ბრძანება N 26387

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.12.2025
№ დოკუმენტი 26387
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26387

01 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 11 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს ,,------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 11 ნოემბრის №98742/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ოქტომბრის №007-276 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლას და აღნიშნული თანხის საწარმოს დირექტორზე ------- გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ საწარმოს აღნიშნული თანხები მიღებული არ აქვს და მხოლოდ მესამე პირის განმარტებაზე დაყრდნობით დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლა უსაფუძვლოა. ამასთან, აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ დებიტორად აღრიცხული პირების ნაწილზე ვერ მოხერხდა შემოწმების მიერ ინფორმაციის გამოთხოვა აღნიშნული ჩათვლილი იქნა კომპანიის მიღებულ თანხებად, იმ პირობებში როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება ყოველმხრივ გამოკვლეულ და დადასტურებულ გარემოებებზე დაყრდნობით განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, მიუთითებს, რომ საწარმოს ბოლო სამეურნეო ოპერაცია განხორციელებული აქვს 2024 წლის 4 დეკემბერს, აღნიშნულ პერიოდში საწარმოს დირექტორი იყო -------, ხოლო ------- საწარმოს დირექტორის პოზიციას იკავებს 2024 წლის 13 დეკემბრიდან. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას და დებიტორული დავალიანების მიმღებ პირად ------- განსაზღვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. განმარტავს, რომ საწარმო ახორციელებდა მხოლოდ იმპორტირებული ღორის ხორცის რეალიზაციას, ხოლო საქონლის ხორცის შესყიდვა და რეალიზაცია ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე, აღნიშნულის დასადასტურებლად გააჩნია შესყიდვის აქტები. შესაბამისად, ღორის ხორცი სრულად წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ პროდუქტს, ხოლო საქონლის ხორცის რეალიზაცია გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. განმარტავს, რომ კომპანიას საქმიანობის სრული საანგარიშო პერიოდის მანძილზე არასდროს განუხორციელებია დაკლული ღორის თავ-ფეხის რეალიზაცია, რაც დასტურდება პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციითაც. კომპანია ღორის თავ-ფეხს განიხილავდა თანმდევ პროდუქტად, რომელსაც ღირებულება არ გააჩნია და აღნიშნულის მიწოდება ხდებოდა ღირებულების გარეშე. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

ასევე, არ ეთანხმება განკარგვადი ფულის ნაშთის გაანგარიშებას დღგ-ის ჩათვლით თანხიდან და ფულის ნაშთის მიმღებ პირად ------- განსაზღვრას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ღორის ხორცის ნაწილში სასაქონლო ზედნადების/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაბეგვრის კატეგორიაში მითითებული საქონლის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციად კვალიფიკაციას. აცხადებს, რომ იმპორტირებული პროდუქციის კომპანიის მიერ არასწორად რეალიზაციაში ასახვამ, კერძოდ, ქართულ პროდუქტად მიწოდებამ გამოიწვია ის გარემოება, რომ კომპანიას წარმოეშვა იმპორტირებული პროდუქციის დანაკლისი, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივი წარმოების ღორის ხორცის რეალიზაციად განხილვამ, ასევე წარმოშვა საქონელი, რომლის შესყიდვა კომპანიას არ განუხორციელებია, აღნიშნულმა გარემოებამ კი კომპანიის მიმართ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების გაორმაგება. ასევე აცხადებს, რომ შემოწმებამ უგულვებელყო კომპანიის მიერ გამოწერილ ე.წ. ნულოვანი დაბეგვრის ღორის ხორცის სარეალიზაციო თანხების სრულად დღგ-ით დაბეგვრის ფაქტი. მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომპანიას არ გააჩნია საგადასახადო შეღავათის გამოყენების ძირითადი საფუძველი, კერძოდ არ დასტურდება ადგილობრივი ღორის ხორცის შეძენის ფაქტები და არამართებულია შემოწმების შედეგად ღორის ხორცის ადგილობრივ საქონლად განხილვა. ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №13232 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 6 სექტემბრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ოქტომბრის №23604 ბრძანება და ამავე თარიღის №007-276 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 216 081 ლარი, მათ შორის, გადასახადი 121 226 ლარი, ჯარიმა 77 296 ლარი, საურავი 17 559 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, მის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა 339 173 ლარის ოდენობით, საიდანაც 157 695 ლარი არის ურთიერთდამოკიდებული საწარმოს მიმართ მოთხოვნა. შემოწმების მიერ მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ საწარმოს ბუღალტრულ ბაზაში 164 683 ლარის დებიტორულ მოთხოვნად რიცხული თანხა მყიდველი მხარის მიერ სრულად არის დაფარული, ხოლო, შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებული საწარმოსგან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს დირექტორი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას დავალიანების შესახებ და ყველა შეძენილი საქონლის ხარჯი გადახდილი აქვს სრულად.

შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და 322 379 ლარი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცოცხალი საკლავი ღორების იმპორტირება, დაკვლა და რეალიზაცია. 2024 წლის სექტემბრის და ნოემბრის თვეებში ------- შემოყვანილი ჰყავს 1 291 ცალი ცოცხალი ღორი, რომელიც მიჰყავდა -------, სოფელ ------- სასაკლაოზე და შემდეგ ახორციელებდა დაჭრილი ხორცის რეალიზაციას. შემოწმების მიერ სასაკლაოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ტერიტორიაზე დაკლული და რეალიზებული ცხოველის რაოდენობის შესახებ, თუმცა ინფორმაცია დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი არ არის, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს კუთვნილ ობიექტში სახელმწიფო კონტროლი არ განხორციელებულა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია არასრული ბუღალტრული პროგრამა, რომლითაც ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, საქონლის გამოსავლიანობის და დანაკარგების ნორმები, ამასთან, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება გადასახადის გადამხდელის სამეურნეო ოპერაციებში ასახულისაგან განსხვავებული ინფორმაცია, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით: ცოცხალი ღორიდან ტანხორცის გამოსავლიანობა განისაზღვრა 65%, თავ-ფეხის 16%, გულ-ღვიძლის 8%, ხოლო, დანაკარგი 11%. აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო სმფ-ის რაოდენობა, რომელსაც გამოაკლდა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია და ნაშთად არსებულ ხორც-პროდუქტებს დაერიცხა გადამხდელის დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი. დადგინდა, რომ დღგ-სგან გათავისუფლებულმა ბრუნვამ შეადგინა 410 193 ლარი, ხოლო, იმპორტირებული ღორის ხორცის რეალიზაციით მიღებულმა ბრუნვამ შეადგინა 1 302 836 ლარი.

შემოწმების მიერ, მითითებული გამოსავლიანობის ნორმებზე დაყრდნობით დოკუმენტური რეალიზაციის გარეშე დარჩენილ გულ-ღვიძლსა და თავ-ფეხის რაოდენობაზე, გავრცელდა საბაზრო ღირებულება. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ საწარმოს ჩასათვლელ დღგ-ში გათვალისწინებულ იქნა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ (რომლის ჩათვლასაც გადამხდელი ვერ ახერხებდა არაკვალიფიციური სტატუსის გამო).

