გადაწყვეტილება №18469/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18469/2/2022
2.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ს 19.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18469/2/2022).
დავის საგანი:
საქონლის გამოსავლიანობის პროცენტი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №259-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29194 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 97 929,36 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 60 028
ჯარიმა - 29 952.5
საურავი - 7 948,86
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №259-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29194 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა თევზების, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება, ძირითადად შებოლვა და გამოყვანა.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმო ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს გაყინულ თევზს და სხვადასხვა წესით ამარილებს და ბოლავს. საქონლის გამოსავლიანობა თვეების შესაბამისად შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, სეზონურობის ან პროდუქციის ხარისხის გამო. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლებელია საქონლის ყოველდღიური მოძრაობის დანახვა. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში, საწარმომ შეწყვიტა საქმიანობა.
შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია წარმოებასთან დაკავშირებული გარკვეული სახის გაანგარიშებები და სხვადასხვა სახის განმარტებები, რომელიც არასრულად ასახავს შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებულ, წარმოებულ და რეალიზებულ პროდუქციას, როგორც რაოდენობრივ ასევე თანხობრივ ჭრილში. წარმოდგენილი წარმოების ცხრილებში ასახული ინფორმაცია რიგ შემთხვევებში არ შეესაბამება პირველად დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს.
შემოწმების სრულყოფილად ჩატარების, ამასთან, ზემოაღნიშნული ოპერაციების, გადამხდელის წარმოების პროცესის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მესამე პირებისაგან გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია შესაბამისი პროდუქციის წარმოების პროცესისა და გამოსავლიანობების შესახებ, აგრეთვე გადამხდელის მონაცემები შედარებულ იქნა სხვა მსგავსი საქმიანობის აუდირებული საწარმოს მონაცემებთან.
წარმოდგენილი წარმოების მასალებით, ხშირ შემთხვევაში ხდება საქონლის რაოდენობრივი გამინუსება თვის ჭრილში, რაც მიუთითებს წარმოების პროცესის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის არასრულყოფილებაზე. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ წარმოდგენილი გამოსავლიანობების კოეფიციენტები საგრძნობლად განსხვავდება, როგორც სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული საწარმოს მონაცემებისაგან, აგრეთვე მისი 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდის გამოსავლიანობებისაგან.
მიუხედავად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებისა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული გამოიწვია შესყიდული პროდუქციის ცუდმა ხარისხმა, საწარმო 2021 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, აქტიურად აგრძელებდა იმავე პროდუქციის შეძენასა და გადამუშავებას. შესაბამისად, შემოწმების პროცესში, აღნიშნული არგუმენტი არ იქნა გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი პროდუქციიდან წინა საანგარიშო პერიოდების გამოსავლიანობების გათვალისწინებით დაანგარიშებულ იქნა საწარმოსგან მიღებული/მისაღები ნაწარმოები პროდუქცია სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ მიღებულ საქონელსა და გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ ინფორმაციას შორის. გამოვლენილი სხვაობა, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, დაექვემდებარა დამატებით დაბეგვრას რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 64-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქონლის გამოსავლიანობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე:
1. შეძენილი პროდუქციის ხარისხზე-შეძენილი პროდუქცია ზოგჯერ არის ისეთი მაღალი ხარისხის, რომ მისი გადამუშავება ნაკლებ დანაკარგს იძლევა და არის ისეთი შემთხვევაც რომ გალღობის პროცესშივე აღმოჩნდება თევზი იშლება და მისი ხელში აღება ან გაშრობა შეუძლებელია, ამიტომ გამოსავლიანობა იკლებს;
2. ერთერთი ფაქტორია სეზონურობა-ცივ ამინდში თევზის გამოსავლიანობა და ზაფხულის თვეებში გამოსავლიანობა მკვეთრად განსხვავებულია, ზაფხულში მარილის შეთვისება უჭირს და თევზის შუაგულში სისხლი რჩება, რის გამოც კლიენტებისგან უკმაყოფილება იზრდება, იზრდება ასევე უკან დაბრუნების კოეფიციენტიც;
3. შრობის მაღალი კოეფიციენტი - იმის გამო, რომ გაზრდილი უკან დაბრუნებებია დიდი ხნით ჩერდება მარილში და უფრო დიდხანს შრება ვიდრე დადგენილი ნორმაა (ან მიმართავენ სხვა თევზის მწარმოებლები) ამიტომ 65%-ის ნაცვლად 41%-მდე არის პროდუქციის გამოსავალი.
