გადაწყვეტილება №24167/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2024
№ დოკუმენტი 24167/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24167/2/2024

11 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------- 18.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24167/2/2024).

 

დავის საგანი:

1. მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა;

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №001-155 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20827 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 400,53 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 26 732

დღგ - 9 298

საშემოსავლო გადასახადი - 17 434

ჯარიმა - 10 055

საურავი - 5 613,53

 

გადასახდელად დარიცხული გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა:

 

საშემოსავლო გადასახადი - 2 490 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №001-155 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20827 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 30.11.2021 წელს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არანაირი ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდება. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში ეწეოდა ფურშეტის მომსახურებას (მითითებულია საბანკო ჩარიცხვების დანიშნულებაში). თუმცა, საგადასახადო ორგანოში არ წარადგენდა შესაბამის საგადასახადო დეკლარაციებს.

საბანკო ჩარიცხვების განმახორციელებელ პირებიდან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული ახსნა-განმარტებების მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნული მომსახურებები წარმოადგენდა ფურშეტის ან/და სხვა მსგავსი შინაარსის მომსახურების ანაზღაურებას. აღნიშნული თანხები ჩაითვალა მომჩივნის მიერ მიღებულ შემოსავლად, ხოლო გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მარჟა, რითაც განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვითი ხარჯები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 165-ე მუხლზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს ჰქონდა სულ ორი ტიპის ჩარიცხვები საბანკო ანგარიშზე: პირადი ჩარიცხვები და სხვა დანარჩენი ჩარიცხვები, რომლის დანიშნულებას და კუთვნილებას ვერ იხსენებს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშზე პირად ჩარიცხვებს, შედგება რამდენიმე ნაწილისგან - ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობს და უნდა გააკლდეს ერთობლივ შემოსავალს/დასაბეგრ ბრუნვას. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში ხშირად ჰქონდა ადგილი მეგობრების მხრიდან თანხის ჩარიცხვას (განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის დროს). ზოგი ბანკის კრედიტის დაფარვაში ეხმარებოდა, ზოგიც ისე ეხმარებოდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მეგობრის დაბადების დღის ორგანიზებისთვის მასთან შეგროვდა სახარჯო თანხა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სამეგობრო ერთად წავიდა დასასვენებლად და მასთან შეგროვდა სახარჯო თანხა. ასეთი თანხების იდენტიფიცირება და მეგობრების ახსნა-განმარტებების წარმოდგენა შესაძლებელია.

ამასთან, ე.წ. ჩარიცხვის აპარატებიდან ხდებოდა თანხის ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე, სადაც დანიშნულებაში მიუთითა, რომ ეს იყო ფურშეტის მომსახურების ღირებულება. შემდეგ გაჰქონდა ეს თანხა ანგარიშიდან პირადი მოხმარებისთვის. ასეთი თანხების იდენტიფიცირება ძნელია, რადგან საბანკო ანგარიშზე არ ჩანს თანხის შემომტანი პირის ვინაობა, თუმცა, შესაძლებელია გამოიყოს რომელია ასეთი ჩარიცხვები. ეს თანხებიც, ცხადია, არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობს. გამოუცდელობის გამო შემოსავალი არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სადავო საკითხზე განმარტა, რომ ერთობლივ შემოსავალში აღებული აქვს მხოლოდ ის თანხები, რომლებიც საბანკო ამონაწერის ანალიზისას ოპერაციის შინაარსში მითითებული იყო ფურშეტის მომსახურება. ამასთან, იყო დიდი თანხის ჩარიცხვები ფიზიკური პირებიდან, რომელთანაც სატელეფონო კომუნიკაცია შედგა და ჩაითვალა პირადი დანიშნულებით ჩარიცხულად, შესაბამისად, აღნიშნული თანხები არ იქნა ჩართული ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, მომჩივნის მიერ სხვა ფიზიკური პირებიდან ჩარიცხვებთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტებები, რომ თანხის ჩარიცხვა იყო პირადი დანიშნულებით. შესაბამისად, აღნიშნული ჩარიცხვები არ იქნა გათვალისწინებული ერთობლივ შემოსავალში. ასევე, შემოწმების შედეგებთან დაკავშირებული ცხრილები გავლილია გადასახადის გადამხდელთან და მას არანაირი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის შესაბამის დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ან ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საგადასახადო შემოწმებით დადგენილმა შემოსავალმა 1.01.2023 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 165-ე მუხლზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლის შემცირება ცალსახად იმოქმედებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტის განსაზღვრაზე და კუთვნილი დღგ-ის ოდენობაზე. შეიძლება საერთოდ აღარ მოუწიოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან გვიან დაუდგეს ასეთი ვალდებულება - რაც შეამცირებს კუთვნილი დღგ-ის ოდენობას. აუდიტორი უფლებამოსილი იყო დაედგინა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტიც და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაეუქმებინა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არანაირი ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდება. შემოწმების შედეგად გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მარჟა, რითაც განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვითი ხარჯები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე შესაბამისი ჯარიმები.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაედგინა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტი და აღნიშნული მომენტიდან გაეუქმებინა დღგის რეგისტრაცია, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შემოწმებით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 1.01.2023 წელს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი შეადგენდა 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №001-155 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა ჯარიმა 10 055 ლარი და საურავი 5 613,53 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სანქციებისგან (ჯარიმა და საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

7. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა;

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება;

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საგადასახადო შემოწმებით დადგენილმა შემოსავალმა 1.01.2023 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არანაირი ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდება. შემოწმების შედეგად გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მარჟა, რითაც განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვითი ხარჯები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე შესაბამისი ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);165(1,2);269(7)