გადაწყვეტილება №21754/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.04.2024
№ დოკუმენტი 21754/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21754/2/2023

23 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 29.12.2023 და 8.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21754/2/2023; №21824/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №10013 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №072-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31480 ბრძანება. ~

 

დარიცხული თანხა: 198 096.83 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 331

დღგ - 38 752

საშემოსავლო გადასახადი - 66 579

ჯარიმა - 47 486

საურავი - 45 279.83

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 16.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:

- გადამხდელს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის მიხედვით არ უფიქსირდება დეკლარაციების წარდგენა ან/და გადასახადების გადახდა. შესამოწმებელ პერიოდში თითოეული ტენდერის მიღება-ჩაბარების, პირველადი დოკუმენტების, ხელშეკრულებების და საბანკო ამონაწერის ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხები უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აჭარბებს 100 000 ლარს 12.03.2020 წელს. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა შეადგენს 15 301 ლარს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდის შემდეგ, შემოწმების შედეგად დადგინდა ყოველი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა. შემოწმებით ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის დაანგარიშებისას საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

- გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ შეუსრულებია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის, საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პირველადი დოკუმენტაციით დაანგარიშებულ შემოსავლებს გამოაკლდა ამ შემოსავლების მისაღებად გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და დარჩენილი თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათველისწინებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №29585 ბრძანება და ამავე თარიღის №072-9 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 26.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.05.2023 წლის №10013 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №10013 ბრძანება 5.06.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 15.06.2023 წლის №19874/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №10013 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 29.09.2023 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 6 966 ლარი, მათ შორის: დღგ 6 961 ლარი და ჯარიმა 5 ლარი (სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად). დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №25097 ბრძანება და 11.10.2023 წლის №072-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 7.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.12.2023 წლის №31480 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით დღგ-ის გაანგარიშებისას საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ 2020 წლის იანვარის და თებერვლის თვეებში გადამხდელს არ უფიქსირდება შეძენები, შესაბამისად მიღებული არ აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ვერ განხორციელდება ჩათვლა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიერ განემარტა, რომ იმ კომპანიებისგან, რომლებშიც მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება და ვერ ხდება შპს „---თვის“ საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა, შემოწმების დასრულების შემდგომ შეუძლია მიმართოს წერილობით საგადასახადო ორგანოს და დამატებით მოხდება დღგ-ის თანხების ჩათვლაში გათვალისწინება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის მარტის თვეში, რა პერიოდზეც შემოწმების შედეგად ჩათვლებში გათვალისწინებულია მხოლოდ მარტის საოპერაციო თვის დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მარტის თვეში შესრულებული აქვს ორი სხვადასხვა სამუშაო, რის შესასრულებლადაც შეძენილ საქონელზე (დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მომენტში), კერძოდ ნაწილობრივ იანვრის და თებერვლის თვეებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ არის გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლებში. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სმფ-ები, რაზეც ზოგიერთი მომწოდებელი საგადასახადო შემოწმების გამო ვერ უგზავნის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. შემოწმების შედეგად არ არის გათვალისწინებული ხარჯი გაწეულ მომსახურებაზე. კომპანიას გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისთვის, რომლებიც დასტურდება სახელმწიფო შესყიდვების ელ. გვერდზე. ასევე კომპანიის შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯების მოცულობა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით, უმეტეს შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით. ასევე, არ გააჩნია ხარჯებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი (ტრანსპორტირება, საწვავი და ა.შ.) რომლებიც ფაქტიურად გაწეულია. აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების მიხედვით, ხარჯად განხილულ უნდა იქნას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 75%. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული ხელფასის გაცემის უწყისები, კოვიდ 19- თან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათები დაქირავებულ თანამშრომლებზე გაცემული თანხებს ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №10013 ბრძანებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №10013 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 დასკვნით, გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გამოწერილია შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ ხარჯებზე და გადამხდელის მიერ მიბმული და გათვალისწინებული არ არის სხვა საანგარიშო პერიოდის დეკლარაციებში, დაექვემდებარა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებას. გადასახადის ცვლილებამ ამ ნაწილში არ გამოიწვია დარიცხული ჯარიმის შემცირება, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტით ჯარიმა დაკისრებულია საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2024 წლის №5004-21-14 წერილში მითითებულია შემდეგი: კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2.09.2016 წელს. საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. იგი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. გადამხდელს არ უფიქსირდება დეკლარაციების წარდგენა ან/და გადასახადების გადახდა.

- შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული ჩასათვლელი დღგ. გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ 2020 იანვარის და თებერვლის თვეში შეძენილ სმფ-ზე ეკუთვნის ჩათვლა, თუმცა აღნიშნულ თვეში გადამხდელს არ უფიქსირდება შეძენები შესაბამისად მიღებული არ აქვს ანგარიშ-ფაქტურა და ვერ მოხდება ჩათვლა.

- გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ იმ კომპანიებისგან რომლებშიც მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება და ვერ ხდება კომპანიისთვის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, შემოწმების დასრულების შემდგომ მიმართოს წერილობით საგადასახადო ორგანოს და დამატებით მოხდება ამ თანხების ჩათვლაში გათვალისწინება.

აღსანიშნია, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა მომჩივანს არგუმენტები წარმოდგენილი აქვს ისეთ სადავო საკითხებზე, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მისი ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №10013 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №10013 ბრძანება 5.06.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 15.06.2023 წლის №19874/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №10013 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 29.09.2023 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 6 966 ლარი, მათ შორის: დღგ 6 961 ლარი და ჯარიმა 5 ლარი (სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად). დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №25097 ბრძანება და 11.10.2023 წლის №072-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 7.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.12.2023 წლის №31480 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ).