გადაწყვეტილება №25955/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2025
№ დოკუმენტი 25955/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25955/2/2025

13 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 3.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25955/2/2025).

 

დავის საგანი:

ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და ავტოგაქირავების შედეგად მიღებული სრული შემოსავლის კომპანიის შემოსავლად მიჩნევა და დღგ-ით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2025 წლის №006-157 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18408 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 41 982.79 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 29 185.96

ჯარიმა - 8 511.7

საურავი - 4 285.13

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა ავტომობილებისა და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების მომსახურება, როგორც საკუთარის, ასევე, სხვა ფიზიკურ პირებზე რიცხულის.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელმა შემოწმების ეტაპზე წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. ასევე, წარმოადგინა ი/მ „------"-სთან (ს/ნ „------") 2024 წლის პირველ მარტს გაფორმებული ავტოგაქირავების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „------ -ის“ უზრუნველყოფდა მომხმარებლების მოზიდვას (ძირითადად ტურისტების) და მათთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას. აღნიშნული ხელშეკრულებით შეკვეთის შედეგად მიღებული სრული შემოსავალი გენერირდებოდა შპს „----- - ის“ ანგარიშებზე, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად შპს „------ -ის“ ეკუთვნოდა მხოლოდ თითოეულ შეკვეთაზე გამომუშავებული თანხის 10%. ამასთან, საწარმოს მიერ ხელშეკრულების შესაბამისად „------"-სთვის გადახდილი მიღებული შემოსავლის 90%-ის გადახდა დასტურდებოდა მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერებით.

გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ „------"-ს დეკლარირებული მონაცემებით არ უფიქსირდებოდა ეკონომიკური საქმიანობა, ასევე, მის სახელზე ფიქსირდებოდა მხოლოდ 1 ერთეული მსუბუქი ავტომობილი 2024 წლის 28 ივნისიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში. ასევე, ვერ დასტურდებოდა ფიზიკური პირის მიერ მიღებული თანხის მანქანის მფლობელებზე ან/და მძღოლებზე გადახდის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და ავტოგაქირავების შედეგად მიღებული სრული შემოსავალი მიჩნეულ იქნა საწარმოს შემოსავლად. შედეგად, კომპანიას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 11.01.2024 წელი და მის შემდგომ პერიოდში მიღებული სრული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 9.06.2025 წლის №11805 ბრძანება და №006-157 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18408 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №006-157 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18408 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291- ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მიუთითა დარიცხვის შინაარსზე.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დღგ-ის დარიცხვის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №006-157 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის. კერძოდ:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის (საქმე Nბს-702-695(2კ-16)) გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შესაბამისად, კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში. ოპერაციის ფორმისა და მხარეთა ნებას შორის შესაბამისობის გარკვევა ხდება იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით ხდება კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. ფორმა წარმოადგენს მხა რეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს. სასამართლო პრაქტიკით ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცათ მითითება, რომ საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით. მმართველობის კანონიერება კომპლექსურად მოიცავს, როგორც საჯარო ინტერესების, ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების (კერძო ინტერესის) და კანონის უზრუნველყოფის დაცვას. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად არის დადგენილი სამართლის პრინციპებისა და მათი უზრუნველმყოფი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების ზედმიწევნით დაცვის ვალდებულება, რაც მინიმუმამდე ამცირებს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის შესაძლებლობას.

ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას და არ დგინდება შემმოწმებლის მიერ ოპერაციის შეფასების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ასაბუთებდეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ საფუძვლებს. თვლის, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში განვითარებული მსჯელობა და ამ მსჯელობის შედეგად კომპანიისათვის დარღვევის ფაქტის დაფიქსირება, არალოგიკური და კანონშეუსაბამოა. მიუღებლად მიაჩნია ავტოგაქირავების შედეგად მიღებული სრული შემოსავალი მიჩნეულ იქნას კომპანიის შემოსავლად იმ პირობებში, რომ კომპანიამ ჯეროვნად უზრუნველყო შეთანხმებული ოდენობით თანხის გადახდა „------"-სათვის, რაც დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ფორმით შედგენილი საგადასახადო დოკუმენტით - გასავლის ორდერით. სალაროს გასავლის ორდერი არის ბუღალტრული ოპერაციების ერთ-ერთი ტიპი, რომლის დანიშნულებაა სალაროში ნაღდი ფულის გასვლის აღრიცხვა. შესაბამისად, გაუგებარია და დაუსაბუთებელია, სად ფიქსირდება კომპანიის მხრიდან კანონის დარღვევა. ამასთან, მიაჩნია, რომ სხვა პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესაძლო დარღვევის ან/და შეუსრულებლობის ფაქტი (ვგულისხმობთ „------"-ის მხრიდან დეკლარაციის წარუდგენლობას, გადასახადების არ გადახდას და ა.შ,) არ უნდა გახდეს კომპანიის დაზარალების და დაჯარიმების საფუძველი და მესამე პირის ქმედებების გამო პასუხი არ უნდა აგოს კომპანიამ. ისედაც, საქმის სიღრმისეული ანალიზისა და დეტალური გაანგარიშების გარეშეც, ცხადია ის ფაქტი, რომ შეუძლებელი იქნებოდა საგადასახადო შემოწმების პერიოდში აკუმულირებული შემოსავლის გენერირება კომპანიის საკუთრებაში არსებული 11 ავტომობილით (სულ რომ ყოველ დღე გაქირავებულიყო თითოეული მათგანი). ეს კი მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ რეალურად იმაზე მეტი ავტომობილის გაქირავება ხდებოდა, ვიდრე კომპანიის ავტოპარკი გაწვდებოდა, შესაბამისად გაუგებარია, როგორ მოხდა მესამე პირების ავტომობილების გაქირავებით ამავე მესამე პირების მიერ გამომუშავებული შემოსავლის სრულად კომპანიისათვის მიკუთვნება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს „------"-სთან (ს/ნ „------") 2024 წლის პირველ მარტს გაფორმებული ჰქონდა ავტოგაქირავების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანია უზრუნველყოფდა მომხმარებლების მოზიდვას (ძირითადად ტურისტების) და მათთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას. აღნიშნული ხელშეკრულებით შეკვეთის შედეგად მიღებული სრული შემოსავალი გენერირდებოდა საწარმოს ანგარიშებზე, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად კომპანიას ეკუთვნოდა მხოლოდ თითოეულ შეკვეთაზე გამომუშავებული თანხის 10%. ამასთან, საწარმოს მიერ ხელშეკრულების შესაბამისად „------"-სთვის გადახდილი მიღებული შემოსავლის 90%-ის გადახდა დასტურდებოდა მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერებით. შემოწმებისას განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავება. ასევე, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ „------"-ს დეკლარირებული მონაცემებით არ უფიქსირდებოდა ეკონომიკური საქმიანობა, ასევე, მის სახელზე ფიქსირდებოდა მხოლოდ 1 ერთეული მსუბუქი ავტომობილი 2024 წლის 28 ივნისიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში. ასევე, ვერ დასტურდებოდა ფიზიკური პირის მიერ მიღებული თანხის მანქანის მფლობელებზე ან/და მძღოლებზე გადახდის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და ავტოგაქირავების შედეგად მიღებული სრული შემოსავალი მიიჩნია საწარმოს შემოსავლად, რაც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის გაფორმებულ ავტოგაქირავების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, „------" (პ/ნ „------") წარმოადგენს - შემკვეთს, ხოლო შპს „----- - ის“ (ს/ნ „-------“) - შემსრულებელს, ასევე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ფიზიკური პირი არ ახდენს პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერას და მიღებული შემოსავლების შესაბამის დეკლარირებას. ამასთან, მხედველობაში იღებს, საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მომსახურების გაწევისას კომპანია საკუთარი სახელით მოქმედებს და ურთიერთობს მომხმარებლებთან (ავტოგაქირავების მიმღები), როგორც მომსახურების გამწევი.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ავტოგაქირავების მომსახურების გამწევს და შედეგად მიღებული შემოსავლების მიმღებს წარმოადგენს მომჩივანი. ამდენად, ავტოგაქირავებით მიღებული სრული შემოსავლის მომჩივნის შემოსავლად მიჩნევა და შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა ავტომობილებისა და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების მომსახურება, როგორც საკუთარის, ასევე, სხვა ფიზიკურ პირებზე რიცხულის.ხელშეკრულებით შეკვეთის შედეგად მიღებული სრული შემოსავალი გენერირდებოდა გადამხდელის ანგარიშებზე, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად საწარმოს ეკუთვნოდა მხოლოდ თითოეულ შეკვეთაზე გამომუშავებული თანხის 10%. ამასთან, საწარმოს მიერ ხელშეკრულების შესაბამისად ფ/პ-სთვის გადახდილი მიღებული შემოსავლის 90%-ის გადახდა დასტურდებოდა მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერებით.

დადგინდა, რომ ფ/პ-ს დეკლარირებული მონაცემებით არ უფიქსირდებოდა ეკონომიკური საქმიანობა, ასევე, მის სახელზე ფიქსირდებოდა მხოლოდ 1 ერთეული მსუბუქი ავტომობილი 2024 წლის 28 ივნისიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში. ასევე, ვერ დასტურდებოდა ფიზიკური პირის მიერ მიღებული თანხის მანქანის მფლობელებზე ან/და მძღოლებზე გადახდის ფაქტი.

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და ავტოგაქირავების შედეგად მიღებული სრული შემოსავალი მიჩნეულ იქნა საწარმოს შემოსავლად.შედეგად, კომპანიას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 11.01.2024 წელი და მის შემდგომ პერიოდში მიღებული სრული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით.გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა სსკ-ის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ავტოგაქირავების მომსახურების გამწევს და შედეგად მიღებული შემოსავლების მიმღებს წარმოადგენს 7 მომჩივანი. ამდენად, ავტოგაქირავებით მიღებული სრული შემოსავლის მომჩივნის შემოსავლად მიჩნევა და შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),159,1601.