გადაწყვეტილება №20566/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20566/2/2023
27 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ს 14.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20566/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დღგ-ის ჩათვლის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №001-115 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8475 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 344 407 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 225 759
დღგ - 182 276
საშემოსავლო გადასახადი - 43 483
ჯარიმა - 109 215
საურავი - 9 433
გადასახდელად დარიცხული თანხები, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა:
საშემოსავლო გადასახადი - 7 328.75 (15.07.2022)
საშემოსავლო გადასახადი - 7 328.75 (15.09.2022)
საშემოსავლო გადასახადი - 7 328.75 (15.12.2022)
სულ საშემოსავლო გადასახადი - 21 986. 25
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 13.07.2022 წლის №18487 ბრძანება და 14.07.2022 წლის №001-115 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8475 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოწმების მიმდინარეობისას არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს 912 213 ლარის პროდუქცია, ძირითადად შაქარი და რძის ფხვნილი, სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირების დასრულების ადგილია ------, ------. გადამხდელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან ვერ დადგინდა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა დეკლარირებული აქვს 152 000 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული მონაცემები და შეძენილი სმფ-ები რეალიზებულად ჩაითვალა შესაბამისი ფასნამატით. შედეგად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს 912 213 ლარის პროდუქცია, ძირითადად შაქარი და რძის ფხვნილი, სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირების დასრულების ადგილია ------, ------. გადამხდელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან ვერ დადგინდა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელს დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა დეკლარირებული აქვს 152 000 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც დავის ეტაპზე იქნა წარდგენილი სათანადო არგუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული მონაცემების გამოყენება და შეძენილი სმფ-ების შესაბამისი ფასნამატით რეალიზებულად განხილვა მართლზომიერად განხორციელდა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, შემოწმებით დადგენილი დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით დარიცხული გადასახადის თანხაში, შემოწმების მიერ ჩათვლილი თანხების შემცირების შემდგომ დარჩენილი თანხის (162531-16307=146224) გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა დამატებით დასაბეგრი დღგ-ის ბრუნვა, რომელმაც შეადგინა 921 956 ლარი, ხოლო აქედან გადასახადმა შეადგინა 165 952 ლარი. გადამხდელის მიერ მითითებული თანხა (162 531-16 307=146 224) კი წარმოადგენს მის მიერ უკვე დეკლარირებულ ჩათვლილ თანხებს. შესაბამისად, მითითებული დღგ-ის თანხებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დღგ-ის შემცირების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებლის პოზიციით, შესამოწმებელ პეროდზე მიღებული აქვს და შემოწმების აქტით დადასტურებულია - 146 224 ლარის დღგ-ის ჩათვლა (162 531 -16 307). თუ შემმოწმებელმა დაადგინა დღგ-ის ბრუნვა - 921 956.00 ლარი, დღგ - 165 952 ლარი და მას დაუმატა შემცირებული დღგ-ის ჩათვლა 16 307 ლარი და მიიღო დღგ - 182 259 ლარი, აღნიშნული თანხისთვის უნდა გამოეკლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხები მის მიერვე დადგენილი - 146 224 ლარის ოდენობით და დღგ-ის ძირითადი თანხა უნდა ყოფილიყო დარიცხული - 36 035 ლარი. შემმოწმებლის ლოგიკის გაზიარების შემთხვევაში დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას.
საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს ასევე არ ეთანხმება, ვინაიდან არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას არარსებობს არც ერთი ფაქტი რომლითაც დასტურდება თუნდაც ერთი კგ. შაქრის თუ სხვა სახის საქონლის რეალიზაცია. სალარო აპარატიც კი არ ჰქონია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს 912 213 ლარის პროდუქცია, ძირითადად შაქარი და რძის ფხვნილი, სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირების დასრულების ადგილია ------, -----. გადამხდელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან ვერ დადგინდა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა დეკლარირებული აქვს 152 000 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებზე დაყრდნობით მომჩივნის ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებული იქნა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული მონაცემები და შეძენილი სმფ-ები რეალიზებული იქნა შესაბამისი ფასნამატით.
მომჩივნის არგუმენტები, რომ დღგ-ის თანხის განსაზღვრისას უნდა მოხდეს შემოწმებით დადგენილი დღგ-ის დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხით შემცირება უსაფუძვლოა, ვინაიდან მის მიერ დღგ-ის ჩათვლა უკვე დეკლარირებულია და აღნიშნული თანხით შემოწმებით დადგენილი დღგ-ის დასაბეგრი და შესაბამისად დარიცხული თანხების ამ თანხით განმეორებით შემცირება ვერ მოხდება.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომლითაც დასტურდება თუნდაც ერთი კგ. შაქრის თუ სხვა სახის საქონლის რეალიზაცია.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო დასახელებულ არგუმენტზე რაიმე სახის ფაქტის/ფაქტების ან მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტის ნამდვილობას დაადასტურებდა, შესაბამისად, გაზიარების და საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცლის და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განაზღვრულია საკადასახადო კოდექსის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ დეკლარირებული აქვს 162 531 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 16 307 ლარით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ გადამხდელს არ აქვს წარდგენილი შესაბამისი არგუმენტაცია. შესაბამისად, ჩასათვლელი თანხების შემცირება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები, ვინაიდან აპირებდა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას, თუმცა პანდემიის გამო გადაიფქრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა შეძენილი საქონელი, შესაბამისდ შემმოწმებელს უნდა მხოლოდ გაეუქმებინა მიღებული დღგ-ის ჩათვლები. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა მომჩივნის დაუსწრებლად, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად: დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. ასევე საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ დეკლარირებული აქვს 162 531 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 16 307 ლარით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო დასახელებული არგუმენტების დადასტურება, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცლის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განაზღვრულია საკადასახადო კოდექსის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დღგ-ის ჩათვლის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოწმების მიმდინარეობისას არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს 912 213 ლარის პროდუქცია, ძირითადად შაქარი და რძის ფხვნილი. გადამხდელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, ვერ დადგინდა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა დეკლარირებული აქვს 152 000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული მონაცემები და შეძენილი სმფ-ები რეალიზებულად ჩაითვალა შესაბამისი ფასნამატით. შედეგად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ დეკლარირებული აქვს 162 531 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 16 307 ლარით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განაზღვრულია საკადასახადო კოდექსის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა"), 174(1)(2)(3), 175(1"ა""გ").