გადაწყვეტილება №26797/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26797/2/2026
24 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 2.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26797/2/2026).
დავის საგანი:
განკარგვად ფულად სახსრებსა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №007-160 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2026 წლის №2823 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 114 975,83 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 60 081,79
დღგ - (-39 228,42)
საშემოსავლო გადასახადი - 99 310,21
ჯარიმა - 49 655,00
საურავი - 5 239,04
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოების საქმიანობაა ვაჭრობა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებით. მათი შეძენა ძირითადად ხორციელდება იმპორტის გზით, ასევე ფიქსირდება ადგილობრივი შესყიდვები.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში მომჩივნის საგადასახდო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის, ახსნა-განმარტებების, საბანკო ამონაწერების და სხვა ინფორმაციის, ასევე შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მიხედვით. გაირკვა, რომ ბუღალტრული პროგრამის წარმოებისას სრულად არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები, რის გამოც მისი მონაცემები გამოყენებულია მხოლოდ ნაწილობრივ. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები. მეთოდური მითითების მიხედვით განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა (32 510 ლარი). სხვაობა განკარგვად ფულად სახსრებს და გონივრულ ნაშთს შორის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და მეთოდური მითითების მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდების ბოლოს. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №007-160 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21588 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 14.11.2025 წლის №26095/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 10.02.2026 წლის №2823 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან, ფაქტობრივ დასაბეგრ ბრუნვაზე მეტის დეკლარირებასთან, დამფუძნებლის სესხის გაუთვალისწინებლობასთან და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილული თანხის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ 2026 წლის 10 თებერვლის N2823 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არ მოხდა გადამხდელის მიერ საჩივრის სახით წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. წარმოდგენილ გადაწყვეტილებაში გამოყოფილია სამი საკითხი (მომჩივნის მოთხოვნის შესაბამისად):
1. შემოსავალი და ფასნამატი: დაფიქსირებულია ფასნამატი 127% - რაც არ შეესაბამება ფაქტობრივ მონაცემებს. რა მონაცემებია გამოყენებული, მათთვის უცნობია;
2. სესხის ნაშთის გათვალისწინება: გადაწყვეტილებაში იკითხება, რომ სესხი (274 247) გათვალისწინებულია და შესაბამისი გათვლები მიწოდებულია წარმომადგენელზე ცხრილის სახით. ძალიან კარგი, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი ცხრილი არ მოგვწოდებია და შესაბამისად ხდება თუ არა ამ სესხის გათვალისწინება ფულადი ნაშთის დათვლისას - მათთვის უცნობია;
3. გაუნაწილებელი მოგების არსებობა: მოგებად არ განხილვის არგუმენტად მოყვანილია მსჯელობა, რომ კომპანიას არ ჰქონდა გაუნაწილებელი მოგების ნაშთი. ეს მსჯელობა ნამდვილად უცნაურია, რადგან კომპანიას ნამდვილად აქვს 2013-2016 წლებში დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების ნაშთი, დაგროვილია მოგება 2017-დან 2022 წლამდე და მოგება წარმოიქმნება შემოწმებით მოცულ პერიოდში. ამ საკითხებთან დაკავშირებით დამატებით წარმოგვიდგენს ინფორმაციას და დოკუმენტაციას ელექტრონული და მატერიალური სახით.
გადასახადის გადამხდელი მოითხოვს, გაუქმდეს მის მიმართ დარიცხული გადასახადი და მოხდეს მისი საფუძვლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან და დღგ-ის ბრუნვებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიერ დეკლარირებული ბრუნვები დატოვებულია უცვლელად. მეტიც, დღგ დაექვემდებარა შემცირებას 39 228 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა. ძირითადი ნაწილი დოკუმენტური რეალიზაცია იყო, მას ჰქონდა თავისი ჩამოწერები, ხოლო საცალო რეალიზაციები ჩამოიწერებოდა ჯამურად. გაკეთდა პროგრამის ანალიზი, დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი იყო 127%, ხოლო საცალო რეალიზაციის ფასნამატი იყო 97%, რაც ბუნებრივია ეჭვს ბადებდა, თუმცა საშუალო შეწონილი ფასნამატი ჯამურად მაინც იყო დარგთან შესაბამისი. შემოწმებამ იხელმძღვანელა 73-ე მუხლით, შეეძლოთ არაპირდაპირი მეთოდით ბრუნვები განესაზღვრათ, თუმცა რადგან ჯამური ფასნამატი დიდად განსხვავებული არ მიიღეს ამიტომ არ ჩათვალეს საჭიროდ ზედმეტი მანიპულაციების გაკეთება, ფასნამატი და დეკლარირებული ბრუნვები დატოვეს უცვლელი. დღგ-ის ჩათვლა გაუთვალისწინეს. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტი, რომ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვები რიგ თვეებში იყო შესამცირებელი უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული შემცირება კიდევ უფრო გაზრდიდა სხვაობას დოკუმენტურ და საცალო ფასნამატებს შორის, ასევე საერთო ჯამში შეამცირებდა საშუალო ფასნამატს, რაც გახდებოდა საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების, რის მიხედვითაც დაკორექტირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
დამფუძნებლის სესხთან დაკავშირებით, შესამოწმებელი პერიოდში გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი, დარჩა განკარგვადი თანხები, შემოწმებით დადასტურდა წინა პერიოდიდან გადმოსული კომპანიის დამფუძნებლის სესხი, საწყის ნაშთად სესხის ძირი 274 247 ლარის ოდენობით, რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულის მოძრაობის ანალიზში.
დირექტორზე გაცემული ფულადი სარგებლის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით გაკეთდა ანალიზი წინა საანგარიშო პერიოდზე (2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე) და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა 2017 წლამდე წარმოშობილი მოგების ნაშთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს მის მიმართ დარიცხული გადასახადი და მოხდეს მისი საფუძვლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ფაქტობრივი გარემოებები
ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები. მეთოდური მითითების მიხედვით განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა.სხვაობა განკარგვად ფულად სახსრებს და გონივრულ ნაშთს შორის სსკ-ის 73-ე მუხლის და მეთოდური მითითების მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდების ბოლოს. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,154.