, რომ მშენებლობაზე დახარჯული მასალების უმეტესი ნაწილი დახარჯულია ფურცლოვანი თუნუქით გადახურული ღია კონსტრუქციის მოწყობაზე, რასაც არანაირი მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროება.
ასეც რომ არ იყოს, მშენებლობის კანონიერების დადგენა საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას არ წარმოადგენს, ამიტომ მშენებლობის ნებართვის არსებობას ან არ არსებობას საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მეტიც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ამ საკითხზე უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილია ტრაქტორი და განბაჟდა იმპორტის რეჟიმში, მაგრამ საბაჟოზე გადახდილი დღგ ჩათვლილი არ არის, თუმცა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში საბაჟო დეკლარაცია და საბაჟოზე გადახდილი დღგ ასახულია, მაგრამ დეკლარაციის მე-3 ნაწილის მე-2 გრაფაში (დღგ გადახდილი საბაჟო ოპერაციებზე) არ არის ჩაწერილი და მექანიკური შეცდომის გამო დღგის ჩათვლა მიღებული არ არის და მოთხოვნილი იქნა საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლა შემოწმებით მოცულ პერიოდში.
შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მიუთითა, რომლის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური-ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამიტომ საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად საკითხი დამატებით შეისწავლა და დაადგინა, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა.
შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით საბაჟო დეკლარაციაზე ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრული არ არის. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით საბაჟოზე გადახდილი დღგ დღეის მდგომარეობითაც ჩასათვლელ გადასახადს წარმოადგენს.
2018 წელს საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დღგ შემოწმებით მოცულ პერიოდში ჩათვლას შემოსავლების სამსახური ხანდაზმულ ოპერაციად არ მიიჩნევს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანებაში იქნებოდა შესაბამისი ჩანაწერი ხანდაზმულობის მოტივით მოთხოვნის არდაკმაყოფილების შესახებ, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა 2018 წელს საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დღგ შემოწმებით მოცულ პერიოდში ჩათვლა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაძლებლად მიიჩნია და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით ყოველმხრივ შეესწავლა საკითხი, ანუ აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეესწავლა:
ა) შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ნამდვილად ასახულია თუ არა სადავო საბაჟო დეკლარაცია;
ბ) შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის მე-3 ნაწილის მე-2 გრაფაში (დღგ გადახდილი საბაჟო ოპერაციებზე) ჩაწერილია თუ არა სადავო საბაჟო დეკლარაციაში ასახული დღგ;
გ) გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს თუ არა ჩათვლა საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებულ დღგ-ზე.
აღნიშნული საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დადებითი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების საფუძველზე უნდა განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული.
ამდენად, საბაჟო დეკლარაციასა და დეკლარაციით ჩასათვლელ თანხაზე საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრული არ არის. ამიტომ, მასზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება და ამ მოტივით საბაჟო დეკლარაციით გადახდილი დღგ-ის არ ჩათვლა უკანონოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ხანდაზმულობის მოტივით საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლის განუხორციელებლობისა და დარიცხული გადასახადის არდაკორექტირების თაობაზე უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
საეჭვოა, რომ საჩივარი საბჭოზე შეტანილი არ ყოფილა და საბჭოს არ განუხილავს, რადგან არდაკმაყოფილების თაობაზე ბრძანებაში მოყვანილი განმარტებები არ შეესაბამება პირველი საჩივრის განხილვისას საბჭოზე გამოთქმულ მოსაზრებებს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის თანდასწრებით განიხილონ საჩივარი.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა
არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საბაჟო დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან 8 გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.
2. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომი შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №70968-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების მიხედვით მასალების შიდა ჩამოწერის უწყისები, მაგრამ არ წარმოუდგენია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვა ან/და საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა. შემოწმების შედეგად ფასნამატი გაანგარიშებული იქნა საქონლის ჯგუფების მიხედვით წლიური საშუალო შეწონილი ფასების შესაბამისად, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ფასნამატის მეთოდის ცვლილებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, ხოლო საქონლის ჯგუფები დაკორექტირდა გადამხდელის პოზიციების სრულად გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელის შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია 14.03.2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, შედეგად საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვის პერიოდზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
საბჭო მიიჩნევს, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. ხოლო, დანარჩენ საკითხებთან მიმართებით საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების შესაბამისად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანება;
3. საჩივარი, 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეფასების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების შედეგებზე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საქონლის სახეობები/ჯგუფები და ფასნამატის ოდენობა (ფასნამატის ნაწილში ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის არგუმენტები). ასევე, სრულად იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის და შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (შემცირდა 35 315 ლარი დღგ-ის გარეშე), ერთობლივი შემოსავალი (შემცირდა 24 375 ლარი) და გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული ხარჯების ოდენობა (6 174 ლარი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნით დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხა სულ 18 577 ლარით, მათ შორის გადასახადი 12 467 ლარი და ჯარიმა 6 110 ლარი.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხი შესწავლილი იქნა დამატებით, შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალება, რომლის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ასახულია შესაბამისი თვის (2018 წლის იანვრის) დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა. სხვა ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ შეძენილი ტრაქტორის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. ხოლო, დანარჩენ საკითხებთან მიმართებით საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28157 ბრძანების შესაბამისად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა""ბ"), 102(1"ა"), 105(1)(2), 112(1)(2);
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა"), 173(1)(2"ბ"), 174(1"ა")(2"ა.ა").