ბრძანება N 21616
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21616
04.09.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------ -------------- -ს (ს/ნ ---------)
(მის.: --------------------------------)
2023 წლის 17 აგვისტოსს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა ------ -------------- -ს (ს/ნ ---------) №140531/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №EL216798 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11112/574 საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, საბაჟო დეპარტამანტმა ჩათვალა, რომ განადგურებული იყო საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაწილი (ნახშირი) და აღნიშნული დანაკლისი მებაჟე ოფიცრის მიერ მიჩნეულ იქნა ტვირთის განკარგვად.
მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ტვირთის ნაწილი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა, რასაც ადასტურებს -----ის რაიონული სამმართველოს -----ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის 2023 წლის 17 ივლისის ცნობა (№ ----- ---), სადაც აღნიშნულია რომ ტვირთი განადგურდა ჩახურების შედეგად თვითაალების გამო.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და მათ საფუძველზე გადახდილი თანხა დაუბრუნდეს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 ივლისს გაფორმების ეკონომიკური ზონა „--ის“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა ----ის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ----/-----, რომელსაც მართავდა -----ის მოქალაქე ---- ------ა (----- ----------ა, პ/ნ ------, პასპ. №-------). აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაიზიდებოდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი საბაჟო გამშვები პუნქტი ,,-------------ან“ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,-----ის“ დანიშნულებით. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოწერილ იქნა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა №------/----- (04.--.2023).
გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,-----ის“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას ავტომობილის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილი იყო შეღწევადი იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით განხორციელდა საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, ნახშირის - ბრუტო წონა: 1870 კგ/ ნეტო წონა: 1818 კგ, საბაჟო ღირებულება - 1404.69 ლარი (საქონლის ფაქტურული ღირებულება: 623.83 ლარი, ტრანსპორტირების ღირებულება - 780.86 ლარი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 ივლისს შედგენილ იქნა №EL216798 და №EL216836 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით -------) მძღოლს -------ის რესპუბლიკის მოქალაქე ---- ------ას (პასპ. №-------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა 252,84 ლარის ოდენობით.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე, 272-ე მუხლების და საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად გამოიცა №EL11112/574 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი ჯამში 254,48 ლარის ოდენობით.
საჩივარი წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით (15.--.2023წ.)
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
იმავე მუხლის მუხლის მე-4 ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და პირველი შესაძლებლობისთანავე წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან კანონით განსაზღვრული პირის მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი უპირობოდ ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობანაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა/განადგურება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (166-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და პირს ასევე წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე და საურავზე. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია და ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ვალდებულება და საურავი მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------ -------------- -ს (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 17 ივლისის №EL216798 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და მათ საფუძველზე გადახდილი თანხა დაუბრუნდეს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონის კონტროლის ზონაში გამოცხადდა ავტოსატრანსპორტო საშუალება , რომელსაც მართავდა მომჩივანი.
აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაიზიდებოდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი . საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოწერილ იქნა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა .
გაფორმების ეკონომიკური ზონის კონტროლის ზონაში შემოსვლისას ავტომობილის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო ნაწილი იყო შეღწევადი იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით განხორციელდა საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა საქონლის დანაკლისი.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლს (მომჩივანს) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე, 272-ე მუხლების და საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი.საჩივარი წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2 „დ“); 272; 302(6);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 49 (1 „ა“ , 2 „ა“); 70(1,2,4); 73(1 „ა“ ); 100 (7); 163(1 ,11); 166(3); 172;
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3)-ის 1(1,3);