გადაწყვეტილება №25166/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25166/2/2025
28 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 12.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25166/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტაციის თარიღი;
2. ჩასათვლელ თანხებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №006-37 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 110 239.37 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 71 643.40
ჯარიმა - 26 268.59
საურავი - 12 327.38
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ----ში, იჯარით აღებულ ფართში საკონდიტრო ნაწარმის წარმოება (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელები და ა.შ.). შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №3930 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 13 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 20 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №5581 ბრძანება და №006-37 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 110 239.37 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 13 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საწარმო, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №006-37 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტაციის თარიღი
ფაქტების აღწერა
კომპანია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ ყოფილა, თუმცა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, უწევდა 2023 წლის 27 მაისს. საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 24 აპრილს 11:20 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 158-ე, 165-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა. შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ სანქციებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №006-37 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადა არასწორად არის განსაზღვრული, რის გამოც გაზრდილია დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანი ითხოვს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის სწორად განსაზღვრას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა და საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2023 წლის 27 მაისს, თუმცა მომჩივანი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადა არასწორად არის განსაზღვრული, თუმცა არ წარმოადგენს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველი. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ჩასათვლელ თანხებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე, 174-ე, 175-ე, 176- ე და 180-ე მუხლებზე. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გათვალისწინებას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ დაუდასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა დადასტურებაც ვერ მოხერხდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის გამო.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში და განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ დაუდასტურებელი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დადასტურება ვერ მოხერხდა არაკვალიფიციური სტატუსის გამო. მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების სრულად ჩათვლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ დღგ-ის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ დაუდასტურებელი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დადასტურება ვერ მოხერხდა არაკვალიფიციური სტატუსის გამო და ითხოვს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების სრულად ჩათვლას.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტაციის თარიღი;
2. ჩასათვლელ თანხებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გაუთვალისწინებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობაა იჯარით აღებულ ფართში საკონდიტრო ნაწარმის წარმოება (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელები და ა.შ.). კომპანია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ ყოფილა, თუმცა დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, უწევდა 2023 წლის 27 მაისს. შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 175; 176.