ბრძანება N 13854

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 13.06.2024
№ დოკუმენტი 13854
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13854

13 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 29 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 მაისის №22058/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---“- ის (ს/ნ ---) 2023 წლის 29 დეკემბრის №86415/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №024-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმების დროს ფიზიკურად ვერ მოხერხდა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დროის სიმცირის გამო, თუმცა არარეზიდენტი პირები იმყოფებიან საქართველოში და საწარმოს უკვე შეუძლია დოკუმენტების წარმოდგენა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18267 ბრძანებით შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 24 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სალაროში დარჩენილ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18267 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 211 275 ლარით, მათ შორის, გადასახადი 70 984 ლარით, ხოლო ჯარიმა 140 291 ლარით.

აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 დეკემბრის №024-87 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 იანვრის №300 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №300 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 20 მაისის №22058/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №300 ბრძანება და საჩივარი, არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18267 ბრძანების აღსრულების შედეგების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 მაისის №22058/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის წარმომადგენელი 2024 წლის იანვრის თვეში გაემგზავრა ყველაზე დიდ არარეზიდენტ ირანელ მომწოდებლებთან, მოხდა შედარება კომპანიასა და არარეზიდენტ მომწოდებლებს შორის და თანხის გადახდის დამადასტურებლად გაფორმდა შედარების აქტები ყველა მოწოდებული და გადახდილი პროდუქციის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ მითითებულ არგუმენტზე და მიიჩნევს, რომ არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანების აღსრულების შედეგები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი, მითითებული საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ, 2023 წლის 22 იანვარს უცხოური ორგანიზაცია „----“-სთან გაფორმებული შედარების აქტი 293 438 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარის თანხის გადახდის შესახებ. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი შედარების აქტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეესაბამება შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ მონაცემებს და შესაბამისად, არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 6 ივნისს 11:10 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რაზეც გადამხდელს ეცნობა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენელი 2024 წლის იანვრის თვეში გაემგზავრა ყველაზე დიდ არარეზიდენტ ირანელ მომწოდებლებთან, მოხდა შედარება კომპანიასა და არარეზიდენტ მომწოდებლებს შორის და თანხის გადახდის დამადასტურებლად გაფორმდა შედარების აქტები ყველა მოწოდებული და გადახდილი პროდუქციის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული დოკუმენტაცია დაურთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გადამხდელს იმპორტის გზით ირანიდან და თურქეთიდან შესამოწმებელ პერიოდში შემოტანილი ჰქონდა 80 465 მ 3 სხვადასხვა სახეობის კერამიკული ფილა, რაშიც გადახდილი ჰქონდა 905 553 ლარი. 1მ3 კერამიკული ფილის თვითღირებულებამ შეადგინა საშუალოდ 11 ლარი. ადგილობრივად, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი მსგავსი საქონლის ერთეულის თვითღირებულებამ კი შეადგინა 16 ლარი. საწარმოს მიერ აღნიშნული საქონელი რეალიზებული იყო 16%-იანი დოკუმენტური ფასნამატით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18267 ბრძანების აღსრულების მიზნით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (შედარების აქტები) და იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (შედარების აქტები) და იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საჩივარი, არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ, უცხოურ ორგანიზაციასთან გაფორმებული შედარების აქტი 293 438 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარის თანხის გადახდის შესახებ. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი შედარების აქტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეესაბამება შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ მონაცემებს და შესაბამისად, არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9,4,5);101; 154.