ბრძანება N 6045
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6045
27.03.2023
ფ/პ "----------" (პ/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- ;
იურ. მის.: ---------- )
2021 წლის 29 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) 2021 წლის 29 დეკემბრის №66107/1/2021 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 7 დეკემბრის №127-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საიჯარო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ ი/მ "----------"-სგან, ი/მ "----------"-სგან, შპს "----------" და შპს "----------" საიჯარო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების ოდენობა არ წარმოშობდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იჯარით მიღებული შემოსავლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემოსავალი მიიღო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, საიჯარო ხელშეკრულებებში ბიუჯეტის გადახდაზე ვალდებული იყვნენ ფართის იჯარის მიმღებნი, აქაც შემოსავალი არ იყო დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციამდე მისული, ხოლო დაბეგვრა განხორციელდა საკასო მეთოდით. ასევე, ელ. ენერგიის ხარჯი გამოწვეული იყო გარე განათების სისტემით, რომელიც უმეტესწილად ჩართული იყო და მას სამეწარმეო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, განათება ობიექტებზე ჩართული იყო უსაფრთხოების მიზნითაც, სიბნელის პერიოდში, მაშინაც როცა ეს ობიექტები არ იყო საიჯარო პირობებით გაქირავებული. ამასთან, შემოწმების პროცესში მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარდა სხვა საიჯარო ურთიერთობები არავისთან გააჩნდა და მის მიერ დადებულ საიჯარო ხელშეკრულებებში საშემოსავლო გადასახადის გადახდა ევალებოდა ფართის იჯარის მიმღებთ
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 მარტისა №7850 და 30 მარტის №9151 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 6 დეკემბრის №37602 ბრძანება და 7 დეკემბრის №127-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 661 868 ლარი, მათ შორის, გადასახადი 354 686 ლარი, ჯარიმა 139 929 ლარი, საურავი 167 253 ლარი.
ზემოაღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 10 მაისის №11739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №11739 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 28 ოქტომბრის №16758/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №11739 ბრძანება და საჩივარი, მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში, კერძოდ, საიჯარო შემოსავლების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №16758/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„გადახდის წყაროსთან დაკავების (საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის) ნაწილში საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი ინდივიდუალურ მეწარმედ არ იყო რეგისტრირებული, ასევე, მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია განხორციელდა საგადასახადო ორგანოს მიერ, პირველ დავის საგანზე დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე - 3.04.2018 წელს, საბჭოს მიაჩნია, რომ საიჯარო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გადახდის წყაროსთან დაკავების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საიჯარო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი (განაცემთა შესახებ ინფორმაცია). შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ხელშეკრულებებისა და ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად აღნიშნულმა შემოსავალმა 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში შეადგინა 291 008 ლარი. ამასთან, პირი კომერციული ფართის რეალიზაციის საანგარიშო პერიოდიდან ითვლება დღგ-ის გადამხდელად. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, ფ/პ "----------" მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ არის წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური და ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაციები. ფ/პ "----------" მიერ იჯარით მიღებული შემოსავალი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და მე-100 მუხლების მიხედვით იჯარით მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საგადასახადო შემოწმების პროცესში, გადამხდელისგან დამატებით არის წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულებები 2018 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდზე, 16 ფიზიკურ პირზე. აღნიშნული ფიზიკური პირები ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას ფ/პ "----------" კუთვნილ ფართებში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით შესწავლილ იქნა მოიჯარეების მიერ მიღებული ზედნადებები და აღნიშნულ ზედნადებებში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, ასევე, შემოსავლების სამსახურის უბნის საგადასახადო ოფიცრების დათვალიერების აქტები და სს ენერგო-პრო ჯორჯიასგან მოსული ინფორმაცია ფ/პ "----------" კუთვნილ ობიექტებში მოხმარებული ელ.ენერგიის მოცულობისა და ღირებულებების შესახებ, ასევე, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაცია. შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის მაისიდეკემბრის საანგარიშო პერიოდების გარდა, პირი ობიექტების იჯარით გაცემას ახორციელებდა 2018 წლის თებერვლიდან მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში.
შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, 2018 წლის მაისიდან დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდის გარდა, სხვა პერიოდებში საიჯარო ფასი გაანგარიშდა საკადასტრო კოდებზე მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით. შედეგად საშემოსავლო გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ფ/პ "----------" მიერ იჯარით მიღებული შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმებით ასევე, დადგინდა, რომ გარდა ზემოაღნიშნული მოიჯარეებისა, ფ/პ "----------" კუთვნილ ობიექტებში ეკონომიკურ საქმიანობას ასევე ახორციელებენ სხვა ფიზიკური პირებიც, რომელთა შესახებაც გადამხდელის მიერ საიჯრო ხელშეკრულებები და ინფორმაცია საიჯარო მომსახურების შესახებ წარმოდგენილი არ არის.
შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შედეგად, საშემოსავლო გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ფ/პ "----------" მიერ იჯარით მიღებული შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე, მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ინდივიდუალურ მეწარმედ არ იყო რეგისტრირებული, ასევე, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია განხორციელდა შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, პირველ დავის საგანზე დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე 2018 წლის 3 აპრილს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. ამასთან, აღნიშნული ვალდებულება საგადასახადო აგენტს არ ეკისრება იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ "----------" არ იყო რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ და არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს (სავალდებულო რეგისტრაცია განხორციელდა შემოწმების მიერ პირველ დავის საგანზე დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე), აღნიშნულ პერიოდში მოიჯარეს ჰქონდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ პერიოდზე, რომელზეც ფ/პ "----------" არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და არ იყო რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, შემოწმებით, საიჯარო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ პერიოდზე, რომელზეც ფ/პ "----------" არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და არ იყო რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, შემოწმებით, საიჯარო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საიჯარო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პერიოდში პირი რომელიც არ იყო რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საიჯარო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ასევე გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ არის წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური და ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაციები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ პერიოდზე, რომელზეც გადამხდელი რომელიც არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და არ იყო რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, შემოწმებით, საიჯარო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 73(9); 154(1„დ“); 275;