ბრძანება N 3637
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3637
18 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 20 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 20 იანვრის №100074/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №041-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს (192%). ითხოვს საცალო რეალიზაციაზე დოკუმენტური ფასნამატის (2022 - 93%,, 2023 - 71,6 %, 2024 - 39,2%, 2025 - 34,2%) გავრცელებას. ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმებით დადგენილი 192% ფასნამატი არის 3 საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი. ამ პროცესში არც ერთხელ სამართალდარღვევა არ გამოვლენილა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. ამასთან, მომჩივნის მოსაზრებით, არამართლზომიერია საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენება ყველა საქონელზე, ვინაიდან საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, შემმოწმებელს უნდა დაეყო საქონელი სახეობების მიხედვით ჯგუფებად და ყველა საქონელზე დაედგინა ინდივიდუალური ფასნამატი. უკიდურეს შემთხვევაში, შემმოწმებელს უნდა ეხელმძღვანელა იმავე ტერიტორიაზე, იდენტური საქონლით მოვაჭრე სუბიექტებზე დადგენილი აუდირებული ფასნამატით.
2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22959 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28179 ბრძანება და ამავე თარიღის №041–96 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 86 810 ლარი, მათ შორის გადასახადი 55 295 ლარი, ჯარიმა 28 576 ლარი და საურავი 2 939 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
● შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 23 დეკემბერს. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დაწყებულია 2022 წლის პირველი მარტიდან. კომპანიის საქმიანობაა პარფიუმერიისა და კოსმეტიკის იმპორტი ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ადგილობრივ ბაზარზე, ------- ტერიტორიაზე, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. საწარმოს მიერ დაფიქსირებული ფასნამატი წლების მიხედვით შეადგენდა: 2022 - 93%, 2023 - 71,6 %, 2024 - 39,2%, 2025 - 34,2%. საწარმოს მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, ფასნამატის ასეთი მკვეთრი კლება განპირობებული იყო იდენტური საქონლით ბაზრის გაჯერებით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზით დადგინდა, რომ საცალო და სასაქონლო ზედნადებით რეალიზაცია გამიჯნულია. დოკუმენტით რეალიზაციის შემთხვევაში შესაბამისი პროდუქტის თვითღირებულებების ჩამოწერა ხდება ინდივიდუალურად, ხოლო საცალო რეალიზაციის შესაბამისი თვითღირებულებები ჩამოიწერება პერიოდულად, ჯამურად. არ ხდება ინდივიდუალური გაყიდვების იდენტიფიცირება საქონლისა და რაოდენობის შესაბამისად. ჩამოწერა ხორციელდება წელიწადში 2-3 ჯერ ჯამური რაოდენობების მიხედვით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის, 31 ოქტომბრისა და პირველი დეკემბრის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები, რომლის მიხედვით გამოვლინდა რამდენიმე გარემოება, მათ შორის: კომპანიას არ ჰქონდა გამოკრული მაღაზიაში ფასმაჩვენებლები და აგრეთვე, ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით გამოვლენილმა საშუალო საცალო ფასნამატმა შეადგინა 192%. დეკლარირებულ და საკონტროლო შესყიდვებით დადგენილ ფასნამატებს შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზები საწარმოს არ წარმოუდგენია. შემოწმებით ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ზოგიერთი პროდუქტი, რომელიც საკონტროლო შესყიდვის ჩატარების პერიოდშივე რეალიზებული იყო სასაქონლო ზედნადებით საბითუმო რაოდენობა, საკოტროლო შესყიდვით დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასზე ნაკლებ ფასად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობისას იყენებდა ფასების განსხვავებულ პოლიტიკას.
შესაბამისად, ვინაიდან შემოწმების მიერ საცალო რეალიზაციისას ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, რაც გულისხმობს პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციით კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირის დაუდგენლობას, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზე იყო საბითუმო და საცალო ვაჭრობისას კომპანიის მიერ გამოყენებული განსხვავებული ფასების პოლიტიკა, შემოწმების მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურებისას (ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების) განსაზღვრული ფასნამატი 192%. ყოველთვიური ნავაჭრი თანხების პროპორციით განისაზღვრა შესაბამისი რეალიზაციის თანხები, რის საფუძველზეც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 18 თებერვალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.
● ასევე, საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, საწარმოს კაპიტალის ნაშთი კი სრულად გატანილად). შედეგად, განკარგვადი თანხა 87 686 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი წლების მიხედვით შეადგენდა: 2022 - 93%, 2023 - 71,6 %, 2024 - 39,2%, 2025 - 34,2%. საწარმოს მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, ფასნამატის ასეთი მკვეთრი კლება განპირობებული იყო იდენტური საქონლით ბაზრის გაჯერებით. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზით დადგინდა, რომ საცალო და სასაქონლო ზედნადებით რეალიზაცია გამიჯნული იყო. დოკუმენტით რეალიზაციის შემთხვევაში შესაბამისი პროდუქტის თვითღირებულებების ჩამოწერა ხდებოდა ინდივიდუალურად, ხოლო საცალო რეალიზაციის შესაბამისი თვითღირებულებები ჩამოიწერებოდა პერიოდულად, ჯამურად. არ ხდებოდა ინდივიდუალური გაყიდვების იდენტიფიცირება საქონლისა და რაოდენობის შესაბამისად. ჩამოწერა ხორციელდებოდა წელიწადში 2-3-ჯერ ჯამური რაოდენობების მიხედვით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის, 31 ოქტომბრისა და პირველი დეკემბრის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები, რომლის მიხედვით გამოვლინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა გამოკრული მაღაზიაში ფასმაჩვენებლები და აგრეთვე, ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით გამოვლენილმა საშუალო საცალო ფასნამატმა შეადგინა 192%. დეკლარირებულ და საკონტროლო შესყიდვებით დადგენილ ფასნამატებს შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზები კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი. შემოწმებით ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ზოგიერთი პროდუქტი, რომელიც საკონტროლო შესყიდვის ჩატარების პერიოდშივე რეალიზებული იყო სასაქონლო ზედნადებით საბითუმო რაოდენობა, საკოტროლო შესყიდვით დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასზე ნაკლებ ფასად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობისას იყენებდა ფასების განსხვავებულ პოლიტიკას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების შედეგად განსაზღვრული ფასნამატის (192%) გავრცელება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება კანონმდებლობის შესაბამისია. ასევე, შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.
2. ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა პარფიუმერიისა და კოსმეტიკის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო და საცალო ვაჭრობა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზით დადგინდა, რომ საცალო და სასაქონლო ზედნადებით რეალიზაცია გამიჯნულია. დოკუმენტით რეალიზაციის შემთხვევაში შესაბამისი პროდუქტის თვითღირებულებების ჩამოწერა ხდება ინდივიდუალურად, ხოლო საცალო რეალიზაციის შესაბამისი თვითღირებულებები ჩამოიწერება პერიოდულად, ჯამურად. არ ხდება ინდივიდუალური გაყიდვების იდენტიფიცირება საქონლისა და რაოდენობის შესაბამისად. ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, შემოწმების მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურებისას (ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების) განსაზღვრული ფასნამატი, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. დადგინდა განკარგვადი თანხა, რაც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 269(7); 282