გადაწყვეტილება №25270/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.06.2025
№ დოკუმენტი 25270/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25270/2/2025

18 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- 06.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25270/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოწმების დასრულების შემდეგ მომწოდებლების მხრიდან გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 07.04.2025 წლის N 081-48 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის N 9989 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

107 424,89 ლარი.

 

მათ შორის:

დღგ - 71 647,30

ჯარიმა - 19 902,07

საურავი - 15 875,52

 

პროცედურული გარემოებები:

აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2025 წლის საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 01.01.2022 წლიდან 01.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 07.04.2025 წლის N 081-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის N 9989 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმების დასრულების შემდეგ მომწოდებლების მხრიდან გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

შემოწმების პროცესში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგენისთვის შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. პირველადი დოკუმენტაციის და საბანკო ჩარიცხვების შინაარსის შემოწმებით დადგინდა, რომ პირის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა გადასცდა 100 000 ლარს და საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 17.08.2022 წლიდან. საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების თანახმად, დადგინდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და დღგ-ის ჩათვლის უფლება. მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დადგინდა შესაბამისი პერიოდების ჩასათვლელი თანხები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

დღგ-ის რეგისტრაციის თარიღის შემდეგ განხორციელებული შეძენების იმ ნაწილზე, რაზეც შემოწმების დასრულებამდე გამოწერილი იყო ა/ფ-ები შემოწმებით განხორციელდა ჩათვლა. შემოწმების მიმდინარეობისას ყველა მომწოდებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის გამოც დღგ-ის თანხების მხოლოდ მცირედი ნაწილი (14 094 ლარი) იქნა ჩათვლილი შემოწმების მიერ.

შემოწმების დასრულების შემდეგ მომწოდებლების მხრიდან ეტაპობრივად იწერება დარჩენილი ანგარიშ-ფაქტურები. დანართის სახით წარმოადგენს ამ ეტაპისთვის არსებულ ანგარიშ-ფაქტურებს.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის N 9989 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის N 9989 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

აუდიტის დეპარტამენტის 07.04.2025 წლის N 081-48 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 107 424,89 ლარი. მათ შორის, გადასახადი 71 647,30 ლარი, ჯარიმა 19 902,07 ლარი და საურავი 15 875,52 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აპრილის N 081-48 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

დღგ-ის რეგისტრაციის დაგვიანება გამოწვეული იყო არცოდნით. მიზანი არ ყოფილა გადასახადებისთვის თავის არიდება. მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის N 9989 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 07.04.2025 წლის N 081-48 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის N 9989 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. შემოწმების დასრულების შემდეგ მომწოდებლების მხრიდან გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების პროცესში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგენისთვის შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. პირველადი დოკუმენტაციის და საბანკო ჩარიცხვების შინაარსის შემოწმებით დადგინდა, რომ პირის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა გადასცდა 100 000 ლარს და საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 17.08.2022 წლიდან. საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების თანახმად, დადგინდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 174 (1);.269 (7).