● ვინაიდან საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არასრულყოფილია და შემოწმების მიერ მოხდა სამეურნეო ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმება განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურ შემოსავლებსა და ხარჯებს, შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით მიღებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი და დოკუმენტურად დაუსაბუთებელი ხარჯები. ზემოაღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი ფულის ნაშთი, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე ბრძანების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 71%-ს, საწარმოს მიერ ღორის ხორცის რეალიზაციის გაწერილ ზედნადებებში/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაბეგვრის კატეგორიაში მითითებულია, როგორც ჩვეულებრივი, ასევე დღგ-სგან გათავისუფლებული დაბეგვრის ტიპი. შპს „------" და შპს „-------" მიერ შეძენილი ღორის ხორცპროდუქტების ჯამური ღირებულებაა 397 175 ლარი, რომელზეც გაწერილია ნულოვანი დაბეგვრის ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმებამ 2024 წელს გადასახადის გადამხდელისგან შეძენილი ღორის ხორცის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა ორივე მყიდველისაგან. შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი განეკუთვნებოდა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციას. შესაბამისად, შემოწმების მიერ, აღნიშნულ მიწოდებაზე გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი და მოცემული საქონლის მიწოდება გათავისუფლდა დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულ ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 339 173 ლარის ოდენობით, საიდანაც 157 695 ლარი წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული საწარმოს მიმართ მოთხოვნას. შემოწმების მიერ მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს ბუღალტრულ ბაზაში 164 683 ლარის დებიტორულ მოთხოვნად რიცხული თანხა მყიდველი მხარის მიერ სრულად არის დაფარული, ხოლო, შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებული კომპანიისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას დავალიანების შესახებ და ყველა შეძენილი საქონლის ხარჯი გადახდილი აქვს სრულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, დებიტორული დავალიანება, 322 379 ლარი, შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის სექტემბრის და ნოემბრის თვეებში ------- შემოყვანილი ჰყავს 1 291 ცალი ცოცხალი ღორი, რომლის დაკვლას და შემდეგ დაჭრილი ხორცის რეალიზაციას ახორციელებდა. შემოწმების მიერ, სასაკლაოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ტერიტორიაზე დაკლული და რეალიზებული ცხოველის რაოდენობის შესახებ, თუმცა ინფორმაცია შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს კუთვნილ ობიექტში სახელმწიფო კონტროლი არ განხორციელებულა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია არასრული ბუღალტრული პროგრამა, რომლითაც ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, საქონლის გამოსავლიანობის და დანაკარგების ნორმები, ამასთან, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება გადამხდელის სამეურნეო ოპერაციებში ასახულისაგან განსხვავებული ინფორმაცია, შესაბამისად, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა სარეალიზაციო სმფ-ის რაოდენობა, რომელსაც გამოაკლდა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია და ნაშთად არსებულ ხორც-პროდუქტებზე გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი. შედეგად, დადგინდა, რომ დღგ-სგან გათავისუფლებულმა ბრუნვამ შეადგინა 410 193 ლარი, ხოლო, იმპორტირებული ღორის ხორცის რეალიზაციით მიღებულმა ბრუნვამ შეადგინა 1 302 836 ლარი. ასევე, შემოწმების მიერ, შესაბამისი გამოსავლიანობის ნორმებზე დაყრდნობით დოკუმენტური რეალიზაციის გარეშე დარჩენილ გულ-ღვიძლსა და თავ-ფეხის რაოდენობაზე გავრცელდა საბაზრო ღირებულება და შესაბამისად განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია არასრული ბუღალტრული პროგრამა, რომლითაც ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, საქონლის გამოსავლიანობის და დანაკარგების ნორმები, ამასთან, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა გადასახადის გადამხდელის სამეურნეო ოპერაციებში ასახულისაგან განსხვავებული ინფორმაცია, აგრეთვე, მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას დებიტორული დავალიანებისა და განკარგვადი ფულადი ნაშთის მიმღებ პირად -------- განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №13232 ბრძანების საფუძველზე შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 2024 წლის 6 სექტემბრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ------- საწარმოს რეგისტრაციის დღიდან დღემდე ფიქსირდება კომპანიის დამფუძნებლად, ხოლო 2024 წლის 13 დეკემბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით კი საწარმოს დირექტორად. ამდენად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანებისა და განკარგვადი ფულადი ნაშთის მიმღებ პირად ------- განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა საგამოძიებო სამსახურში წარდგენილი განცხადება, რომლითაც საწარმოს დირექტორი ------- ითხოვს ყოფილი დირექტორის ------- მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ქმედედების განხორციელების დაწყებას, თუმცა დავის წარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი სხვა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დებიტორული დავალიანებისა და განკარგვადი ფულადი ნაშთის მიმღები პირის ცვლილების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 71%-ს, საწარმოს მიერ ღორის ხორცის რეალიზაციის გაწერილ ზედნადებებში/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაბეგვრის კატეგორიაში მითითებულია როგორც ჩვეულებრივი, ასევე დღგ-სგან გათავისუფლებული დაბეგვრის ტიპი. შპს „-------" და შპს „-------" მიერ შეძენილი ღორის ხორცპროდუქტებზე გაწერილია ნულოვანი დაბეგვრის ანგარიშფაქტურა. შემოწმების მიერ, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ორივე მყიდველისგან 2024 წელს გადასახადის გადამხდელისგან შეძენილი ღორის ხორცის წარმომავლობის შესახებ. მოწოდებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი განეკუთვნებოდა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციას. შესაბამისად, აღნიშნულ მიწოდებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გავრცელება და მოცემული საქონლის მიწოდების დღგსგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლას და აღნიშნული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

3. ღორის ხორცის ნაწილში სასაქონლო ზედნადების/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაბეგვრის კატეგორიაში მითითებული საქონლის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციად კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, საიდანაც ნაწილი წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული საწარმოს მიმართ მოთხოვნას. შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებული კომპანიისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას დავალიანების შესახებ და ყველა შეძენილი საქონლის ხარჯი გადახდილი აქვს სრულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, დებიტორული დავალიანება, შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

2. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია არასრული ბუღალტრული პროგრამა, რომლითაც ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, საქონლის გამოსავლიანობის და დანაკარგების ნორმები, ამასთან, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა გადასახადის გადამხდელის სამეურნეო ოპერაციებში ასახულისაგან განსხვავებული ინფორმაცია, აგრეთვე, მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დადგინდა დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა; გამოსავლიანობის ნორმებზე დაყრდნობით დოკუმენტური რეალიზაციის გარეშე დარჩენილ გულ-ღვიძლსა და თავ-ფეხის რაოდენობაზე, გავრცელდა საბაზრო ღირებულება და განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად გაანგარიშებული იქნა განკარგვადი ფულის ნაშთი, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

3. შემოწმებათ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზე გავრცელებული არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი და აღნიშნულ ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163