საერთოდ ისეთი პროდუქციის წარმოება, როგორიც არის თევზი საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს ბაზრის მოთხოვნები, მაღალი სტანდარტით მიაწოდო მომხმარებელს პროდუქცია, არ დაირღვეს შენახვის პირობები და ფასითაც ხელმისაწვდომი იყოს. ამის შესასრულებლად შპს „-------“ -ს უწევდა ბაზარზე არსებულ მსხვილ მწარმოებლებთან ჭიდილი, რომლებიც დაბალი ფასით გამოირჩეოდნენ, მათ ათვისებული აქვთ დიდი მაღაზიების ქსელები და რეკლამაშიც საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ. რადგანაც არ გააჩნდა სახსრები რეკლამისთვის, საკუთარი ძალებით ოჯახის წევრების ჩართულობით ხდებოდა თევზის გალღობა და შებოლვა, ასევე არც სატრანსპორტო საშუალებები ჰქონდა, რომ თვითონ გაეკეთებინა დისტრიბუცია, ამის გამო გამოინახა რამდენიმე მსხვილი შემსყიდველი, რომლებიც უკვე თავად ახდენდნენ რეალიზებას და ფასსაც მინიმალურს სთავაზობდნენ. ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, რომ წლის ბოლომდე უწყვეტად მიეწოდებინა საქონელი და არ შეექმნა მათთვის დეფიციტი, ამის გამო წავიდა ზარალზე.
2019 წლის მონაცემებით უკან დაბრუნებული პროდუქცია საშუალოდ 8 დან 9 % მდე მერყეობდა. 2020 წლის დასაწყისში მსოფლიოში გამოჩნდა ახალი კორონა ვირუსი COVID-19, რომელმაც მოიცვა მსოფლიო. ამან გამოიწვია არაერთი მსხვილი კომპანიის დახურვა. ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა წვრილი მაღაზიები და უკან დაბრუნებების ტალღამ 12 %-ს მიაღწია, ხოლო 2021 წელს 14%-დან 34%-% მდე გაიზარდა. ამ გარემოებათა გამო მომჩივანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარმოება შეეჩერებინა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გამოსავლიანობის პროცენტი. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის შემცირებას ან საურავის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლებელია საქონლის ყოველდღიური მოძრაობის დანახვა. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო მესამე პირებისაგან გამოთხოვილ ინფორმაციას შესაბამისი პროდუქციის წარმოების პროცესისა და გამოსავლიანობების შესახებ.
მომჩივანმა დავის წარმოების ეტაპზე ვერ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა რაიმე დოკუმენტური მტკიცებულებები გამოსავლიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
მომჩივანი ასევე ითხოვს დაკისრებული ჯარიმის შემცირებას ან საურავის მოხსნას. საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს და ვერ იმსჯელებს დაკისრებული ჯარიმის შემცირების ან საურავის მოხსნის საკითხზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29194 ბრძანება კანონშესაბამისია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გამოსავლიანობის პროცენტი. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის შემცირებას ან საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი პროდუქციიდან წინა საანგარიშო პერიოდების გამოსავლიანობების გათვალისწინებით დაანგარიშებულ იქნა საწარმოსგან მიღებული/მისაღები ნაწარმოები პროდუქცია სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ მიღებულ საქონელსა და გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ ინფორმაციას შორის. გამოვლენილი სხვაობა, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, დაექვემდებარა დამატებით დაბეგვრას რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით.
გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
161(1) 171 (1),159(1 „ა“ და „ბ“),164(1)